კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციები და საზოგადოებასთან კონსულტაციები გრძელდება. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი უძღვებოდნენ.
კულტურის სტრატეგიის მიზანია განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებას ქვეყნის მდგრად განვითარებაში. პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა წარმოადგინა. შეხვედრას ქვემო ქართლის მხარეში შემავალი სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან გზამკვლევის შემუშავებით დაიწყო, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეხვედრების პირველი ეტაპი გამართა, პარალელურად მიმდინარეობდა კონსულტაციები, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება.
ბოლნისში საჯარო პრეზენტაცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა. დოკუმენტის დამტკიცებამდე მისი სრულყოფის მიზნით სამინისტრო გააგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციებს თბილისსა და რეგიონებში. ასევე მოხდება კონსულტაციები კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.