საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

0

saministros gancxadebaგრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 27 იანვრის დილის მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის ზრდის გამო სწავლა დამატებით 15 სკოლაში შეწყდა თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, ქედას რაიონის 4 სკოლაში სწავლა განახლდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 3 დღით სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ სკოლებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თუმცა, გაცდენილი საათები  შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.

როგორც დილის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეების დასწრებაზე სამინისტრო  მონიტორინგს კვლავ აგრძელებს. ამასთანავე, სკოლებს მოუწოდებს დაიცვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიდან და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში არ დაიშვას პირი, რომელსაც დაავადების ნიშნები აქვს,  გაძლიერდეს შენობის სველი წესით დამუშავება, მოხდეს მერხებისა და იატაკების  შესაბამისი ხსნარებით გაწმენდა, ყოველ შესვენებაზე განიავდეს საკლასო ოთახები, მაქსიმალურად იქნას დაცული პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით  ხელის დაბანის რეჟიმი და ა.შ.

თუ რამდენად ასრულებს სკოლა რეკომენდაციებს, სამინისტრო სკოლების მონიტორინგს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ახორციელებს.

სკოლების ჩამონათვალი იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge

 

Share.

Comments are closed.