ერთა თასის პირველი მატჩისთვის ხუთ “ყოჩს” უხმეს

0
12507650_473033472898737_5038012988991723984_nსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 10 დღეში 2016 წლის პირველ შეხვედრას გამართავს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ყოფილი ერთა თასის პირველ შეხვედრაში “ბორჯღალოსნები” შაბათს, 6 თებერვალს, ზედა დონეზე აღზევებულ გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებენ.
საქართველოს რაგბის კავშირს სურდა, რომ გერმანელებისთვის ქუთაისში ემასპინძლა, მაგრამ თურქულმა ავიაკომპანია “პეგასუსმა” გერმანელებს გარანტია ვერ მისცა, რომ ზამთრის პირობებში დაგეგმილი ავიარეისი შედგებოდა, უფრო ძვირი მგზავრობა მეტოქემ იუარა და შედეგად, შეხვედრა თბილისში, “ავჭალაზე” 14 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია და ადგილები დანომრილი არ იქნება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომელიც ნაკრების თავკაცად მომდევნო 4-წლიან ციკლში, 2+2 სისტემით ახლახანს დაამტკიცეს, იმ 30 მორაგბის გვარი დაასახელა, რომელთაც 1 თებერვალს შეკრებს და მომავალი თამაშისთვის მზადებას შეუდგება. ამ 30 მორაგბის გარდა შეკრებაზე იქნება 4 სარეზერვო მორაგბე: გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქი”), რეზი ჯინჭველაშვილი (“აია”), მურაზ გიორგაძე (“არმაზი”) და ნოდარ ჭეიშვილი (“ლელო-სარასენსი”).
მთლიანობაში, შემადგენლობა გამოცდილი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და სულ რამდენიმე ახალი სახეა. ზელანდიელი სპეციალისტი თვლის, რომ “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატებული შედეგი უნდა შეინარჩუნოს და ასეთი გადაწყვეტილება ამით ახსნა. 30-კაციან რაზმში ხუთი მოთამაშე ბოლნისის “ყოჩების” აღზრდილია. ესენი არიან:
“ენისეის” შუამარბი დავით კაჭარავა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავი ევროპის ჩელენჯ ქაფზე გამოიჩინა. დღემდე მის ანგარიშზე 87 სანაკრებო მატჩია, რითაც მერაბ კვირიკაშვილის შემდეგ ქართული რაგბის ისტორიაში მეორე ადგილზე და პირველს მხოლოდ ერთი თამაშით ჩამორჩება. განვლილ შეხვედრებში კაჭარავას ანგარიშზე 17 ლელოა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 6 თებერვლის მატჩისთვის გამოძახებულ მორაგბეთა შორის.
ერთ-ერთ მგეზავად ჰეიგმა ლაშა მალაღურაძეს უხმო, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ოთხივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ნამიბიას გადამწყვეტი ლელოც გაუტანა. მალაღურაძეს აქამდე ნაკრების კვართით 62-ჯერ უთამაშია და გუნდს 162 ქულა შესძინა (4 ლელო, 29 გარდასახვა, 25 ჯარიმა და 3 არეკნი). მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ლაშა ჯერჯერობით უგუნდოდაა, მაგრამ მოლაპარაკებას აწარმოებს ერთ-ერთ უცხოურ გუნდთან. თუ ისე მოხდა, რომ ტრანსფერი არ შედგა, ის სეზონის ბოლომდე მშობლიურ კლუბს დაუბრ5უნდება “ყოჩების” ღირსებას დაიცავს.
9 ნომრად “ბორჯღალოსანთა” კვართით 40 თამაში აქვს ჩატარებული “ყოჩების” მორაგბე გიორგი ბეგაძეს და ის ახლაც გუნდთან ერთადაა. მსოფლიო თასზე გიორგიმ ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახალ ზელანდიასთან სასატარტო შემადგენლობაში იყო და “ოლ ბლექსისთვის” გატანილი ლელო სწორედ მის მიერ დაწყებული იერიშის შედეგია.
მსოფლიო თასზე საუცხოო თამაშის შემდეგ ჰეიგის თვალთახედვის მიღმა არ დარჩა “ბრივის” ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომლის ანგარიშზე 16 კეპია. ბრიტანეთიდან საფრანგეთში დაბრუნებული ასიეშვილი რეგულარულად თამაშობდა ტოპ 14-ის მატჩებში.
გუნდის ძირითადი კვაჭი შალვა მამუკაშვილი იქნება, რომელმაც დღემდე 35 კეპი მოაგროვა. მსოფლიო თასზე მანაც ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ისე წარმოაჩინა, რომ ნოემბრიდან კარიერა ევროპული რაგბის ერთ-ერთ გრანდში, შოტლანდიურ “გლაზგო უორიორსში” გააგრძელა.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთი იქნება
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი აფციაური (არმია, თბილისი), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი), მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილისი), გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, ბოლნისი), ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), რევაზ ჯინჭველაშვილი (აია, ქუთაისი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი);
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო უორიორსი, შოტლანდია), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (ბეიონი, საფრანგეთი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი), საბა შუბითიძე (აკადემია, თბილისი), ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი, გორი).
ავტორი: ზურაბ ქსოვრელი
Share.

Comments are closed.