სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ბოლნისელი ახალგაზრდა საუკეთესო მოხალისედ დაასახელა

0

uniIncსაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მასშტაბით შერჩეული ათი საუკეთესო მოხალისიდან ერთ-ერთი ბოლნისელი სანდრო სუბელიანია. მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ შემაჯამებელი ღონისძიება სამინისტროში გაიმართა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და პროექტის მონაწილეები.

რევაზ ჯაველიძემ წლის გამორჩეული მოხალისეები დააჯილდოვა და პროგრამაში მონაწილე ყველა მოხალისეს სიგელები გადასცა. დასასრულს კი გაიმართა პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

„ქვემო ქართლის რეგიონიდან მხოლოდ მე დამაჯილდოვეს, რაც ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან ეს იყო დადებითი შეფასება ყველა იმ პროექტის, რომელიც მე და ჩემმა მეწყვილემ განვახორციელოთ“ – აღნიშნა  სანდრო სუბელიანმა.

აღნიშნული პროექტის მიზანია  მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება .

2015 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწო მოხალისეობის განვითარების პროგრამის “საქართველოს მოხალისე” განხორციელება, რომელსაც  საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.  პროგრამის ფარგლებში საწყის ეტაპზე კონკურსის საფუძველზე შეირჩა 10 რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ახორციელებდნენ პროგრამის კოორდინირებას. შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით კონკურსის საფუძველზე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში 134 მოტივირებული მოხალისე შეირჩა (2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან).

134 მოხალისისა და 10 რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგელებისათვის 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართა  5 დღიანი მოსამზადებელი ტრეინინგ – სემინარი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა”  ჩაატარა.

პროგრამის ფარგლებში შექმნილია ვებგვერდი www.mokhalise.ge და ასევე ფუნქციონირებს „საქართველოს მოხალისეების” ოფიციალური facebook  გვერდი – “საქართველოს მოხალისე”, სადაც ასახულია მოხალისეების მიერ განხორციელბული  ყველა აქტივობა.

Share.

Comments are closed.