ბოლნისელები ბორჯომელებთან გავარჯიშდნენ

0
yocheb-cr-300x200კვირას “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე დიდი ჟრიამული იყო. აქ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ 14-16 წლის მოზარდები და გუნდებმა ერთმანეთში იბურთავეს. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად “ყოჩების” შიდა ფესტივალი კი არა, მსაჯების მიერ ორგანიზებული ტურნირი გაიმართა და მასში ჩვენი კლუბის ორმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა – ბოლნისისა და კაზრეთის გაერთიანებულმა გუნდმა და თბილისის “ხვამლიმ” ითამაშეს.
ბოლნისისა და კაზრეთის გაერთიანებულმა გუნდმა ძალები “ბორჯომთან” მოსინჯა და მატჩის პირველი ლელოც გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. მაგრამ ამ თამაშის მიზანი გამარჯვება სულ არ იყო. 2016 წლის გაზაფხულიდან, ბოლნისისა და კაზრეთის გაერთიანებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატის “ბ” ლიგის გათამაშებაში უნდა ჩაერთოს და მწვრთნელებმაც შეგირდები საქმეში ნახეს. აშკარად ჩანდა შეუთამაშებლობის პრობლემა და ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ გუნდების შერწყმა პირველად მოხდა, პრობლემის მოსაგვარებლად კი, მწვრთნელებს დაახლოებით 2 თვე რჩებათ.
“ბ” ლიგის ასაკის ბავშვები კაზრეთში უფრო მრავლად არიან და მათ “ყოჩების” მოქმედი მოთამაშე შოთა მაღრაძე ავარჯიშებს. რაგბით დაინტერესებულ ბავშვთა რიცხვი აქ მსოფლიო თასის შემდეგ თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა და ჭაბუკთა “ა” და “ბ” ლიგის ასაკის ბავშვებთან ერთად, უფროსი და უმცროსი საფესტივალო ასაკის ბავშვებიც მრავლად არიან.
“კაზრეთში ყოველდღიური ვარჯიშები გვქონდა, დღეს (27 დეკემბერი) თამაში გვქონდა და ხვალიდან საახალწლო შესვენებაზე გავდივართ. 8 იანვარს ისევ შევიკრიბებით და “ბ” ლიგის გათამაშებისთვის, რომელშიც ბოლნისის სახელით გუნდი პირველად ითამაშებს, მზადებას განვაგრძობთ. დღეისათვის დაახლოებით 60 ბავშვი გვყავს, რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ყოველთვის ვერ ახერხებენ ვარჯიშს. ჩვენი სურვილია, რომ ბოლნისელ ბავშვებთა ერთად “ა” ლიგაშიც გამოვიდეთ, მაგრამ ეს რესურსზე იქნება დამოკიდებული. არ გვყავს “ა” ლიგის ასაკის იმდენი ბავშვი, რომ მთელი წლის განმავლობაში თავი მშვიდად ვიგრძნოთ. სამაგიეროდ მრავლად გვყავს უმცროსი საფესტივალო ასაკის ბავშვები. აქამდე “ყოჩების” დიდი დახმარებით მოვედით, მათი ხელშეწყობით ვემზადებოდით და ფესტივალებშიც რეგულარულად ვმონაწილეობდით. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება” – გვიყვება შოთა მაღრაძე.
ბოლნისში ბავშვებს ადგილობრივი მწვრთნელები ავარჯიშებდნენ, 2015 წლის თებრვლიდან კი, მათ გამოცდილი ბაკურ ფირიაშვილი დაემატა. ის “ა” და “ბ” ლიგის, ასევე უფროსი საფესტივალო ასაკის ბავშვებს ავაჯიშებს, უმცროსი საფესტივალო ასაკის ბავშვებთან კი, რომლებიც რეგიონში მრავლად არიან, მიხეილ და ვიქტორ რეხვიაშვილი, ასევე გივი რეხვიაშვილი შეასწავლიან სარაგბო ანი-ბანის.
“ბოლნისში, ადგილობრივ მწვრთნელებს, თებერვლიდან დავემატე და უკვე 10 თვეა იქაურ ბავშვებთან ვმუშაობ. ჯამში დაახლოებით 20 ისეთი ბავშვი გვყავს, რომლებიც რეგულარულად დადიან ვარჯიშებზე. მათგან 5-6 “ა” ლიგის ასაკისაა (1999 წელს დაბადებულები), 10-11 “ბ” ლიგისთვის ემზადება, ხოლო დანარჩენები შედარებით პატარები არიან. ერთი ამდენი ვარჯიშებს პერიოდულად ესწრება, რადგან ყოველ დღე ვერ ახერხებენ ვარჯიშებზე სიარულს. ვარჯიშს 3 საათზე ვიწყებთ და გვიან ღამემდე გრძელდება. ბავშვებს მათი დასრულება არ უნდათ, რადგან გამუდმებით ბურთით, სახალისო ვარჯიშებს ვატარებთ.
ახლახანს პატარა, 7-8 წლის ბავშვებმა გამოთქვეს ვარჯიშის სურვილი, მაგრამ მათ დიდებთან ერთად ვერ ვავარჯიშებთ. 2016 წლიდან უმცროსებისთვის ცალკე ჯგუფი შეიკვრება. მთლიანობაში, ბოლნისელი ბავშვები გუნდურობით და პასის კულტურით გამოირჩევიან, რაზეც ამ ეტაპზე ყველაზე მეტს ვმუშაობთ. უმთავრესი მაინც ისაა, რომ ეს ბავშვები რაგბის მთავარ ფასეულობებს ეზიარებიან.
2016 წლიდან ბოლნისისა და კაზრეთის გაერთიანებული გუნდი “ბ” ლიგაში ჩაერთვება. ამ ეტაპზე რესურსი იმდენი არაა, რომ კაზრეთი და ბოლნისი ცალ-ცალკე გუნდად გამოვიდეს და არც იმის რესურსია, რომ ცალკე დაკომპლექტდეს “ა” ლიგის გუნდი. ამ ასაკის ბავშვებში რაოდენობა იმდენი არაა, რომ მთელი სეზონი გაგვწვდეს. ზოგადად, “ა” ლიგის ასაკი პრობლემურია, რადგან ბავშვებს სწავლაზე მეტი ყურადღების გამახვილება უწევს და ეს ამითაცაა გამოწვეული. ამიტომ, “ა” ლიგის ასაკის ბავშვებზე ვფიქრობთ, რომ სექტემბრამდე მოემზადებიან და ითამაშებენ ამხანაგურ თამაშებს, ან “ა” ლიგაში “ყოჩებს” დაემატებიან და მათი სახელით ითამაშებენ, ხოლო სექტემბრიდან უკვე ბოლნისის სახელით რეგიონალურ გათამაშებაში ჩაებმებიან, სადაც ბოლნისს აუცილებლად ეყოლება გუნდი” – გაგვაცნო ბოლნისის სიტუაცია ფირიაშვილმა.
kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი.

Share.

Leave A Reply