სამი “ყოჩი” 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებში

0
966591_463935000475251_1095913045608256568_oბოლნისის “ყოჩების” სამი ახალგაზრდა მორაგბე – გარემარბი გიორგი მელაძე, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე და ბურჯი გურამ პაპიძე, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებთან ერთად სამხრეთამერიკული ტურნესთვის ემზადებოდა.
2016 წლის 5-25 ივნისს, “უმცროსი ბორჯღალოსნები”, რომლებმაც შარშან 20-წლამდელთა “ალაფა” მოიგეს, რაგბის 11 სხვა ელიტარულ გუნდთან ერთად ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ და უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის მზადება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს. კერძოდ, 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, მუხროვანის სპეცდანიშნულების სასწავლო ცენტრში მენტალური, გამძლეობაზე ორიენტირებული შეკრება გაიმართა.
ახლა, 8 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით, ნაკრების 38 კანდიდატი და მათ შორის ზემოთნახსენები სამი “ყოჩი” შეკრებას “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გადიოდნენ, ბოლო დღეს კი, “ლელო-სარასენსის” პირველ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართეს. სამხრეთამერიკული ტურნე 16 თებერვლიდან 6 მარტამდე გასტანს და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები არგენტინის ნაკრებს 20 (ბუენოს აირესი) და 24 (როსარიო) თებერვალს, ხოლო ურუგვაის 28 თებერვალსა (პაისანდუ) და 4 მარტს (მონტევიდეო) შეხვდებიან.
არგენტინაში გამგაზვრებამდე გუნდი თებერვალში ერთ, მოკლევადიან შეკრებას გამართავს და იქ დასახელდება ის 30-კაციანი რაზმი, რომელიც ტურნეზე გაემგზავრება. იმედია, მათ შორის სამივე “ყოჩი” იქნება.
აქვე გეტყვით, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ახალი ზელანდიის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები არიან.

Share.

Comments are closed.