“სამხრეთ კავკასიაში გერმანული დასახლებების კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მოვლა-პატრონობა“ – თემაზე ტრენინგი გაიმართა

0

12655982_920346608080082_937703212_oისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციამ (იმსა) და „იკომოს“ საქართველო  (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ) ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში პედაგოგების, მოსწავლეების, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვის რიგით II ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის თემა იყო “სამხრეთ კავკასიაში გერმანული დასახლებების კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მოვლა-პატრონობა“ და ეძღვნებოდა გერმანული კოლონიების დაარსებიდან 200 წლის იუბილეს, რომელიც 2017 წელს გერმანიასა და საქართველოში აღინიშნება.

„წინა შეხვედრაზე გავაცანით სახელმძღვანელოები, რომელიც დამუშავდა ჩვენი ორგანიზაციების მიერ. ორი სხვადასხვა სახელმძღვანელო დავარიგეთ და დღეს უკვე მივიღეთ ერთგვარი უკუგება ამ პედაგოგებისგან, როგორ ხედავენ და რა პროექტები დაისახეს თავიანთ მოსწავლეებთან ერთად. ვფიქრობ ძალიან დიდი ენთუზიამია, ეს ჩვენთვისაც სტიმულია,  მითუმეტეს ისეთ  რეგიონში, სადაც  უხვადაა  ეთნიკური თუ სხვადასხვა ტიპოლოგიურად მრავალფეროვანი მემკვიდრეობა“.- განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა თევზაძემ.

ნონა მარტიაშვილი, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის პედაგოგი:

-ძალიამ მნიშვნელოვანია  დღევანდელი შეხვედრა, მითუმეტეს  ეთნიკურად ისეთ მრავალფეროვან გარემოში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ.  მნიშვნელოვანია პედაგოგების ჩართულობა. სასურველია  ახალი თაობა ამ მიმართულებით ჯანსაღ გარემოში აღიზარდოს და  მოხდეს შექმნილების სამზეოზე გამოტანა, ამ მიმართულებით საკმაოდ მდიდარია ბოლნისი. ჩვენ ვართ რატევანის საჯარო სკოლა, გვაქვს  ჰესი და ამ თემაზე გვინდა სერიოზული მუშაობა.

მარიამ გორდაძე, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლე:

– საინტერესო ტრენინგი იყო,  ბევრ ფაქტობრივ მასალას შეიცავდა, რაც მომავალში ძალიან გამომადგება.

ნანა ციხისთავი, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი:

– ვაკეთებთ ხოლმე სასწავლო რესურსებს სკოლებისთვის. ამჯერად დავასრულეთ მუშაობა ძალიან დიდ პროექტზე, შევქმენით და წამოვიღეთ საჩუქრად აქაური სკოლების, მუზეუმების და ბიბლიოთეკებისთვის. ჩვენი ძალიან დიდი რესურსია ხუთი ქვეყნის „კულტურათა გზაჯვარედინი“, სადაც  შესულია მასალები გერმანულ კოლონიებზე სამხრეთ კავკასიაში, ვაპირებთ  დიდ პროექტში მონაწილეობას. ჩატარდება გერმანული კოლონიების დაარსებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლისთვისაც ვაპირებთ  დავწეროთ როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის წიგნი, რომელსაც ფაქტობრივად დაერქმევა „მხარეთმცოდნეობის ისტორია ქვემო ქართლში“. შევა სკოლებში როგორც დამატებითი სასწავლო რესურსი, რომელიც გაამრავალფეროვნებს ისტორიას და კულტურის განათლების სპეციფიკას.

პარალელურად სასწავლო საქმისა, ჩაატარებენ კიდევ სამეცნიერო კვლევა-ძიებას და ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება საიმისოდ, რომ ქვემო ქართლში გააქტიურდეს საგანმანათლებლო კომპონენტი, ასევე სამუზეუმო და საბიბლიოთეკო საქმიანობა, რაც  ხელს შეუწყობს  რომ მოსახლეობაში  მეტად ამაღლდეს სამოქალაქო ცნობიერება და დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენახვისადმი.

ლია ბუბუტეიშვილი, სამუზეუმო კურატორი:

პროდუქტიული შეხვედრა იყო, ჩვენ მასპინძლები ვიყავით. უკვე მეორედ გვსტუმრობენ ქალბატონი მანანა თევზაძე და ნანა ციხისთავი.  თემა ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ გერმანელი კოლონისტების თემა ბოლნისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  სხვა საკითხებსაც შეეხნენ  და ყველაფერმა ერთად დიდი დაინტერესება გამოიწვია    დამსწრე  საზოგადოებაში.


Share.

Comments are closed.