წუღრუღაშენის მამათა მონასტერში სამეუფეო წირვას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო

0

12299344_1065859553475163_2429100912731121093_nმართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკაშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში, წირვა-ლოცვა აღესრულა. ბოლნისის ეპარქიაში სამეუფეო წირვა, XIII საუკუნის უძველეს წმინდა გიორგის სახელობის წუღრუღაშენის მამათა მონასტერში აღევლინა. ბოლნისს დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა. პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს გიორგობა სწორედ იმ ტაძრიდან მიულოცა, სადაც პირველად 35 წლის წინ, დედასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი მასპინძლობდნენ. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი დარეჯან ჩხეტიანი.
სამეუფეო მღვდელმსახურების შემდეგ, მეუფე ეფრემმა მრევლისთვის იქადა და დიდმოწამის ცხოვრებაზე ისაუბრა. ,,წმინდა გიორგი ქართველ ერს განსაკუთრებულად უყვარს, რადგან იგი სრულიად საქართველოს მფარველია“,- აღნიშნა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა.
დღესვე ბოლნელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ხელდასმით მღვდლად ეკურთხა მამა კონსტანტინე, რომელიც იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში საღვთო სჯულს ასწავლის.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მრევლს კიდევ ერთი სასიხარულო სიახლის შესახებ აუწყა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სახუნდარის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი იოანე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.
საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს მეუფე ეფრემმა საჩუქრად წუღრუღაშენის სურათი და ეპარქიის ჟურნალები გადასცა.
საპატიო სტუმრებმა დღესვე ბოლნისის სიონი და ელიას მთაზე მდებარე ახლადაშენებული წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარი მოილოცეს.

Share.

Comments are closed.