ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ გულბენესა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0

1915652_1128304763897308_7851482050345054540_nბოლნისის მუნიციპალიტეტს დღეს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკიდან ოთხკაციანი დელეგაცია ეწვია. საპატიო სტუმრებს შორის არიან: ქალაქ გულბენეს მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ედიტ  სილკენა, ქალაქ გულბენეს  ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ვალდა ვორზა და ფოტოხელოვანი სანდრა დიკმენე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ფოიეში ქალაქ გულბენეს მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ედიტ  სილკენამ და   ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება განავითარონ მეგობრული ურთიერთობა ბოლნისისა და გულბენეს მოსახლეობას შორის. ასევე ხელი შეუწყონ კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას გულბენეს  თეატრსა და ბოლნისის მუნიციპალურ  თეატრს  შორის, გაუზიარონ ერთმანეთს სპეციალისტთა გამოცდილებები განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სტუმრებისთვის ბასა ჯანიკაშვილის პიესაზე შემქნილი სპექტაკლის ,,სულიკოს“ ჩვენება მოეწყო, რომელსაც სტუმრებთან ერთად პიესის ავტორიც ესწრებოდა.

ლატვიიდან მოწვეული სტუმრები ხვალ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებს  დაათვალიერებენ და ქალაქს დატოვებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრალური დასი 2015 წელს ქალაქ გულბენეში თეატრალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც ალექს ჩიღვინიძის ,,სიკვდილის დღის საჩუქარი“ წარადგინეს. სწორედ ამ ფესტივალზე გულბენეს სამხატვრო სკოლის დირექტორმა და ფოტოხელოვანმა სანდრა დიკმენემ მსახიობების ოსტატობა ფირზე აღბეჭდა და დღეს ფოტოები საჩუქრად ბოლნისში ჩამოიტანა.


Share.

Comments are closed.