ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტის ფარგლებში სტუდენტები ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეცნობიან

0

4qt6vca0qzc5e26მარიამ ბერიძე, ნია მარკოზია, თინათინ ქართველიშვილი და  კიდევ ოთხი სტუდენტი ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტის ფარგლებში უკვე ერთი კვირაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებიან. შვიდი დღის მანძილზე ახალგაზდები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელს, მოადგილეებს, საკრებულოს თავმჯდომარეს. მოიარეს რამდენიმე სოფელი, გაესაუბრნენ მოსახლეობას,  მოისმინეს ის ძირითადი პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. მოიპოვეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაზე. შექმნეს ფოკუს ჯგუფები სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან და მათგან შეისწავლეს მუნიციპალიტეტში არსებული ათი ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემა. სტუდენტები რამდენიმე დღეში დატოვებენ ბოლნისს.

„ათი დღის მანძილზე შევისწავლით ბოლნისის მუნიციპალიტეტს, მოვიძიებთ ინფორმაციას. უკვე მოვიარეთ როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული და სომხური სოფლები, გავესაუბრეთ მოსახლეობას. ასევე შევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას. გზა, წყალი, გაზი – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც მათ დაასახელეს. აქ მოპოვებულ ინფორმაციას გავუკეთებთ ანოტაციას, დავასაბუთებთ, შემდეგ კი ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე დავწერთ პროექტს, გავწერთ მისი მოგვარების გზებს, მოწონების შემთხვევაში დავჯილდოვდებით ორგანიზაციის მიერ, მუნიციპალიტეტს კი შეეძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ჩვენი პროექტი გამოიყენოს“, – აცხადებენ სტუდენტები.

პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში თვითმმართველობის საკითხებში პროფესიონალების მომზადებას და ჩართულობას.

კონკურსის შედეგად შერჩეული 52 გუნდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდა, რომლებიც სწავლობენ და შემდგომ მოამზადებენ ანალიტიკურ დოკუმენტს „მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები“, ერთ კონკრეტულ პრობლემაზე კი შეიმუშავებენ პროექტს, „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა“, სადაც ასახული იქნება პრობლემის დაძლევის გზები და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა კონკურსში გამარჯვებულს პრიზებს ორგანიზაცია „მოქალაქე“ გადასცემს. სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.

Share.

Comments are closed.