„ჯაყო” ბოლნისელი მაყურებლისთვის

0

12268427_954657284623681_2042177634_oცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბოლნისს ეწვია. დასი კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლით „ჯაყო“ წარსდგა. ერთმოქმედებიანი წარმოდგენა მიხეილ ჯავახიშვილის უკვდავი რომანის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით შეიქმნა, რომლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. სპექტაკლმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა თავისი სცენური, მუსიკალური თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით. ხშირად მოქმედება ვითარდება ერთდროულად ორ განზომილებაში, რათა სრულად დავინახოთ რეალური სახე ორი განსხვავებული ერისა, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთის ტრადიციებთან და კულტურულ ღირებულებებთან.

„რეჟისორმა დასთან ერთად გადმოსცა ის ტკივილი, რაც ნებისმიერ ადამიანს, ოჯახს, თუ სახელმწიფოს შეიძლება განეცადა.  სპექტაკლი თავისი მხატვრული გაფორმებით მრავლის მთქმელია, რომელიც სიმბოლური ელემენტებითაა დატვირთული. ძალადობას ყველა ეპოქაში აქვს თავისი  დატვირთვა და განმეორებებიც ხდება. სპექტაკლის ფინალი განსხვავებულია, ჯაყო მარგოს მიერ განიგმირება, თუმცა იბადება ახალი ჯაყო, რაც ნიშნავს, რომ ძალადობა ძალადობით ვერ შეჩერდება“, -აღნიშნა თეატრის დირექტორმა ზაალ თედიაშვილმა.

რეჟისორისა და დასის თამამი ინტერპრეტაცია სამი მთავარი გმირის ირგვლივ ვითარდება. სამივე გმირი კონკრეტული ადამიანებიც არიან და სიმბოლოებიც. სპექტაკლში უცვლელად არის ასახული 20-30 წლების საზოგადოებრივ კულტურული მდგომარეობა და იმდროინდელი მოვლენები. სპექტაკლში რეალისტური ხერხების გამოყენებით არის დახატული თეიმურაზ ხევისთავის პერსონაჟი, რომელიც ახალ ცხოვრებასთან დიალოგს ვერ ახერხებს. თეატრალურ წარმოდგენაში ახალი ადამიანების მიერ ახალი წესრიგის მოთხოვნებიც ისმის. ამის დამადასტურებელი ისაა, რომ დადგმაში მარგოს ორი პერსონაჟი განასახიერებს, რითაც ფინალი განსხვავებულ დატვირთვას იძენს.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემ ასაკში რეჟისორმა ეს როლი მე მომანდო. სათქმელი ბევრია, ჩვენ გადმოვეცით ის, რისი თქმაც უნდოდა  მიხეილ ჯავახიშვილს, ახალგაზრდა მარგო არის ისეთი კდემამოსილი თავადის ქალი, რომელიც დარჩა ბოლომდე სუფთა და წმინდა. ასეთ მარგოში იგულისხმება დაუპყრობელი საქართველო, რომელიც მტერმა ვერ გატეხა, სწორედ ასეთი მარგო დახატა მწერალმა ნაწარმოებში, მეორე მარგო კი სპექტაკლში დაემსგავსა ვიზუალურად,  მანერებით და საქციელით ჯაყოს, არცერთი ფრაზა არ არის საიდანმე მოტანილი, ჯავახიშვილის დღიურებით ვისარგებლეთ. ის ზუსტად ასეთ მარგოზე და ასეთ ფინალზე ოცნებობდა. სპექტაკლით გვინდა უარი ვთქვათ  ძალადობაზე, ამ სპექტაკლით მთელი საქართველო მოვიარეთ თუმცა ასეთი   გულის ფანცქალი,  ოვაციები არსად ყოფილა, ბოლნისელმა მაყურებელმა გულთან მიიტანა რეჟისორის და დასის ნამუშევარი“, -აღნიშნა მარგოს როლის ერთ-ერთმა შემსრულებელმა ლელა მახნიაშვილმა. ჯაყოს როლის შემსრულებელმა რამაზ ხომასურიძემ აღნიშნა, რომ სპექტაკლში უფრო სიმბოლური და გლობალური სახეებია გამოსახული, ეროვნება არაფერ შუაშია და ეს თემა მომავალშიც აქტუალური იქნება. მისი აზრით, მიხეილ ჯავახიშვილი არ ამახვილებს ყურადღებას მარტო თავის კონკრეტულ სატკივარზე, სწორედ ამიტომ არის უკვდავი ეს ნაწარმოები. „ჯაყო არის სახე ბოროტებისა“,  უწერია ჯავახიშვილს უბის წიგნაკში.

აღსანიშნავია, რომ ივანე მაჩაბელის სახელობის სახელმწიფო თეატრი დევნილობაში იმყოფება,  მათ საკუთარი სასცენო სივრცე არ გააჩნიათ, თუმცა დასი აქტიურად დადის საგასტროლოდ საქართველოს ყველა კუთხეში. „აღარაფერი დაგვრჩენია, ყველაფერი დავკარგეთ, რომელსაც  ადვილად ვერ ვეგუებით, ჩვენი მიკროსამშობლო ჩვენი თეატრია“, -აცხადებს თეატრის დირექტორი.


Share.

Comments are closed.