ახალი სოციალური საცხოვრისი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა ახალ მობინადრეებთან ერთად გახსნეს.
სტუმრებმა ბენეფიციარებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
დაბა კაზრეთში ყოფილი ადმინისტრაციის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მთლიანად შეიცვალა შენობის სახურავი, ჭერი, იატაკი და კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა წყალსადენ-კანალიზაციის სისტემა, კეთილმოეწყო ეზოს შიდა და გარე პერიმეტრი. ბინები პირველადი მოხმარების საგნებით აღიჭურვა. ასევე დამონტაჟდა გაზის გამათბობლები. მუნიციპალიტეტი ბენეფიციარებს ყოველთვიური ლიმიტირებული კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფს.
საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დაბა კაზრეთის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ოჯახები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი მათ ფართით უზრუნველყოფასა და მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. საცხოვრისში შესასახლებელ 20 ოჯახს შორის აღნიშნული ოჯახებიც არიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 3 სოციალური საცხოვრისი ფუნქციონირებს, სადაც 38 ოჯახია განთავსებული.
ბენეფიციარებს მუნციპალიტეტმა ხელშეკრულებები გაუფორმა, სადაც გაწერილია საცხოვრისში ცხოვრების წესები.
ახალ სოციალურ საცხოვრისში 20 უსახლკარო ოჯახი იცხოვრებს
0
Share.