ტანძიის მოსახლეობა მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

0

12491840_1095356393858812_8642440456898599348_oწიფორის, ხახალაჯვარის, დარბაზის, ჭრეშისა და ბერთაკარის შემდეგ შესაძლოა სოფელ ტანძიას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს. სწორედ ამ თხოვნით მიმართეს ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს. ისინი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითხოვენ იმ სოფლების ჩამონათვალში ჩასმას, რომლებზეც აღნიშნული კანონი მოქმედებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს სოფლის სოციალურ-ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმისა და სხვა აქტივობების გაძლიერებას, ასევე თავიდან იქნება აცილებული მიგრაცია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი დღეს გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მაცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს სთხოვეს შუამდგომლობა მთის ეროვნული განვითარების საბჭოსა და საქსტატთან. მოსახლეობასთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი დაესწრო. მათ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებით მიენიჭა რიგ სოფლებს სტატუსი, ასევე განმარტეს, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ წარადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. მაღალმთიანი დასახლების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 1 აპრილამდე გეგმავს, მუნიციპალიტეტის გამგებელი და ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად მოხდება საკითხის დაყენება და განხილვა, რის შემდეგაც შესაძლოა სოფელს სტატუსი მიენიჭოს. გუბერნატორი მოსახლეობას ორი კვირით დაემშვიდობა, შემდეგ შეხვედრაზე კი მათგან იმ საკითხებს და წინადადებებს მოისმენს, რომლის მოგვარებაც სოფლისთვის აუცილებელია.


Share.

Comments are closed.