კლასიკური მუსიკის საღამო ბოლნისში

0

12431633_901690589945684_1973540068_n28 დეკემბერს ბოლნისის კულტურის სახლში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. საოპერო მომღერალი ნინო გაბიძაშვილი მსმენელის წინაშე მეგობრებთან ერთად სოლო კონცერტით წარსდგა. ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მომღერალი, დამსახურებული სახალხო არტისტი მზია დავითაშვილ უძღვებოდა.

ნინო გაბიძაშვილმა საღამო რევაზ ლაღიძის უკვდავი არიით „ლელათი“ გახსნა, რასაც ზაქარია ფალიაშვილის „დაისიდან“ ყველასათვის საყვარელი „ცანგალა“ მოჰყვა,   დარბაზიდან ემოციები და აპლოდისმენტები არ ცხრებოდა. ემოციების გარეშე არც პატრიარქისადმი მიძღვნილ იავნანას ჩაუვლია, რომელსაც საღამოს წამყვანი მზია დავითაშვილი ასრულებდა.

მზია დავითაშვილი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მომღერალი:

-მინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტს დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი საღამოსთვის. რაც შეეხება ნინოს, იგი წარმატებული და არაჩვეულებრივი მომღერალია, მან არა ერთი რთული გზა გაიარა ამ ყველაფრის მისაღწევად. მინდა მას მეტი წინსვლა და წარმატებული კარიერა ვუსურვო.

ნინო გაბიძაშვილი, საოპერო მომღერალი:

– დიდი სიყვარულით მივესალმები ჩემს საყვარელ ბოლნისს,  მეგობრებთან ერთად შევეცადე, რომ  საღამო ყველასთვის სასიამოვნო და საინტერესო ყოფილიყო.

ნინო გაბიძაშვილმა მეგობრებთან ერთად მსმენელს ქართველი და უცხოელი კლასიკოსების არიები და რომანსები შესთავაზა, რამაც მქუხარე აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურა,  ბოლოს კი დამაგვირგვინებელი ფეიერვერკი სოლისტის მიერ შესრულებულ კარუზოს მოჰყვა. ღონისძიების დასასრულს ბოლნისის კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა მონაწილეებს მადლობის სიგელები და თაიგულები გადასცა.

კლასიკური მუსიკის საღამო ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.

თეონა აბრამიშვილი, კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი :

-ბოლნისმა, ჩვენს თანამემამულეს ნინო გაბიძაშვილსა და მის მეგობრებს უმასპინძლა.  საღამოზე შესრულებული იყო ყველასათვის ნაცნობი არიები და რომანსები, ვფიქრობ,  მაყურებელი კმაყოფილი დარჩა.

ეკატერინე დანელია, მაყურებელი:

-დღევანდელმა საღამომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან კმაყოფილი და ემოციებით დატვირთული მივდივარ. მინდა  მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს  ვინც ასეთი მშვენიერი და სასიამოვნო დღე გვაჩუქა.

Share.

Comments are closed.