ბოლნისში ტარიელ ხარხელაურის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

0

10487076_894851197296290_1899110082_n„პოეტი ტარიელ ხარხელაური, რომლის შემოქმედება არა მხოლოდ ამ კუთხისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ჭრილობაზე დაფენილი მალამოა, უფლისადმი აღვლენილი საგალობელია, ეს არის ჩვენი დროის, ეპოქის, გაუკუღმართებული ცხოვრების დიდი ღვთისნიერი ხმა“, ამ სიტყვებით გახსნა პოეტ ტარიელ ხარხელაურის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება დეკანოზ პეტრე კვარაცხელიამ 16 დეკემბერს ბოლნისის კულტურის სახლში, რომელსაც ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია და ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთად მასპინძლობდა. სასულიერო სკოლის აღსაზრდელებმა პოეტის შემოქმედება ბოლნისელ მაყურებელს წაუკითხეს. ტარიელ ხარხელაური 70 წლის წინ თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ სიმონიანთხევში დაიბადა. მას თანამედროვენი ვაჟა ფშაველასთან აიგივებენ.

პოეტის საპატივცემულოდ ბოლნისს ამ დღეს არაერთი სტუმარი ჰყავდა, იყვნენ საერო და სასულიერო პირები, ხელოვანები, ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლები. კულტურის სახლის ფოიეში სახალხო მხატვარმა ილო პატიაშვილმა საკუთარი ფერწერული ნამუშევრები გამოფინა.

მიმდინარე წელი მიჩნეულია პოეტის შემოქმედებით წლად და საქართველოს 30-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. 16 დეკემბერი პოეტის გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეა და სწორედ ამიტომ  ღონისძიების ჩატარების თარიღად ეს დღე შეირჩა.

ღონისძიების დასასრულს  სტუმრებმა იუბილარის ლექსები წაიკითხეს. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის მომღერლებმა პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერა შეასრულეს.  ნანა მეფარიშვილის შვილიშვილმა ბებიის ლექსი წაიკითხა, რომელიც პაპა ტარიელს მიუძღვნა.

ბოლნისელმა მაყურებელმა იუბილარსაც  მოუსმინა, მან საკუთარი ლექსები წაიკითხა,  აქედან ერთ-ერთი მეუფე ეფრემს მიუძღვნა.

ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა პოეტს ხატი გადასცა.  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა  კობა ჟღენტმა  კი  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელით მადლობის ბარათი და ბოლნური ჯვარი უსახსოვრა.

ტარიელ ხარხელაურის საიუბილეო საღამოს ორგანიზებისა და ჩატარებისთვის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და კულტურის სახლი ლიტერატურული საზოგადოება ვერკვლისციხელის სახელით მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გიორგი ფარეშიშვილი, ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის“ თავმჯდომარე:

-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ამ საიუბილეო წელს, რომელიც ტარიელ ხარხელაურის 70 წლისადმია მიძღვნილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა,  სწორედ ეს არის ღირსეული მაგალითი სხვა რაიონებისთვისაც, თუ როგორ უნდა ისმოდეს ქართული სიტყვა, ქართული სულიერება და როგორ უნდა ზრუნავდეს ხელისუფალიც და სასულიერო მხედრობაც თავისი ერის სულიერ სიჯანსაღეზე.

ტარიელ ხარხელაური, იუბილარი:

-ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე მომიწევდა სცენაზე დგომა და ვინმე მომილოცავდა 70 წლის იუბილეს, არ მსიამოვნებს ხოლმე დაბადების დღეების აღნიშვნა, მაგრამ დღეს გამორჩეულად და განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ  ვდგევარ ბოლნისის მიწაზე და ასე მგონია,  აქედან მთელი სამყარო  მიჭერია მხრებით.

მეუფე ეფრემი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი:

-მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ჩვენი ეპარქიის,  ეკლესიის და  მრევლის სახელით ჭეშმარიტად დიდ მამულიშვილს, დიდ პოეტს, ღვთისა და ზეცის კაცს ბატონ ტარიელ ხარხელაურს მივულოცო დღევანდელი იუბილე. ეს არის განსაკუთრებული ხიბლის, მადლის მატარებელი ადამიანი, შემკული გასაოცარი ქრისტიანული სათნოებითა და თვისებებით, სწორედ ასეთ გულს, ასეთ სულს, ასეთ ღვთისა და ერის კაცს შეეძლო შობა ასეთი საოცარი პოეზიისა, ასეთი ღრმა ჰანგებისა, რა ბედნიერი და კურთხეულია დღეს საქართველო, დღევანდელი თანამედროვენი, რომ ღირსნი ვხდებით ასეთი ადამიანის გვერდით ვიდგეთ, რომ მასთან გავატაროთ წუთისოფლის გარკვეული მონაკვეთი, მადლობა მას დღევანდელი დღისთვის.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია,  წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის დირექტორი:

-დღეს ჩვენ შევუერთდით წლის ღონისძიებას და კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ბოლნისის ეპარქიაში ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო. მადლობა მეუფე ეფრემს, მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს და კულტურის სამსახურს, მაგრამ გული მწყდება რომ დარბაზი ხალხით ვერ გაივსო, თუმცა მინდა გითხრათ,  შემოქმედებას გავსებული დარბაზი არ უხდება, შემოქმედებას უხდება მსმენელი და ვთვლი, რომ ვინც იყო მოსული იმან ნამდვილად მოისმინა და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ტარიელ ხარხელაურის პოეზიამ შედეგს მიაღწია და დანარჩენი უკვე გადაუნთებს იმ პოეზიიდან წამოსულ სანთელს სხვა დანარჩენ ბოლნისელებს. მე მინდა ვუსურვო ყველა ადამიანს ისწავლონ ერთმანეთის დაფასება,  სიყვარული,  მით უფრო ისეთი ღირსეული და ნამდვილი პოეზიის სიყვარული, როგორიც შექმნა ტარიელ ხარხელაურმა,  ეს არის პოეზია, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს. 100 წლის მერე, როდესაც უკვე პოეტი აღარ იქნება ამ ქვეყანაზე, ბოლნისელები იამაყებენ რომ ბოლნისის მთავარმა დარბაზმა არაერთგზის უმასპინძლა ტარიელ ხარხელაურის პოეზიას.

კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი:

-ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა  ერთობლივად გახდნენ დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორები.  ბატონმა გოგიმ დამაკისრა ეს ფუნქცია, რომ დავდგომოდით მხარში ამ ღონისძიებებს.    ბატონ ტარიელს მუნიციპალიტეტის სახელით გადავეცით ბოლნური ჯვარი, რომელიც ჩვენი შემოქმედი ადამიანის ნუნუ ლაზარეშვილის მიერ არის გაკეთებული და მადლობის სიგელი, რომელიც მის ბიოგრაფიას დაამშვენებს.

Share.

Comments are closed.