15 მარტს №1 საჯარო სკოლამ ხანდაზმულ პედაგოგებსა და თანამშრომლებს, ვინც უკვე წლებია სკოლაში აღარ მოღვაწეობენ, ულამაზესი საღამო მოუწყო და თითოეული მათგანი იმ სამყაროში დააბრუნა, სადაც წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ.
ღონისძიებაში სახელწოდებით „სკოლა არ გივიწყებთ“ ყველა ის მოსწავლე იყო ჩართული, ვინც გამოირჩევა ცეკვით, სიმღერით, მხატვრული კითხვით.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, რომლებმაც გულთბილად გაიხსენეს ყველა ის პედაგოგი, ვისთანაც მოუწიათ მუშაობა.
ღონისძიების იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი სკოლის დირექტორი ქალბატონი ირმა წაქაძე იყო, რომელიც 14 წლის წინ ასეთივე ღონისძიებით მოეფერა ხანდაზმულ პედაგოგებს.
„ეს იდეა 14 წლის წინ დაიბადა, მაშინ დირექტორის მოადგილე ვიყავი. ძალიან თბილი საღამო იყო და წლების შემდეგ. ყველას კარგად ახსენდებოდა ის პედაგოგები, რომლებიც მაშინ მოვიწვიეთ, უმეტესობა ცოცხალი აღარ არის. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამას ისახავდა მიზნად, რომ კიდევ ერთხელ მოვფერებოდით იმ ამაგდარ ადამიანებს, ვინც წლობით ემსახურა ჩვენს სკოლას. ღონისძიება შედგა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე 70 წლის იუბილე მივულოცეთ ნუნუ ტატუაშვილს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას იუბილეს და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს“. -აღნიშნა №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.