“ყოჩებმა” წელიწადი მოგებით დაიწყო

0
12604885_473030362899048_5861424438858348368_o (1)ბოლნისის “ყოჩებმა” 2016 წლის პირველ მატჩში უშუალო კონკურენტი ქუთაისის “აია” 27:20 დაამარცხა და მართალია რეგულარული პირველობის დასრულებამდე ექვსი ტური რჩება, მაგრამ საპლეიოფო ექვსეულში ადგილი ფაქტობრივად უკვე დაიბევა და მეორე ადგილზე მყოფ “ბათუმთან” ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ 6 ტურში სავსებით შესაძლებელია.
ეს იყო “დიდი 10”-ის მე-12 ტურის გადადებული შეხვედრა, რომლის შედეგსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მოგება თემურ სოხაძის ფეხჩუბინობის დამსახურებაა, რომელიც შეცვლაზე პირველი ტაიმის მიწურულს შევიდა და გადამწყვეტ მომენტში ჯერ არეკნი, მერე კი ორი ჯარიმა გაიტანა.
მანამდე, გუნდმა თამაში ისე დაიწყო, რომ პრაქტიკულად კარში დამრტყმელი არავინ იყო და ამის გამო საწყის 10 წუთში დასარტყმელი პოზიციებიდან გიორგი ბეგაძემ ბურთი აუტში ორჯერ გადაგზავნა, მაგრამ პირველ ჯერზე ბურთმა გვერდითი ხაზი ლელოს ხაზს უკან გადაკვეთა, ხოლო მეორედ “ყოჩები” შეტევაში დაჯარიმდა. მე-14 წუთზე ლევან გოგოლაშვილმა თავისი 22-ის ხაზთან თერნოვერი გაახერხა, იქვე მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიშორა და ლელომდე 5 მეტრიღა რჩება, როდესაც იოსებ კიკვაძემ შებოჭა. ეს სალელოვე შეტევა საბოლოოდ “აიას” დაჯარიმებით დასრულდა და “ყოჩებმა” შერკინება ირჩია. იქიდან ბურთი ნიკა ჩხიკვაძემ გაიტანა და თირნიკე ცერცვაძეს დაარტყმევინა, მერე მიხეილ გაჩეჩილაძემ შეუტია, ბეგაძემ მარჯვენა ფლანგზე მეტობა შენიშნა და ალექსი ხუციშვილს ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, გიორგი ტყეშელიაძემ ეს მანძილი მოკლე დარტყმით კიდევ უფრო შეამცირა და შემდეგი დარტყმისას ირაკლი სვანიძე ლელოს მიწვდა. გოგოლაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა – 5:0!
ამის შემდეგ ინიციატივა მეტოქის მხარეს გადავიდა და რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, მერე კიკვაძემ ორჯერ სცადა შორიდან არეკნის გატანა, მაგრამ ჯერ დარტყმას ძალა დააკლდა, მერე სიზუსტე. ტაიმის ბოლოს ორივე გუნდს ჰქონდა კარგი სალელოვე შანსი, ორივე გუნდის მორაგბეებმა შეძლეს ხაზი გაჭრა, მაგრამ არცერთ მათგანს არ მოყვა ლოგიკური გაგრძელება. თუმცა, გოგოლაშვილის გარღვევის შემდეგ “აია” დაჯარიმდა და ბეგაძემ დაახლოებით 23 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა – 8:3! ტაიმის მიწურულს “აიამ” 5 მეტრში სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, გიორგი ჯაშიტაშვილი რომ დაშავდა ფლანგზე მეტობა შეიქმნა და გიორგი ტორაძემ ლელო გაიტანა, ჯინჭველაშვილმა კი, სტუმრები წინ გაიყვანა – 8:10.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელები ორჯერ შეცდნენ და თუ პირველ ჯერზე, როდესაც სანდრო ნიჟარაძემ მეტოქეს დაუფარა ბურთი მისდა სამწუხაროდ კიდით ხაზსაც გასცდა, 43-ე წუთზე გიორგი ხარშილაძე თამაშს ბოლომდე მიყვა, ბურთი მის სასარგებლოდ ახტა და ლელოში დაბრკოლების გარეშე შეირბინა. სოხაძემ გარდასახა – 15:10. ჯინჭველაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა მალევე შეამცირა, მერე სოხაძეს ჯარიმა გაუცუდდა. 56-ე წუთზე კი, “აიამ” 43 მეტრიდან ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩი, საკუთარი დერეფანი მოიგო, ბურთი ბოლომდე ჩაათამაშეს და კიკვაძე ლელოში შეიჭრა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა – 15:20.
საათის თავზე სოხაძემ 22 მეტრიდან საპასუხო ჯარიმა გაიტანა, ჯინჭველაშვილს საპასუხო დარტყმა 4 წუთში გაუფუჭდა, ამასობაში 70-ე წუთი მოვიდა, ბეგაძემ კარის წინ 25 მეტრში სოხაძეს რაქიდან გამოუტანა ბურთი და მანაც არეკნით ბოლნისელები 21:20 დააწინაურა. ამ ლელომ “აია” არია და ჯინჭველაშვილმა თამაშში ბურთი ხეირიანად ვერ შეიყვანა, სოხაძეს ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 75-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან აღარ შეცდა და ქუთაისელები იძულებული გახდნენ დარჩენილ დროში მხოლოდ ლელოზე ეფიქრათ. 78-ე წუთზე ქუთაისელები მოლში დაჯარიმდნენ და სოხაძემ უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 27:20 დასრულდა.
რადგან “აიას” პრემიალური ქულა ერგო, “ყოჩები” ამ მოგების შემდეგ კვლავ მე-6 პოზიციაზე დარჩა, მაგრამ მდევართან უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა, წინ მყოფებს ერთი მოგების ფარგლებში მიუახლოვდა და თუ რომელ ადგილს დაიკავებს რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, უკვე მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დარჩენილი 6 თამაშიდან 3-ში, “ყოჩები” ქვედა ოთხეულის გუნდებს, ხოლო 3-ში უშუალო კონკურენტებს თბილისში ეთამაშა და თუ ყველა მათგანში იმარჯვა, მინიმუმ მეორე ადგილი გარანტირებული ექნება.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XII ტური (გადადებული)
ყოჩები (ბოლნისი) – აია (ქუთაისი) 27:20 (8:10)
ყოჩები: 15. ალექსი ხუციშვილი, 14. სანდრო ნიჟარაძე, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე (რატი გარუჩავა 67), 11. ნიკა ცირეკიძე (თემურ სოხაძე 40), 10. ლევან გოგოლაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე (კაპ.); 1. ბაჩანა გოგიშვილი (გიორგი ხოსიტაშვილი 63), 2. ირაკლი სვანიძე, 3. ლევან შენგელია (გიორგი ჯაშიტაშვილი 26), 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დავით გრძელიშვილი (დემურ ეფრემიძე 59), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე (ბექა გუგეშეშვილი), 8. ნიკა ჩხიკვაძე.
2 ლელო: ირაკლი სავნიძე, გიორგი ხარშილაძე
1 გარდასახვა: თემურ სოხაძე
4 ჯარიმა: გიორგი ბეგაძე, სოხაძე (3)
1 არეკნი: სოხაძე
აია: 15. კიკვაძე, 14. თორაძე, 13. ფრუიძე, 12. სინაურიძე, 11. აბრამიძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. ტორაძე, 4. ა. ჩიტეიშვილი, 5. გ. ჩიტეიშვილი, 6. სალდაძე, 7. მარშანია, 8. ლოსაბერიძე (კაპ.).
სათადარიგოები: 16. წაქაძე, 17. ტორაძე, 18. მატარაძე, 19. კუხიანიძე, 20. მაჩალაძე, 21. კიკვაძე, 22. ირემაძე, 23. მოდებაძე.
2 ლელო: გიორგი ტორაძე, იოსებ კიკვაძე
2 გარდასახვა: რეზი ჯინჭველაშვილი
2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი
გუნდები                თ  მ  ფ  წ       +/-       ქ   ბ
ლელო-სარასენსი  12  9  1  2  221:165  41  3
ბათუმი                  12  8  1  3  201:158  38  4
ლოკომოტივი        12  8  0  4   225:172  37  5
ჯიქი                      12  7  1  4   193:135  35  5
აია                         12  7  1  4   198:170  33  3
ყოჩები                   12 7  0  5    205:189  32  4
აკადემია                12 5  0  7    114:168  23  3
ხარები                   12  4  0  8   141:197  20  4
არმია                     12  2  1  9   195:268  16  6
არმაზი                   12 0  1  11  152:223   9  7
XIII ტური. 30-31 იანვარი
ბათუმი – აკადემია, ყოჩები – ხარები, აია – ლოკომოტივი, არმაზი – ლელო-სარასენსი, ჯიქი – არმია
წყარო:kochebi.ge
ავტორი: ზურაბ ქსოვრელი

Share.

Comments are closed.