რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ქალაქ ბოლნისში სამი ქუჩა კეთილმოეწყობა

0

1426577584_asfaltis-dageba

მერაბ კოსტავას, წმინდა ნინოს და ათონის ქუჩის კეთილმოწყობისთვის, საქართველოს მთავრობის №175 განკარგულებით, რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 368 080 ლარი გამოიყო. ქალაქის სამ ქუჩაზე მალე მწყობრიდან გამოსული საფარი აღდგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაწილობრივ დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, გაყვანილია სასმელი წყლის ქსელი და სანიაღვრე სისტემები. შიდა გზების კეთილმოწყობამდე , ადგილობრივი ბიუჯეტიდან  კანალიზაციის ქსელის მონტაჟი დაფინანსდება. მერაბ კოსტავას ქუჩაზე დაიგება ბოლნისში მოპოვებული ბაზალტის ქვა და განახლდება გაზონები, წმინდა ნინოსა და ათონის ქუჩა კი მოასფალტდება. დარჩენილი შიდა გზების მოწყობა მომავალ წელს იგეგმება.

„ეს სამი ქუჩა იმიტომ გახდა პრიორიტეტული, რომ უკვე მოწყობილია წყლის ქსელი და სანიაღვრეები, ასევე ცენტრალურ სასაფლაოსთან დამაკავშირებელი ქუჩები. სწორედ ამან განაპირობა პირველ ეტაპზე ამ მონაკვეთის კეთილმოწყობა. უკვე მზად გვაქვს კანალიზაციის სამუშაოების პროექტი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ველოდებით პასუხს, თანხმობის მიღებისთანავე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოების დაწყებაზე. სწორედ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის შემდეგ, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდება ქუჩების კეთილმოწყობა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

Share.

Comments are closed.