„ნატვრის ხეზე აკინძული პოეზია“ – ღონისძიება მეხუთე საჯარო სკოლაში

0

13016645_1037930902962985_90201481_oმეხუთე საჯარო სკოლაში ერთ თვეზე მეტია სხვადასხვა სახის შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები ტარდება, სადაც ჩართულები  არიან სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.  კვირეულის ფარგლებში ქართული ენის კათედრის  მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დღეს ლეონიძის „ნატვრის ხეზე აკინძული პოეზია’’ წარმოადგინეს. სანთლის შუქი და მუსიკა მეტად შთამბეჭდავს და საინტერესოს ხდიდა საღამოს. ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს XX საუკუნის ცნობილი მწერლის და პოეტის შემოქმედება, მხატვრულად წარმოადგინეს გოგლას ბიოგრაფია, მისი ნაწარმოების გმირები, კოლეგები, მეგობრები და კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული საღამო აჩუქეს საზოგადოებას. ლიტერატურული საღამო დედა ენის დღეს მიეძღვნა, რომელიც სასწავლო ნაწილის გამგის ჯული გავაშელიშვილის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

„ერთ თვეა გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. ყველა საგნის კათედრა ერთკვირიანი პროგრამით იღებს მონაწილეობას. ქართული ენის კათედრამ სხვადასხვა სახის საღამოები მოვაწყვეთ და დღეს ფართო საზოგადოების წინაშე   გიორგი ლეონიძის შემოქმედებით წარვსდექით. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ასაკით პატარები არიან, იცნობენ ლეონიძის შემოქმედებას, იყვნენ პატარძეულში ექსკურსიაზე, სწორედ იქ მიღებული შთაბეჭდილებებით, დიდი ენერგიით და მონდომებით მოვამზადეთ ღონისძიება და ვფიქრობთ, გამოგვივიდა. უამრავი მადლობა და თბილი სიტყვა მივიღეთ საზოგადოებისგან. მადლობა ყველას ასეთი შეფასებისთვის.’’-აღნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა  ჯული გავაშელიშვილმა.

მადონა ლომსაძე, მე-5-ე საჯარო სკოლის დირექტორი:

-ამაყი ვარ, დიდხანს  გამყვება ეს  სიამოვნება და ემოცია, რაც ამ ღონისძიებაზე მივიღე.  როდესაც პროგრამას გავეცანი, ცოტა არ იყოს  შემეშინდა, რადგან ეს ბავშვები ლეონიძის შემოქმედებისთვის ძალიან პატარები არიან. დამეთანხმებით, იმაზე მეტი გამოვიდა, ვიდრე  ვფიქრობდი.

კლარა ქინქლაძე, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი:

-დახვეწილი გემოვნებით და შთაგონებით დაგვიხატეს ამ ბავშვებმა ლეონიძის შემოქმედება,  ვერ ვმალავ შთაბეჭდილებებს, სიტყვებს ვერ ვპოულობ მათი შეფასებისთვის.  კარგა ხანს არ დამავიწყდება ეს საღამო. მადლობა ბავშვებს, ორგანიზატორს, პედაგოგებს და დირექციას, ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის. ვისურვებდი ყველა სკოლაში ჩატარდეს ასეთი კვირეულები და კონკრეტულად, ეს ღონისძიება ნახოს მთელმა მუნიციპალიტეტმა.


Share.

Comments are closed.