ბოლნისის „ყოჩები“ „დიდი 10“-ის მე-16 ტურში თბილისის „ლოკომოტივთან“ მცირედით დამარცხდა

0

12495937_489917041210380_7876201315528044187_oბოლნისის „ყოჩები“ „დიდი 10“-ის მე-16 ტურში უშუალო კონკურენტ თბილისის „ლოკომოტივთან“ მცირედით დამარცხდა, 6-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეუწყდა და რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულების შანსიც, ახლაც მხოლოდ მასზე დამოკიდებული აღარაა.

იყო შანსი იმისა, რომ საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე, თემურ სოხაძეს 45 მეტრიდან ჯარიმის კარში გატანა და ანგარიშის გათანაბრება ეცადა, მაგრამ „ყოჩებმა“ ფრისთვის გარისკვას ლელოზე თამაში არჩია, არ გაუმართლა და 8:11 დამარცხდა. შესაძლოა, კარში დარტყმაზე უარის თქმის მიზეზი ისიც იყო, რომ დღეს გუნდის საუკეთესო მექულებს დარტყმები არ მისდიოდა, მაგრამ არ ვარგოდა დერეფანიც და საბოლოოდ, ბოლნისელების მარცხიც ამან განაპირობა.

„ყოჩებმა“ შეხვედრა ჰავბეკის გარეშე ჩაატარა, რადგან გიორგი ბეგაძე წინა დღეს ეროვნულ გუნდთან ერთად სოჭში რუსეთს ამარცხებდა, ხოლო გიორგი კაჭარავა ტრავმირებულია. შედეგად, ეს პოზიცია ირაკლი გეგენავამ შეითავსა და მთლიანობაში, ბევრი არაფერი დაუშავებია, მაგრამ ჯამში გუნდი მაინც დაზარლდა, თუნდაც იმით, რომ ფლანგზე სწრაფი გარემარბი, გასული ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე დააკლდა.

შეხვედრა დაძაბული, კარგი საყურებელი გამოდგა. ერთმანეთის წინაშე ორი თანაბარძალოვანი გუნდი იბრძოდა. შერკინებაში გადამწყვეტი უპირატესობა ვერავინ მოიპოვა, მაგრამ გუნდმა კარგად იმუშავა რაქებში, შეტევით მოლში და ყველაფერი ჩადო დაცვაში. მაგრამ იყო შეცდომები, რომელთა ნაწილი ზევით უკვე ვახსენეთ და ამან წარმატებული სერიის გაგრძელების საშუალება არ მოგვცა.

თამაში „ლოკომოტივის“ აქტიურობით დაიწყო, რომელიც სწრაფი უკანახაზელების ხარჯზე ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ანგარიში „ყოჩებმა“ გახსნა, როდესაც თემურ სოხაძე დაახლოებით 35 მეტრიდან, კარიდან მარცხნივ, ჯარიმა გაიტანა. დიმიტრი კალანდაძემ ჯარიმითვე წონასწორობა 10 წუთში აღადგინა და თამაშიც გათანაბრდა, მაგრამ ბოლნისელებმა შეცდომა დაუშვეს, შეტევის ორგანიზებისას ბურთს ვერ გაუფრთხილდნენ, მოედნის ცენტრთან დაკარგეს, ზურაბ ძნელაძემ ფეხი წაკრა და მიყვა. მას გიორგი ხარშირაძემ დაასწრო, მაგრამ მიყოლამ დააგვიანა, „ლოკომოტივმა“ იერიში მარცხნივ გაშალა, სადაც მეტობა ჰქონდა და მძლავრი გიორგი გეგია ლევან გოგოლაშვილმა ვეღარ შეაჩერა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და ახლა „ყოჩები“ გადავიდა შეტევაზე. 30-ე წუთზე დავით გრძელიშვილმა დერეფანში მოიგო ბურთი და კარგი მოლი დააყენა, რომელიც სალელოვედ დაიძრა და თბილისელებმა განზრახ ჩააქციეს, უპირატესობაზე ირაკლი გეგენავამ შეტევა საპირისპირო ფლანგზე გაშალა და გოგოლაშვილს უფრო მარცხნივ ალექსი ხუციშვილზე პასი რომ გაეკეთებინა, ლელო გარდაუვალი იქნებოდა. ოთხ წუთში თითქმის იმავე ადგილზე დერეფანში ბურთი კვლავ გრძელიშვილმა მოიგო, ამჯერად „ლოკომოტივი“ მის ჩაქცევას მოერიდა [სინბინით რომ არ დასჯილიყო] და ჯაბა კიკვიძემ საპასუხო ლელო დადო. სოხაძეს გარდასახვა გაუცუდდა. ტაიმის ბოლოს ხუციშვილი მაღალი ბოჭვისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა, „ლოკომოტივმა“ რიცხობრივი მეტობის გამოყენება სცადა და ლელოზე ითამაშა, მაგრამ „ყოჩებმა“ თავი დაიცვა, მერე კალანდაძე 55 მეტრიდან ჯარიმის გატანას ამაოდ ეცადა და ტაიმი 8:8 დასრულდა.

მეორე ნახევარი კაცნაკლულმა ბოლნისელებმა უკეთ დაიწყეს, ნიკა ჩხიკვაძემ ხაზი გაჭრა და შეტევას 22-ის ხაზთან, გასატან პოზიციაზე ჯარიმა მოყვა, მაგრამ სოხაძის დარტყმული ძელმა აისხლიტა. მერე კონტრშეტევა გოგოლაშვილმა და ხუციშვილმა წამოიღეს და სოხაძეს არეკნი გაუცუდდა. რამდენიმე წუთში გასატანი პოზიციიდან ჯარიმა კალანდაძესაც გაუცუდდა, დასკვნით წუთებში კი, ინიციატივას მეტოქე დაეუფლა. ბოლნისელებმა შეძლეს და „ლოკომოტივის“ დაახლოებით 10-წუთიანი მიძალება მოიგერიეს, თუმცა 75-ე წუთზე ეს ჯარიმის ხარჯზე შეძლეს, თბილისელებმაც დამრტყმელი შეცვალეს და ბექა წიკლაურმა თავისიანები 11:8 დააწინაურა.

„ყოჩებმა“ შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა და 22-შიც შევიდა, მაგრამ არაზუსტმა გადაწყვეტილებამ უკან დახევა გამოიწვია. მერე იყო ჯარიმა, რომელიც სოხაძემ აუტში გადაიტანა, მაგრამ დერეფანში შეცდომის შემდეგ, ბურთი მეტოქეს დარჩა და ბოლნისელებს ნუგეშად მხოლოდ 1 ქულა დარჩათ.

ამრიგად, „ყოჩებმა“ მეოთხე ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ წინსვლის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. დასკვნით ორ ტურში ამის შანსი მაინც რჩება, ოღონდ ახლა უკვე სხვა მატჩების შედეგებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. და მაინც, ამით ბევრი არაფერი იცვლება. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მეოთხე პოზიციის შენარჩუნება შეძლოს, რათა პლეი ოფის პირველ ეტაპზე ბათუმში, ან ქუთაისში მგზავრობა აირიდოს ფინალისკენ მავალმა გრძელმა გზამ, ეგებ უკეთესი შედეგიც გამოიღოს – გადამწყვეტ მატჩებს გუნდი ტონუსში, შეთამაშებული შეხვდეს.

 

დიდი 10. XVI ტური

13 მარტი

თბილისი. „შევარდენი“.

ლოკომოტივი [თბილისი] – ყოჩები [ბოლნისი] 11:8

ყოჩები: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ნიკა ცირეკიძე, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა [22. დავით ხიდეშელი70], 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. ირაკლი გეგენავა; 1. თემურ ჯინჭარაძე [17. ბაჩანა გოგიშვილი 47], 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ხოსიტაშვილი [16. გიორგი ჯაშიტაშვილი 56], 4. დემურ ეფრემიძე, 5. დავით გრძელიშვილი [19. რატი ურუშაძე 65], 6. მიხეილ გაჩეჩილაძე[20. გიორგი ტყეშელიაძე 56], 7. ჯაბა კიკვიძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.

1 ლელო: კიკვიძე

1 ჯარიმა: სოხაძე

1 სინბინი: ხუციშვილი

 

თბილისი. „ავჭალა“.

არმია [თბილისი] – ხარები [რუსთავი] 33:22

თბილისი. „ლელო“.

ლელო-სარასენსი [თბილისი] – ბათუმი [ბათუმი] 16:5

 

XVII ტური. 26-27 მარტი

ლოკომოტივი – აკადემია, ყოჩები – ლელო-სარასენსი, ბათუმი – არმია, ხარები – ჯიქი, აია – არმაზი

kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი


Share.

Comments are closed.