გერმანიის საელჩომ მცირე პროექტების დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

0

germani2016 წლის 1 თებერვლიდან გერმანიის საელჩო იღებს განაცხადებს მცირე პროექტების დაფინანსებაზე. განაცხადების მიღება გაგრძელდება 2016 წლის 29 თებერვლამდე.

ქვემოთ მოცემული ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა გერმანულ, ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა ხარჯთაღრიცხვასთან (Word-ის ან Excel-ის ფორმატში) ერთად შემდეგ მეილზე: wi-100@tifl.diplo.de

თქვენი მეილის სათაურის გრაფაში (subject) გთხოვთ მიუთითოთ: small grant

განაცხადის ორიგინალის მოტანა საელჩოში სავალდებულო არ არის.

განაცხადების დამუშავების ვადა სამი თვეა. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ ელ. ფოსტით 2016 წლის ივნისში.

1 მარტიდან შემოსულ განაცხადებს როგორც წესი არ ვითვალისწინებთ. გამონაკლისის სახით მათი გათვალისწინება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრანტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თანხები სრულად არ იქნება გახარჯული თებერვალში შემოსული განაცხადებისთვის.

პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • პროექტის შემომტანი უნდა იყოს არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევა;
  • პროექტმა უშუალო წვლილი უნდა შეიტანოს უღარიბესი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში;
  • პროექტმა სარგებელი უნდა მოუტანოს ადამიანთა დიდ ჯგუფს;
  • განმცხადებელ ორგანიზაციას თავად არ უნდა შეეძლოს პროექტის მთლიანად დაფინანსება;
  • განმცხადებელმა ორგაანიზაციამ ან/და ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც სარგებელს ნახულობს პროექტის ფარგლებში, წვლილი უნდა შეიტანოს პროექტის განხორციელებაში, რაც არ გულისხმობს აუცილებლად ფინანსურ თანამონაწილეობას, არამედ პროექტში ჩართულობას სხვა ფორმით (მაგ. სამუშაო ძალის გამოყენება სამშენებლო პროექტების შემთხვევაში);
  • გარანტირებული უნდა იყოს პროექტის სრული დაფინანსება;
  • პროექტის ფარგლებში შესაძენი საქონლის შესყიდვა უნდა მოხდეს საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში;
  • პროექტი უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე და უნდა ჰქონდეს მდგრადი ხასიათი, ანუ დადებითი შედეგი მოჰყვეს დასრულებიდან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში;
  • პროექტი არ უნდა შეიცავდეს ისეთ სამომავლო ხარჯებს, რომლებსაც ვერ დაფარავს განმცხადებელი ორგანიზაცია. აგრეთვე გერმანიის საელჩოს მიერ არ ფინანსდება მიმდინარე ხარჯები მაგ. კომუნალური გადასახადები, ხელფასები და სხვა.
  • პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10.000 ევროს. გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია საგრანტო დაფინანსებამ 25.000 ევრო შეადგინოს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ჰონორარები პროექტის მენეჯერებისათვის და ყოველთვიურად წარმოშობილი მიმდინარე ხარჯები, მაგალითად კომუნალური ხარჯები საელჩოს გრანტის თანხებიდან არ დაფინანსდება;

საპროექტო განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია მეილის ფორმით გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე. უმჯობესია ამისათვის გამოიყენოთ განაცხადის თანდართული ფორმა;

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს განსახორციელებელი პროექტის ხარჯთაღრიცხვა Word-ის ან Excel-ის ფორმატში, რომელშიც შეძლებისდაგვარად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მოსალოდნელი ხარჯები (მაგალითად მშენებლობისას: ცემენტი …ლარი, საღებავი …ლარი, სამუშაო … ლარი, და არა „მშენებლობა“ …ლარი);

რა არის მცირე პროექტი?

ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე პროექტების მეშვეობით გერმანიის საელჩო მრავალი წელია ეხმარება საქართველოს მოსახლეობის ღარიბ და უღარიბეს ფენებს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. საქმე ეხება ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების (სახელმწიფო ან კერძო) დამოუკიდებელ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც გერმანიის საელჩოს ფინანსური დახმარებით იქნება შესაძლებელი. ეს უნდა იყოს ერთჯერადად დასრულებადი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ზემოაღნიშნულ მიზნობრივ ჯგუფებზე. საელჩოს წელიწადში შეუძლია დაახლოებით ათი-თორმეტი მცირე პროექტის დაფინანსება.

წყარო: http://16100.ge/?page=view&sub_page=tenders&tender_id=411

Share.

Comments are closed.