ინკლუზიური განათლების გაძლიერების კუთხით 4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

0

12825234_1013095542113188_1513238290_nარასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია მაკლეინის ასოციაციამ  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების მოწვევითა და ორგანიზებით, ინკლუზიური განათლების გაძლიერების კუთხით 4 დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის დროს განხილული იყო განვითარების დარღვევები, 2-დან 6 წლამდე ბავშვის განვითარების ნორმები, ემოციური სფეროს სირთულეები, ქცევის მართვისა და ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიები. მაკლენის ასოციაცია ბავშვებისთვის 2008 წლიდან მუშაობს სკოლებთან და სკოლამდელ დაწესებულებებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ტრენინგს ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის #6, #4, #1, #5, #2, #3, დაბა კაზრეთის, ბალიჭის, რატევნის, ტანძიის, სოფელ ქვეშის, დაბა თამარისის ბაღების აღმზრდელები და სხვა სპეციალისტები, რომელთა საერთო რაოდენობა 26 მონაწილით განისაზღვრა. ტრენინგი დღის მანძილზე ოთხსაათნახევარი გრძელდებოდა,  დასწრება უფასო და სავალდებულო იყო. ბოლო დღეს კი,  ვინც წარმატებით ჩააბარა ტესტირება,სერთიფიკატები გადაეცათ.

ინგა ჯოხაძე, დაბა თამარისის საბავშვო ბაღის  აღმზრდელი:

– ძალიან კმაყოფილები ვართ, მივიღეთ  კარგი ინფორმაცია, გავეცანით ბავშვების ფსიქოლოგიურ მხარეს და ვფიქრობთ, ძალიან შედეგიანი იყო. ამ ტრენინგის საშუალებით უფრო გაგვიადვილდება ბავშვებთან ურთიერთობა.

ნინო ლომიძე, ნეიროფსიქოლოგი:

ჩვენ ვართ მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის, ამ შემთხვევაში ბოლნისის ბაღების გაერთიანების მოწვევით  ჩამოვედით. მსგავსი ტრენინგები ემსახურება  სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებს,  როგორ უნდა ჩავრთოთ ისინი  სხვადასხვა აქტივობებში,  მასწავლებლებმა რა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი უკეთესად იყვნენ ჩართულნი და კარგად გაიარონ ის პროგრამები, რაც აქვთ გასავლელი. მასწავლებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორ უნდა ჩაერთონჯგუფურ აქტივობებში ისეთი ბავშვები, ვისაც სხვადასხვა ტიპის სირთულე აქვს.

ლელა გოგმაჩაძე, სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის ხელმძღვანელი:

– 2015 წლიდან  ინტენსიურად ვმართავთ  ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება ამ ტრენინგს, მართალია ის არის ინკლუზიური მიმართულებით, მაგრამ ჩვეულებრივად შეიძლება  ეს მეთოდები გამოვიყენოთ ნებისმიერ ბავშვთან ურთიერთობაში. რაც შეეხება ინკლუზიურს,   რეალობაა ის, რომ ასეთი ბავშვები ყოველთვის ჩაკეტილები და მოწყვეტილები იყვნენ. მიმღებლობა არ ქონდა საზოგადოებას და  დადგა  დრო, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ არავის აქვს უფლება, ეს ბავშვები რაღაც ნიშნით  გამოვყოთ და დავჩაგროთ. ამიტომ აუცილებელია, რომ ნებისმიერ აღმზრდელს   ჰქონდეს თეორიული ცოდნა,   თუ როგორ შეიძლება  მათთან ურთიერთობა.  როდესაც ასეთი ბავშვები არიან საბავშვო ბაღში, უნდა შედგეს  ინდივიდუალური,  ბავშვზე მორგებული  პროგრამა, ეს კი  ბავშვს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ  გახდეს  საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.


Share.

Comments are closed.