სადისციპლინო კომიტეტმა „დინამოსა” და „სიონს” სანქციები დააკისრა

0

12304444_1065386016805528_5484557914071842716_oსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, თბილისის “დინამოსა” და ბოლნისის “სიონს”, მათი შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო, ფინანსური სანქციები დააკისრა.

ესტეკას გადაწყვეტილებით, ბოლნისის “სიონს”, 5 ათას ლარიანი ჯარიმა, სკანდირების გამო დაეკისრა, ხოლო “დინამოს”, 3 ათას ლარიანი ჯარიმა და სტადიონის ერთ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია.

6 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მატჩის 81-ე წუთზე, “დინამოს” გულშემატკივრები, “გლადიატორები” იმ ტრიბუნისკენ გაიქცნენ, სადაც ბოლნისელი ქომაგები ისხდნენ. სიტუაციის განმუხტვა სტიუარდებმა და სამართალდამცავებმა შეძლეს.

ცნობილია, რომ “გლადიატორები” მსგავსს დაპირისპირებაში პირველად არ ღებულობდნენ მონაწილეობას. მიმდინარე სეზონში, ასეთივე ინციდენტს ადგილი გორში, ადგილობრივ ქომაგსა და “დინამოს” ფანებს შორისაც ჰქონდა.

ბოლნისის “სიონის” დირექტორი, ლადო ბურდული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

ლადო ბურდული: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, დღეს “დინამო თბილისსა” და ჩვენ გუნდს შორის მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა და ფულადი სანქციები დაუწესა. ჩვენთვის, ესტეკას გადაწყვეტილება არგუმენტირებული არ არის, მაგრამ კლუბი მის გასაჩივრებას არ აპირებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ თხოვნით, რომ ძველი აღმასკომის მიერ დამტკიცებული სადისციპლინო კოდექსი გადაიხედოს და მიღებულ იქნას ისეთი, რომელიც თანაბარ და კანონიერ პირობებში ჩააყენებს ყველა კლუბს. ძველი აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად აჩენდა კითხვის ნიშნებს, ამიტომ, მათ მიერ დამტკიცებული სადისციპლინო კოდექსიც ბევრ კითხვას ბადებს. ვთხოვთ სფფ-ს ახალ ხელმძღვანელობას, რომ აღნიშნულ საკითხს მოეკიდოს გულისხმიერად და სადისციპლინო კოდექსის გადახედვა მალე განახორციელოს და მომავალ სხდომაზე, დღის წესრიგში, განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი, ვინაიდან, გაუმართავი კოდექსი პრობლემას უქმნის, არა მხოლოდ ერთ გუნდს, არამედ – ყველას”.


Share.

Comments are closed.