ქართული ხელოვნება, ქართული ღვინო, ქართული ტურიზმი – ეს იმ საქმიანობის ჩამონათვალია, რასაც კომპანია Makowski Rusa unternehmesberatung-ი გერმანიაში ქალაქ ბერლინში ეწევა.
რუსა სამნიაძე-მაკოვსკი ქალაქ თბილისში დაიბადა. დედულეთში – ბოლნისში გაიზარდა და ბერლინში, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. რუსა აქტიურადაა ჩართული ქართული კულტურის პოპულარიზაციის საკითხებში. აწყობს გამოფენებს საკუთარ გალერეაში, აქვს ასევე საკუთარი ღვინის მარანი „LiLi Wine“ და უამრავი გეგმა.
„მინდა ჩემს ბოლნისს დავეხმარო განვითარებაში, მინდა ყველამ გაიგოს ჩემი ლამაზი ქვეყნის კულტურა რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა“ – ამბობს რუსა.
როგორ მოხვდა გერმანიაში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ამაზე თავად მოგვიყვება.
– დავიბადე თბილისში, აქვე დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წავედი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტშიც ეკონომიკური განათლება მივიღე. ორივე უნივერსიტეტში ბოლონიური სწავლების სისტემა და საკმაოდ მაღალი დონე იყო.
– ბავშვობა ბოლნისში გაქვს გატარებული.
-კი, დედა ბოლნისელი მყავდა, ბაბუა წლებია გარდაიცვალა, ხოლო ბებო ლილი ბერძენაძე კი 2 წლის წინ. ბებიაჩემმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში. დედა 13 წლის წინ დაიღუპა, ავად იყო და ბებო წუთით არ გვტოვებდა. ბოლნისს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, ის უდარდელი ბავშვობა უკავშირდება, რომელიც არასდროს იშლება მეხსიერებიდან. ბოლნისში ბებოს სახლი ჩემი საკუთარი სახლივითაა, საქართველოში ჩემი ყოფნის პერიოდს თითქმის ბოლნისში ვატარებ. ვფიქრობ, სიბერეში მე და ჩემი მეუღლე ბოლნისში დავბრუნდებით და ვიცხოვრებთ.
– თქვენს ოჯახზე, მეუღლეზე გვიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– მყავს ორი შვილი, ბიჭი 5 წლისაა, გოგონა 2-ის, მეუღლე ძირძველი გერმანელი, პროფესიით ეკონომისტი და საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. განათლებული და წარმატებული ადამიანია თავის დარგში. გერმანიაში ჩამოსვლიდან მალევე გავიცანი და დავქორწინდით.
– როგორ ფიქრობთ, რით მოხიბლეთ?
– არ ვიცი, ალბათ ფიქრობდა რომ მისი მეუღლე კავკასიელი უნდა ყოფილიყო. ერთმანეთს სადგურზე ვხვდებოდით, მე უნივერსიტეტში მივდიოდი და ის სამსახურში, გამომელაპარაკა, კოორდინატები მთხოვა და ცოლობაც მალე შემომთავაზა. ჩემი მეუღლის ოჯახი განსხვავებულია აქაური ხალხისაგან, ძალიან თბილები არიან, უზომოდ უყვართ ქვეყანა და ტრადიციები. მეუღლის იდეა იყო, რომ ჩემი ქვეყანა უფრო ახლოს გამეცნო გერმანელებისთვის და პრეზენტაცია გამეკეთებინა. ასე დაიბადა კომპანია „მაკოვსკი“, რომელიც ქართულ კომპანიებს გერმანულ ბაზარზე პოპულარიზაციაში უწყობს ხელს. თავდაპირველად ჩვენი მიმართულება იყო ხელოვნება, ახლა უკვე გვაქვს გალერეა და ღვინის მარანი.
გალერეა „მაკოვსკი“ ბერლინში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე ფრიდრიხშტრასე 69 ნომერშია, აქვეა მარანი „LiLi Wine”. გალერეაში თითქმის ყოველთვიურად ახალ-ახალ შემოქმედებას ვეცნობით, ხელოვანთა 99% ქართველია, მათი გამოფენა 2-4 კვირამდე გრძელდება. ნებისმიერ ხელოვანს შეუძლია თავისი პორტფოლიო გამოგვიგზავნოს მისამართზე info@makowski-galerie.com. კომპანია განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ამახვილებს იმ თანამედროვე ხელოვანებზე, რომელებიც განსაკუთრებული კრეატიულობით გამოირჩევიან, სთავაზობენ ინოვაციურ შემოქმედებას და გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით. გალერეაში გამოფენილი ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხებით ვეხმარებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს და ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ყოფიერება. ამას წინათ ორი უნიჭიერესი მხატვრის რუსუდან ხიზანიშვილისა და ლაშა მახარაძის გამოფენა გავხსენით, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. გვყავს ყველა ასაკის დამთვალიერებელი.
– ღვინის მარანზე მოგვიყევით, რომელსაც ბებიის სახელი უწოდეთ.
– კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბებომ დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში და ის რომ მარანს „Lili Wine“ ვუწოდე შემთხვევითი არაა. მინდოდა მისი სახელი სხვებისთვისაც გამეცნო და უფრო მეტად დამეფასებინა. პირველ ეტაპზე ბოლნისური რქაწითელი ჩამოისხმება, თუმცა სხვა სახეობებზეც მიდის მუშაობა. „Lili Wine“ მარანმა უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა ბერლინში გამართულ მწვანე კვირეულში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ქართული ღვინის პოპულარიზაცია. პარალელურად ვმუშაობთ გამოფენებზე ტურიზმის კუთხითაც, ღვინის დეგუსტაციებზე და სხვა საღამოებზე, ამიტომ ბუნებრივია, რომ საქართველოსადმი ინტერესი ჩნდება. ტურისტული სააგენტო არ გვაქვს, მაგრამ დაინტერესებულ ხალხს საქართველოში ვაკავშირებთ იმ ადამიანებთან, ვინც ტურისტებს ინდივიდუალურ ტურებს სთავაზობს.
– როგორც ვიცი, გასულ წელს კახეთში სიმღერის კონკურსიც გამართეთ.
– კი, ნამდვილად ასეა, 2015 წელს თანადამფინანსებელი ვიყავი საგარეჯოში ჩატარებული მუსიკალური კონკურსისა, რომელიც ორგანიზებული იყო საქველმოქმედო ფონდი „თამარიანის“, კერძოდ კი ბექა გოგინაშვილის მიერ. სამომავლოდ ვგეგმავ საკუთარი საქველმოქმედო ფონდისა და „თამარიანის“ ერთობლივი ძალებით განვახორციელო აღმოსავლეთ საქართველოში ანალოგიური კონკურსი, რომელიც ბოლნისსაც მოიცავს. გეგმაში მაქვს საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი, მინდა ბოლნისში სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის გავხსნა დღის ცენტრი. დავეხმარო სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ვაწარმოებ სხვადასხვა მოლაპარაკებებს, რომელიც ითვალისწინებს ამა თუ იმ პროექტის დაფინანსებას. მე ბოლნისის აყვავებას შევეცდები, ჩემი მეგობარი ბექა კი კახეთის. გეგმა უამრავი მაქვს, პროექტიც, თებერვლის თვეში ჩვენ გალერეაში იგეგმება პირველი მინანქრის გამოფენა, ვაპირებ ღვინის რამოდენიმე ფესტივალზე მივიღო მონაწილეობა, რათა პოპულარიზაცია კიდევ უფრო მეტად გავუწიო ქართულ ღვინოს. ამჟამად ვარ აქაურ ქალთა საბჭოს წევრი და საქართველოს ქალთა საბჭოს წევრიც მალე გავხდები. წარდგენილი ვარ კონკურსში „წარმატებული ემიგრანტები“, რომლის დაჯილდოებაც 7-8 მარტს საქართველოში გაიმართება. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალებით და ქვეყნების აქტიური თანამშრომლობით შევძლებთ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოში.
დარეჯან ოქრუაშვილი
გაზეთი „ბოლნისი” 31.01.2016წ.