თასის 1/4 ფინალის პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა

0

12316612_1063542620323201_1012797206564680680_nდავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ¼ ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, ბოლნისის „სიონმა“, სამტრედიაში, „სამტრედიას“ წინააღმდეგ გამართა და ფრედ – 0:0 დაასრულა.

შეხვედრა სტუმართა დიდი უპირატესობით დაიწყო და ასევე წარიმართა, ვიდრე, მატჩის მეორე ნახევარში, ბოლნისელები მოედანზე კაცნაკლუბები არ დარჩებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამტრედიელებს შეხვედრის პირველ ნახევარში კარისკენ არ დაურტყამთ, მატჩის მთავარი არბიტრის, არსენ ნონიკაშვილის ქმედებები კი ბევრ კითხვას აჩენდა.

მე-6 წუთზე, ზივზივაძემ ბურთი მიიღო და მეტოქის კარისკენ დაიძრა, თუმცა მას ფოფხაძემ ბურთი სუფთად აართვა და დარტყმის საშუალება არ მისცა.

მე-15 წუთზე, გოგობერიშვილს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი. ვასაძის წაქცევისთვის ჯარიმა დაინიშნა, გოგობერიშვილს კი, მეშველიანმა, „მკვდარი ბურთი“, კარის მაღალ კუთხეში გაჭირვებით აუღო და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
რამდენიმე წუთში, სტანდარტულიდან, ამჯერად კილასონია დაემურა „სამტრედიას“ კარს, მაგრამ მისი დარტყმული მცირედით აცდა კარს.

ძალიან კარგი შანსი ჰქონდა უგულავას, რომელმაც ბურთი ჯაფიაშვილი-კობახიძე-ფოფხაძის შესანიშნავი კომბინაციით მიიღო, თუმცა მან ეს შანსი გაანიავა.

იგივე გააკეთა მანჯგალაძემ 35-ე წუთზე. რაზმაძემ, მარჯვენა ფლანგზე გრძელი გადაცემა გაუკეთა ფოფხაძეს, რომელმაც კობახიძეს დაუგორა. კობახიძე სიტუაციაში კარგად გაერკვა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა მანჯგალაძე, რომელმაც მოძრაობაში ფეხი ძლიერად დაარტყა ბურთს და ანგარიშის გახსნის შანსი გაუშვა ხელიდან.

ტაიმის მიწურულს მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ მეკარე მერლანი დამაჯერებლად გაისარჯა და სიტუაცია გააუვნებელყო.

პირველი ხიფათი გია ცეცაძის გუნდმა ბოლნისელთა კართან 55-ე წუთზე შექმნა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მერლანმა მეორე მცდელობაზე აიღო, საპასუხო შეტევაში კი უგულავამ ვერ ივარგა. ზუსტად ერთ წუთში, გოლის გატანის შანსი ხელიდან ისევ მანჯგალაძმ გაუშვა.

„სიონი“ არ ნებდებოდა. აშკარად ეტყობოდა ვარლამ კილასონიას გუნდს, რომ მოედანზე მოსაგებად იყო გამოსული, ამიტომ „სიონის“ თავკაცმა, მოედანზე დიმიტრი ტატანაშვილი გამოიყვანა. სამწუხაროდ, ტატანაშვილს მხოლოდ 4 წუთი მოუხდა მოედანზე ყოფნა. „სამტრედიას“ ორმა ფეხბურთელმა ბოლნისელთა 22 ნომერი ბლოკირებითა და წესების დარღვევით შეაჩერა, ამ ეპიზოდთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა არსენ ნონიკაშვილი, რომელმაც ეს ფაქტი არც კი შეიმჩნია და მასპინძლებს შეტევის წამოწყების საშუალება მისცა. როგორც კი ბურთმა მოედანი დატოვა, ნონიკაშვილი ტატანაშვილთა მივიდა და მას წითელი ბარათი უჩვენა. „სიონი“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა.

რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს მასპინძლებმა და სტუმართა კარს შეუტიეს. ორ ეპიზოდში ბურთის ბადეში მოთავსებაც შეძლეს, თუმცა ორივე ამ ეპიზოდში, გვერდით არბიტრს, თამაშგარის აღმნიშვნელი ალამი ჰქონდა აღმართული.
შეხვედრის მიწურულს, დამატებულ პირველ წუთზე, მსაჯს მეორე ყვითელი ბარათი გამოსტყუა დაჩი ცნობილაძემაც და თამაში, მასპინძლებმაც 10 კაცით დაასრულეს.

თასის ¼ ფინალის განმეორებითი შეხვედრა, ბოლნისში 16 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი, „სიონი“, ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში, „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი

სიონი: მერლანი, ჯაფიაშვილი, კილასონია, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი (კაპ), რაზმაძე, კობახიძე (ისიანი 57’), ვასაძე (საჯაია, 77’), მანჯგალაძე, უგულავა (ტატანაშვილი 69);

სათადარიგო: მელაძე, მიქაბერიძე, ჭიკაიძე, სვანიძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

სამტრედია: მეშველიანი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მთივლიშვილი (მჭედლიშვილი 46’), შერგელაშვილი, ცნობილაძე, დათუნაიშვილი (კაპ), ენდელაძე (მარკოზაშვილი 71’), ზივზივაძე, რაჟამაშვილი ჯიქია 57’), სიხარულიძე;

სათადარიგო: თებიძე, ცინცაძე, იოსელიანი, კერძევაძე;

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე;

მთავარი არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

გაფრთხილება: შერგელაშვილი 27’, კობახიძე 53′;

გაძევება: ტატანაშვილი (74’), ცნობილაძე (85’, 90’);


Share.

Comments are closed.