მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ,,ღვინის აკვანი“-ს ჩვენება მოეწყო

0

12714134_926551144126295_431351903_nბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამის ,,სკოლა და მუზეუმის“ ფარგლებში რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის შემეცნებითი ხასიათის დოკუმენტური ფილმის ,,ღვინის აკვანი“ ჩვენება მოეწყო. ფილმი მუზეუმს არუხლოს ექსპედიციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გურამ მირცხულავამ გადასცა. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ჯემალ ბაღაშვილი. ჩვენება მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ადრე სამიწათმოქმედო კულტურის გაცნობას.

,,ქვემო ქართლი წარმოგვიდგება მეღვინეობისა და მევენახეობის უძველეს ცენტრად, სადაც ძვ.წ.აღ.ით VII-VI-ე ათასწლეულიდან მოყოლებული რამდენიმე ძეგლზე (შულავერის გორა, არხულოს გორა და სხვა) გვხვდება ღვინის დამზადების მთელი რიგი ნიშნები: კულტურული ვაზის წიპწები, თიხის ჭურჭლის ნატეხებზე აღმოჩენილი ღვინის დანალექი და სხვა. შულავერის გორაზე აღმოჩენილი ქვევრი, რომელსაც მეცნიერები ქვევრის წინაპარს უწოდებენ, დაცულია ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში. ეს ქვევრი იქნა გაგზავნილი ამერიკაში პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში და დასკვნებით ცნობილი იქნა, რომ ქვევრში იყო ღვინის დანალექი,  რაც იმას ადასტურებს,  რომ ქვემო ქართლი არის უძველესი ტრადიციების მქონე მხარე მთელ მსოფლიოში. აქ მცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრობენ ისტორიულ მხარეში, სადაც ცივილიზაციის განვითარების უძველესი კერა ადრე სამიწათმოქმედო კულტურაში, იყო ქვემო ქართლი.“ აღნიშნა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მკვლევარმა მაია ქართველიშვილმა.

ჩვენებას  კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


Share.

Comments are closed.