“ყოჩებმა” წელიწადი გამარჯვებით დაასრულა

0
12391178_459954760873275_947703399472125208_nბოლნისის “ყოჩებმა” 2015 წლის ბოლო მატჩში თბილისის “არმაზს” ორი კვირის თავზე მეორედაც მოუგო და ექვსეულში პოზიციები გაიმყარა. უკვე მომავალ წელიწადს, “აიასთან” გადადებული შეხვედრის მოგებით, სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით წინ წაწევის საშუალებაც გაჩნდება, მაგრამ რეგულარული გათამაშების პირველ-მეორე ადგილზე დასრულება ძალიან გაძნელდება.
ორი კვირის წინ, “შევარდენზე” გამართულ ულელოო მატჩში ბოლნისელთა დამრტყმელ თემურ სოხასძეს დარტყმები არ წაუვიდა, თუმცა, “ყოჩებმა” ის თამაში 15:12 მაინც მოიგეს. ამჯერად გუნდებმა თითი-თითო ლელო გაიტანეს, კარში დარტყმები კი, უკვე არმაზელ დავით კიკნაძეს არ წაუვიდა და “ყოჩებმაც” უფრო დამაჯერებლად, 17:8 იმარჯვეს, მაგრამ აუტსაიდერთან პრემიალური ქულა ვერ აიღო.
თამაშის დღეს მზიანი იყო, მაგრამ ძლიერი ქარი უბერავდა და მან მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია. საერთო ჯამში, “ყოჩები” მეტოქეს ბევრ რამეში სჯობდა: უფრო შემოქმედებით რაგბის თამაშობდა და მეტი სალელოვე შესაძლებლობა ჰქონდა; მძლავრობდა შერკინებაში და “არმაზი” დისციპლინაში სცოდავდა. არც ეს იყო ბოლნისელთა საუკეთესო თამაში და ამ შემადგენლობას ბევრად დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ კონკრეტულად ამ თამაშისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
პირველ ტაიმში ქარი მეტოქის სასარგებლოდ ქროდა, მაგრამ პირველი ხიფათი ბოლნისელებმა შექმნეს. ალექსი ხუციშვილი საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, ხაზი გაჭრა და დიდი მანძილი მოიგო, უპირატესობაც შეიქმნა, მაგრამ ლევან შენგელიას 22-ის ხაზთან ბურთი წინ გადაუვარდა. მე-10 წუთზე უკვე “არმაზს” შეეძლო კონტრშეტევაზე ეხეირა, მცველებს მურაზ გიორგაძე გაექცა, ბურთი ფეხით გადაიკიდა და მიყვა, მაგრამ დარტყმის ძალა ოდნავ ვერ გათვალა და როცა ბურთი დაამიწა, ის დაახლოებით ნახევარი მეტრით იყო პირით ხაზს გაცდენილი.
აქედან მოყოლებული გარკვეული დროით სათამაშო უპირატესობას ქარით ზურგ გამაგრებული “არმაზი” დაეუფლა. კიკნაძეს პირველ ჯერზე არეკნი გაუცუდდა, მაგრამ მისი გუნდი მეტოქის ნახევარზე დარჩა, თუმცა სალელოვე ხიფათის გარეშე და წინსვლა რომ აღარ იყო, კიკნაძემ მეორედაც დაჰკრა თამაშიდან და ამჯერად ანგარიში გახსნა. ამას ისიც დაერთო, რომ მალე “ყოჩები” შერკინებაში დაჯარიმდა, მაგრამ მეტოქის მგეზავს 40 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. ამასობაში ბოლნისელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მეტოქის 22-ში რომ ვერ შეაღწიეს, გიორგი ბეგაძემ რაქიდან ფეხით გადაკიდა ბურთი, მას ხუციშვილი და ლევან გოგოლაშვილი მიყვნენ და ამ უკანასკნელს პოზიციაც ისეთი ჰქონდა, ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ოვალი მცველისთვის ხელსაყრელად ახტა და ლელო არ შედგა.
36-ე წუთზე შერკინებაში უკვე “არმაზი” დაჯარიმდა და სოხაძემ 22-ის ხაზიდან წონასწორობა აღადგინა. სულ ბოლოს ჯარიმის გატანის მორიგი შანსი კიკნაძემ მიიღო, მაგრამ მიზნი ვერ გაისწორა – 3:3.
განახლდა თუ არა თამაში, ირაკლი ცხადაძე მიხეილ გაჩეჩილაძეზე შუბური ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა. “ყოჩებმა” მეტობა კარგად გამოიყენა და 3 სალელოვე შანსი შექმნა, რომელთაგან ერთი გამოიყენა. პირველ ჯერზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ბეგაძე გაიქცა, მაგრამ მას არავინ მიყვა და აუტში გადაიყვანეს, მერე გაჩეჩილაძემ შეუტია კარგად, ამჯერად რიცხობრივი უპირატესობა მარცხენა ფლანგზე შეიქმნა, მაგრამ გიორგი ხარშილაძემ სოხაძის არცთუ კარგი პასი ვერ შეიმაგრა. 1 წუთში ლელო მაინც გავიდა. “ყოჩებმა” შერკინებაში იმძლავრა, იქიდან გამოსული ბურთი სიჩქარეაკრეფილმა ლევან გოგოლაშვილმა მოიხელთა და მართალია შებოჭეს, მაგრამ გიორგი ტყეშელიაძეს კარგი ოფლოუდი მაინც გაუხარხა, ის კი, ლელოში შეფრინდა. სოხაძეს გარდასახვა გაუცუდდა.
“არმაზს” 54-ე და 57-ე წუთებზე დარტყმები გაუცუდდა, პასუხად კი, “ყოჩებმა” ხელდახელ ბურთაობით შეუტია, თანმიმდევრობა არ დაირღვა და მეტოქეს ისღა დარჩენოდა დაჯარიმებულიყო. სოხაძემ 22-ის ხაზიდან ანგარიში 11:3 გახადა. ამის შემდეგ “არმაზმა” ლელოზე ითამაშა და ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. 5-მეტრა დერეფნის მოგების შემდეგ, მათი მოლი მცველებმა ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს და იქ დიდი ბრძოლა გამართეს,  მაგრამ გამოცდილმა გიორგი სოსელიამ ხაზის გადაკვეთა მაინც მოახერხა. გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 3-ქულიანი დარჩა.
რადგან ამჯერად ზურგქარი ბოლნისელთა მხარეს იყო, სოხაძემ თითქმის ცენტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ “ყოჩებმა” თითქოს ლელოც გაიტანა – შეცვლაზე შესულმა გიორგი კაჭარავამ, რაქიდან ბურთი ფეხით გადაკიდა, მას ხუციშვილი მიყვა და სანამ პირით ხაზს გაცდებოდა დაამიწა, მაგრამ მსაჯებმა დინამიკაში ეს ვერ შენიშნეს და ნაღდი ლელო არ ჩათვალეს. სამაგიეროდ, შემტევმა გუნდმა 3 ქულა მიიღო, რადგან “არმაზი” კარის წინ 10 მეტრში დაჯარიმდა და სოხაძე მარტივი მდგომარეობიდან არ შეცდა. საფინალო სასტვენამდე 3 წუთი რჩებოდა, ანგარიში აღარ შეცვლილა და “ყოჩებმაც” წლის ბოლო მატჩში 17:8 დამსახურებულად იმარჯვა.
მეორე წრემდე თვენახევარია, რომელიც “ყოჩებმა” სასურველ ფორმაში შესასვლელად უნდა გამოიყენოს და 2016 წლის გაზაფხულს, როდესაც პლეი ოფების დრო დადგება, ფორმის პიკში შეხვდეს. მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა!
 
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი (დიდი 10). II ტური (გადადებული)
13 დეკემბერი
თბილისი. “შევარდენი”
ყოჩები (ბოლნისი) – არმაზი (თბილისი) 17:8 (3:3)
ყოჩები: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ნიკა ცირეკიძე, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე (რატი გარუჩავა 72), 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. გიორგი კაჭარავა 65); 1. თემურ ჯინჭარაძე (17. ბაჩანა გოგიშვილი 41), 2. ირაკლი სვანიძე, 3. ლევან შენგელია (18. გიორგი ჯაშიტაშვილი 79), 4. დემურ ეფრემიძე, 5. დავით გრძელიშვილი (23. რატი ურუშაძე 64), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ჯაბა კიკვიძე (20. ბექა გუგეშაშვილი 41).
არ შესულან: 16. გიორგი ხოსიტაშვილი, 22. გიორგი მელაძე.
1 ლელო: ტყეშელიაძე
4 ჯარიმა: სოხაძე
არმაზი: 15. დავით კიკნაძე, 14. მურაზ გიორგაძე, 13. ბადრი ლიპარტელიანი, 12. ვილიამ კაიფაჯიანი, 11. სანდრო სვანიძე, 10. ვასილ ლობჟანიძე, 9. რევაზ ბროძელი; 1. თორნიკე ჯიბლაძე, 2. გიორგი სოსელია, 3. შოთა მელიქიძე, 4. კობა ჯიმშელეიშვილი, 5. გიგა ფრიდონიშვილი, 6. ნიკოლოზ გიგაური, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნარსავიძე, 17. გოგა ხუროშვილი, 18. დავით ფხაკაძე, 19. შოთა კანდელაკი, 20. ოთარ მინაშვილი, 21. საბა ბერაძე, 22. ლაშა სირაძე, 23. თორნიკე ხურცილავა.
1 ლელო: სოსელია
1 არეკნი: კიკნაძე
1 სინბინი: ცხადაძე
გუნდები                თ  მ  ფ  წ       +/-       ქ  ბ
ლელო-სარასენსი  12 9  1   2  221:165  41 3
ბათუმი                  12 8  1   3  201:158  38 4
ჯიქი                      12 7  1   4   193:135  35 5
ლოკომოტივი        11 7  0  4    216:165  33 5
აია                         11 7  1  3    178:143  32 2
ყოჩები                  11  6  0  5    178:169  28 4
აკადემია               12  5  0  7    114:168  23 3
ხარები                   12 4  0  8    141:197  20 4
არმია                    12  2  1  9    195:268  16 6
არმაზი                  11  0  1  10  145:214   8 6
21 დეკემბერი. გადადებული 
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) – არმაზი (თბილისი)
kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი.

Share.

Leave A Reply