მალაღურაძის 14 ქულა

0
lelosInstoryლაშა მალაღურაძის მიერ შესრულებული რვა გარდასახვიდან, შვიდი ზუსტი იყო და ბოლნისის „ყოჩების“ მიერ აღზრდილი მორაგბე საქართველოს ნაკრებს გერმანელთა ძლევაში 14 ქულით შეეწია.
ეს 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში მოხდა, რომლის მსვლელობისას „ბორჯღალოსნებმა“ გერმანელებს ერთის საპასუხოდ 9 ლელო გაუტანეს, 59:7 გაანადგურეს და პრემიალური ქულა პირველსავე ტაიმში ჩაიწერეს. მალაღურაძემ თამაში შუამარბად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. გარდასახვების კარში დარტყმების გარდა, ის აქტიურად მონაწილეობდა შეტევების ორგანიზებაში და მესამელელო მისი დროული და კარგი პასის შედეგად გავიდა.
მისი მეწყვილე ასევე „ყოჩების“ აღზრდილი დავით კაჭარავა იყო, რომელიც სრულად გაისარჯა და მოიხვეჭა 88-ე სანაკრებო კეპი, რითაც „ბორჯღალოსანთა“ რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლიდერ მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდა. კაჭარავა აქტიურობდა და რამდენჯერმე გაჭრა მეტოქის დაცვის ხაზი, მაგრამ სამწუხაროდ ლელომდე ცოტა დააკლდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, ბურჯი კარლენ ასიეშვილი შეცვლაზე 47-ე, ხოლო 9 ნომერი გიორგი ბეგაძე მე-60 წუთზე შევიდა.
თამაშის დღეს თბილისში კარგი დარი იყო, „ავჭალის“ სტადიონი პირთამდე შეივსო, „ბორჯღალოსნებს“ ტაიმების დებიუტში დალაგება გაუჭირდათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მე-7 წუთზე გერმანია ქართველთა შეცდომის წყალობით დაწინაურდა. „ბორჯღალოსნებმა“ ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღეს და ხელდახელ სცადეს შეტევა, მარჯვენა ფლანგზე მეტობაც შეიქმნა და გიორგი ფრუიძე გაიქცა, რომელმაც ბოლო მცველთან კონტაქტში შესვლას ფეხით თამაში არჩია, მაგრამ ბურთი ოლივერ პეინს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა და ლელომდე 55 მეტრი დაუბრკოლებლივ ირბინა. გარდასახვის შემდეგ ანგარიში 0:7 გახდა.
მასპინძლებმა მალევე უპასუხეს და შალვა სუთიაშვილი ზედ კარის წინ მიეძალა, მაგრამ მიმყოლი არავინ გამოჩნდა. მერე მას ბურთი წინ დააგდებინეს, თუმცა ქართველთა შერკინებამ იმძლავრა, შერკინებაში ბურთის შეგდების უფლება თავად მოიპოვა, მერე ბურთი ახალგაზრდა ბექა გორგაძემ დაამიწა, მაგრამ რეფერი სიტუაციაში ვერ გაერკვა 5-მეტრა შერკინება ახლიდან დანიშნა. ამჯერად გორგაძემ უფრო ადრე გაიტანა ბურთი შერკინებიდან და ლელო ისე დადო, მსაჯი ვეღარ მოედავა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
19 წლის გორგაძესთვის ეს მხოლოდ მე-3 სანაკრებო შეხვედრა იყო და პირველი ლელო გაიტანა. მას დებიუტი შარშან ივნისში, თბილისის თასზე ჰქონდა. მთლიანობაში, ბექამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მას აშკარად ეტყობა, რომ გამორჩეული ხელის ტექნიკა აქვს და გამოცდილების მიღებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებს მისი სახით ძლიერი მესამეხაზელი ეყოლება.
ლელოს შემდეგ დაახლოებით 5 წუთი ქართველებს დალაგება კვლავ გაუჭირდათ, მე-16 წუთზე უბურთო მეტოქის ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. ამას მოყვა საკუთარი დერეფნის წაგება და ჯარიმა შეტევაში, 25-ე წუთიდან კი, მორკინალები აქტიურად ამოქმედდნენ და გერმანელებს ნაცადი ხერხით შავი დღე აყარეს. 26-ე წუთზე დერეფანს კარგი მოლი მოყვა, რომელმაც დაახლოებით 15 მეტრი დაფარა და მიხეილ ნარიაშვილმა მეორე სანაკრებო ლელო გაიტანა.
თამაში გაიხსნა, „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის წითელ ზოლში ბანაკი დასცეს, ბურთი ჯერ მარჯვნივ და მერე მარცხნივ ბოლომდე ჩაათამაშეს, გიორგი ნემსაძე მბოჭავს დაუსხლტა და მესამე ლელო გაიტანა. ტაიმის მიწურულს ქართველებმა შეტევა გაშალეს და ხაზი ბექა წიკლაურმა გაჭრა, ვასილ ლობჟანიძე მეტოქის ლელოში ბურთიანად შეიყვანეს, მაგრამ რეფერიმ ლელო ვერ დააფიქსირა და 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. ამას ჯარიმა მოყვა, დერეფნიდან ბურთი გიორგი ჩხაიძემ მოიგო, მოლის დაყენების ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილმა თანაგუნდელის დახმარებით მოკლე ფრთაზე შეუტია და მეოთხე, პრემიალური ლელო გაიტანა. მალაღურაძემ ოთხიდან სამი გარდასახვა გაიტანა – 26:7.
მეორე ტაიმის დასაწყისს კარგი კვლავ არ ეთქმოდა. ქართველებმა ორჯერ მარჯვენა და ერთხელ მარცხენა ფლანგიდან კარგად შეუტიეს, მაგრამ იერიშები ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდა. სამაგიეროდ, 53-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის შერკინება მოიგეს, გიორგი თხილაიშვილმა თავად შეუტია და ის ვეღარავინ შეაჩერა. მერე შეცვლაზე შესულმა ზურაბ ჟვანიამ შეუტია რაქიდან და ძელის შალითას მიწვდა, თუმცა მსაჯმა რატომღაც ლელო არ ჩათვალა. სამაგიეროდ, 5-მეტრა შერკინებიდან ლაშა ლომიძემ შეუტია კარგად რადგან მალაღურაძის ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, ანგარიში 40:7 გახდა.
დასკვნით 20 წუთში ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და „ბორჯღალოსნებიც“ ბურთაობაზე გადავიდნენ. ხაზი რამდემჯერმე გაიჭრა და ლელოები იმის გამო არ გავიდა, რომ მეტოქე ჯარიმდებოდა. მერე პეონი სინბინით დაისაჯა, ლომიძემ კვლავ შერკინებიდან შეუტია და დუბლი მიითვალა. 72-ე წუთზე ჟვანიამ გაჭრა კარგად ხაზი, მაღალ სისწრაფეზე მეტოქის 22-ში შევიდა, ორი მცველი მიიზიდა და ლელოში ბურთი ლაშა ხმალაძეს შეაყოლა. ხმალაძე იყო ერთადერთი არამორკინალი, რომელმაც ამ მატჩში გერმანელები დაალელოვა. სულ ბოლოს შალვა სუთიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და საბა შუბითიძემ ინდივიდუალურად უტიეს და გუნდის კაპიტანმა სუთიაშვილმა გუნდის მე-9 ლელო მიითვალა. ამჯერად გარდასახვა რეზი ჯინჭველაშვილმა დაარტყა, მაგრამ მიზანმა მცირედით უმტყუნა.
„პირველი 20 წუთი თამაში კარგად წაგვივიდა, მაგრამ მერე წნეხმა იმატა და აღარაფერი გამოგვივიდა. სიტუაციის შეცვლას ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ნაკრები კოლექტიური გუნდი იყო და გუნდმა გვაჯობა, ასე რომ, ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება. ჩვენ ამ ტურნირზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ვიმყოფებით და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ვეცდებით. ქართველებთან თამაშმა, განსაკუთრებით საწყისმა 20-მა წუთმა, ბევრი პოზიტიური რამ დაგვანახა და იმედია, მიზნის მიღწევას და უძლიერესთა შორის დარჩენას მოვახერხებთ“ – თქვა ნამატჩევს გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოტგიტერმა.
„საწყისი 20 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მერე შერკინება დავთმეთ, ბურთის გამოტანა და შენარჩუნება გვიჭირდა და ეს ყველაფერი ტაბლოზე აისახა. მიუხედავად ამისა, ვარ უზომოდ ამაყი, რადგან ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე“ – დაამატა გერმანელთა კაპიტანმა მაიკლ პოპმეიერმა.
შედეგით და ახლგაზრდების გარჯით კმაყოფილი დარჩა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იუბილარი მილტონ ჰეიგი:
„ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილი ვარ. ბექა გორგაძე ძალიან მომეწონა. მას ჰქონდა პატარ-პატარა შეცდომები, რომლების გამოსწორებაზეც მუშაობა მოუწევს. გიორგი მელიქიძე შეცვლაზე ძალიან კარგად შევიდა და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – ფაქტია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან და ჩვენი რაგბის მომავალი საიმედო ხელშია. მაგრამ ამ თამაშში გამოვყოფ გამოცდილ მოთამაშეებს. ჩვენი კაპიტანი შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე, ეს ის მორაგბეები არიან, რომლებმაც თამაშის მსვლელობას სწორი მიმართულება მისცეს. ვთვლი, რომ დღეს ჩვენ მოედანზე იდეალური მოდელი გვყავდა, როდესაც თამაში ასაკოვან ლიდერებზე და ნიჭიერ ტალანტებზეა აწყობილია.
საწყის 15 წუთში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მეტოქეს არასაჭირო ჯარიმები ვუბოძეთ. მსგავსი რამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც მოხდა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი იყო მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვექცია, ბურთი შეგვენარჩუნებინა, ეს შევძელით კიდეც და ყველაფერი ლოგიკურად გაგრძელდა“.
ამის შემდეგ მან ერთ კვირაში ლისაბონში, პორტუგალიასთან გასამართი მატჩისათვის მზადებაზე ისაუბრა:
„ვფიქრობ, ტრავმირებული მოთამაშეები გამოჯანმრთელდებიან და ლისაბონში ისინი მოედანზე იქნებიან. გარდა ამისა, გუნდს დაემატებიან დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე. პორტუგალიის ნაკრები უხერხული მეტოქეა, თუმცა, ჩვენი მიზანი კვლავინდებურად შერკინებისა და უკანა ხაზის თანაბრად დატვირთვა იქნება. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, რას შემოგვთავაზებ მეტოქე“.
შალვა სუთიაშვილი: „არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ზელანდიასთან მატჩის შემდეგ ძალიან რთულია გერმანიასთან შესაბამისი მოტივაციის შექმნა. ზუსტად ეს დაგვემართა მსოფლიო თასზე ნამიბიასთან მატჩისასაც. გარდა ამისა, წელს პირველ თამაშს ვატარებდით და ცოტა შეწყობა გაგვიჭირდა. ვცდილობდით დინამიურად გვეთამაშა და დარწმუნებული ვარ, პორტუგალიასთან მატჩისთვის ეს უკეთ გამოგვივა“.
გიორგი ბეგაძე: ,,პირველი ათი წუთი ცოტათი არეულები ვიყავით, შემდეგ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალა. უპირატესობა გვქონდა ყველაფერში, ეს კარგად გამოვიყენეთ და დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. იმედია, შემდეგი თამაშებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება და უფრო მეტად დავიხვეწებით. პორტუგალიასთან ბევრად რთული თამაში გვექნება და უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ გერმანიასთან დაშვებული ხარვეზები გამოვასწოროთ“.
13 თებერვალს საქართველოს ნაკრები ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება, რომელიც პირველ ტურში რუმინეთთან სტუმრად 14:39 დამარცხდა. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
წყარო: www.kochebi.ge
ავტორი: ზურაბ ქსოვრელი
Share.

Comments are closed.