ბოლნისში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

12696782_925262234255186_465511498_oბოლნისში, კერძო სკოლა „დავითიანში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა „დავითიანისა“ და სოფელ დისველის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა და მიმდინარეობა, კერძოდ ბრიუსელში ამ დღეებში მიმდინარე მოვლენები გააცნო.
მოსწავლეებმა მოისმინეს ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ის ინფორმაცია, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის ხელშესახები და სარგებლის მომტანია. მაგალითად, ბოლნისის რაიონში ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაცია „ოქსფამი“ ოპერირებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას კოოპერატივების შექმნაში ეხმარება.

„შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებს ავუხსნათ და სწორი ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. რატომ ისწრაფვის საქართველო ნატოსკენ და როგორია ჩვენი როლი ამ კუთხით მიმდინარე პროცესებში. დღესდღეობით ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ბევრი მითია ჩვენ ქვეყანაში, რომელიც უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე, ჩვენ კი შევეცდებით დავამსხვრიოთ ეს მითები სპეციალურად შექმნილი ბუკლეტების დახმარებით, სადაც კარგადაა განმარტებული ამ მითების სწორი ფორმა და დადებითი მხარეები. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე  სამიზნე ჯგუფს, საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან ერთად, წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომლებსაც დიდი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის მომავლის შექმნაში“, -განაცხადა სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ქვემო ქართლის წარმომადგენელმა მარი ლიპარტელიანმა.

ამავე შეხვედრაზე დაანონსდა ინფორმაცია ვიქტორინის შესახებ, რომელიც აპრილის თვეში ქვემო ქართლის სკოლებს შორის ნატოსა და ევროკავშირის თემაზე გაიმართება.

„დავითიანში“ მეორე წელია ხორციელდება პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც ქვემო ქართლში კოორდინირებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქა“, მასში საქართველოს მასშტაბით 480, ქვემო ქართლში კი 55 სკოლაა ჩართული.

„პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლება, სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და ხელშეწყობა. ამ კუთხით სხვადასხვა აქტივობებს ვთავაზობთ მოსწავლეებს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია დღევანდელი შეხვედრაც. აპრილის თვეში კი  ჩავერთვებით ნატოს კვირეულში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის დახმარებით ჩატარდება ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „მომავლის თაობაში“ ჩართული სკოლები, რა თქმა უნდა მათ შორის იქნება „დავითიანი“, რომელიც პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სკოლად ითვლება“, -აღნიშნა პროგრამა „მომავლის თაობის“ კოორდინატორმა ქვემო ქართლში ანი ციცქიშვილმა.

ახალგაზრდებმა, ასევე, ნახეს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“.

Share.

Comments are closed.