ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

0

284255_196454937082300_6120980_n (1)ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს.
მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 16 200 000 ლარით განისაზღვრა. 305 000 ლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოეყო.
არაფინანსური აქტივების ზრდა 2016 წლისთვის დაგეგმილია 2 643 000 ლარით მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2016 წლის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 249 000 ლარით გაიზარდა.
2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 2015 წელთან შედარებით 2 240 000 ლარით გაიზარდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საკრებულოში 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი შეიტანა, რომელიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნდა და კორექტირების ვადა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 10 დეკემბრამდე განისაზღვრა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულომ ერთხმად მიიღო.

ოთარ ხუტიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი:

– დღეს საკრებულომ მიიღო და დაამტკიცა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 16 200 000 (თექვსმეტი მილიონ ორასი ათასი) ლარის ფარგლებში განისაზღვრება. ეს რა თქმა უნდა სპეციალური ტრანსფერის გარეშეა, იანვარში გვეცოდინება ცენტრალური მთავრობა რა თანხას დაამატებს ჩვენს ბიუჯეტს, სავარაუდოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 20 მილიონი იქნება.

Share.

Comments are closed.