ბოლნისში „ეტალონი-მოსწავლე“ გამოავლინეს

0

12597118_931112150336861_1120438695_oსოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისს ესტუმრა და ინტელექტ-შეჯიბრი გამართა.  „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და  გულშემატკივრებს შეხვდა, „ეტალონის“ 10 წლიანი განვლილი გზა კიდევ ერთხელ შეახსენა და პროექტის  ამოცანებზე ესაუბრა.

ინტელექტ-შეჯიბრი საქართველოს ჰიმნის შემდეგ დაიწყო და „ეტალონ-მოსწავლის” ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 26 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. საათნახევრიანი დაძაბული  თამაშის შემდეგ „ეტალონ-მოსწავლის“ ტიტული დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლანა ექიზაშვილმა მოიპოვა. ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის წარმომადგენლები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა და კონკურსანტებს სამახსოვრო დიპლომები გადაეცათ.

გოჩა ტყეშელაშვილი, პროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი:

-გაოცებული ვარ, შედეგები საკმაოდ მაღალია, მინდა აღვნიშნო, რომ შეჯიბრზე ტოლი არ დაუდეს ქართველებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა. ეს  მეტყველებს იმაზე, რომ ბოლნისში სწორად, სახელმწიფოებრივად არის დაყენებული ქართული ენის შესწავლის საკითხი.

ია სვანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

-სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი  წლების განმავლობაში არსებობს  და ვფიქრობ,  ხელს უწყობს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას და ნიჭიერი თაობების წარმოჩენას.

ნუგზარ სალია, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე:

-ყოველთვის მივესალმებით მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. პროექტი ხელს უწყობს  ახალგაზრდა თაობის განვითარებას და მათ ჩაბმას ქვეყნის აღმშენებლობაში.

ვალენტინა ნავერიანი, გამგებლის მოადგილე:

-„ეტალონი“  საერთო-სახალხო დღესასწაულია. მისი მიზანია ახალგაზრდა თაობის ინტელექტის ამაღლება, ცოდნის მოტივაცია. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე მინდა ერთი სასიამოვნო ინფორმაციაც გავაჟღერო, მუნიციპალიტეტი ყველა წარჩინებულ სტუდენტს  სტიპენდიას გადაუხდის 100 ლარის ოდენობით.

ლანა ექიზაშვილი, „ეტალონ-მოსწავლე“:

– ეს გამარჯვება ჩემი სკოლის და პედაგოგების დამსახურებაა. მინდა უფრო  მეტს მივაღწიო და გავხდე საქართველოს „ეტალონ-მოსწავლე“.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ნიჭიერი მოსწავლის გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება და 14 მაისს, სპორტის სასახლეში, საფინალო ტურნირს გამართავს.


Share.

Comments are closed.