ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სანდრო სუბელიანი უხელმძღვანელებს

0

10634077_1095261367201648_8468748461859688428_oბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 2015 წლის ცვლილებების საფუძველზე, გასული წლის აგვისტოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
,,მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ყველას აქ მობრძანებისთვის. თქვენ ხართ წარმატებული ადამიანები და ჩვენთვის თქვენი მოსაზრება სხვადასხვა თემასთან მიმართებაში მეტად მნიშვნელოვანია. საბჭოს მეშვეობით იქმნება ბოლნისის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი საზოგადოების ჩართვისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უკეთესად გათვალისწინებას”,- ამ სიტყვებით გახსნა დღევანდელი სხდომა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. გოგი მეშველიანმა დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო საბჭოს უფლებამისილებები გააცნო და 2016 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, რომელმაც საბჭოს წევრებს 2016 წლის ბიუჯეტი წარუდგინა და ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა.
საბჭოს წევრებმა კი თავის მხრივ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის: ტურიზმისა და ბოლნისური ღვინის, როგორც წარმატებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე.
დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ სანდრო სუბელიანი აირჩიეს, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის წარმატებული სტუდენტია, არის ასევე სამოქალაქო აქტივისტი.

24 კაცისგან შემდგარი საბჭო დებულების მიხედვით იხელმძღვანელებს, სადაც გაწერილია სათათბირო ორგანოს საქმიანობის მიზნები და ამოცანები.სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.

Share.

Comments are closed.