სასულიერო სკოლამ საშემოდგომო ღონისძიება გამართა

0

12235692_951621688260574_2098998855_oიოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლამ შემოდგომის ერთი მზიანი დღე ნამდვილ დღესასწაულად აქცია. ქართული ტრადიციებით და კერძებით, ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნომრებით, ხელნაკეთი ნივთებით და განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით წარსდგნენ სკოლის მოსწავლეები მოწვეული სტუმრების წინაშე.  რაჭა, აჭარა, კახეთი, იმერეთი, ხევსურეთი, აფხაზეთი, სვანეთი და სამეგრელო-აქ მთელი საქართველო იყო, მთელი ბრწყინვალებით და სიდიადით ყველამ თავისი კულტურა და ტრადიცია კიდევ ერთხელ შეახსენა  იქ თავმოყრილ საზოგადოებას.  სასულიერო სკოლამ შემოდგომის ფესტივალი ღია ცის ქვეშ   გამართა,  რწმენით, სტუმართმოყვარეობითა და ერთმანეთის სიყვარულით ხვდებოდნენ მასპინძლები სტუმრებს.  ყველასათვის მოუშუშებელმა ტკივილმა-აფხაზეთმა ღონისძიება უკვდავი დაისით გახსნა,  რამაც საღამო უფრო შთამბეჭდავი და ამაღელვებელი გახადა. პატარებმა ნამდვილი რთველი გამართეს, ყურძენიც დაწურეს და სტუმრებს მიწაში დაფლული ქვევრიდან ღვინოც დააგემოვნებინეს. ცხვებოდა აჭარული ხაჭაპური, სვანური კუბდარები, რაჭული ბაჭულები, დუღდა თათარა, შუაგულ ცეცხლზე იხარშებოდა ხევსურული ხინკალი, იწვებოდა კახური მწვადი, იქვე მეგრული ღომი მზადდებოდა და ამ ყველაფერს სკოლის აღსაზრდელები, პედაგოგებთან ერთად, სტუმრებისთვის ამზადებდნენ.

ღონისძიების დასასრულს,  მამა პეტრე კვარაცხელიამ მოსწავლეები დალოცა,  მხნეობა, სულიერება და ნიჭიერება უსურვა მათ.

,,ჩვენს სათქმელს ყოველთვის ლექსით, სიმღერით, ნიჭით, ინტელექტით და ცოდნით ვამბობთ. დღევანდელი დღე არ იყო მხოლოდ შემოდგომის ზეიმი, ეს იყო ქართული სულის ზეობა. ეს ღონისძიება თითოეულ ჩვენგანს დიდხანს გაჰყვება, როგორც სულიერი საგზური. გაწეული შრომისთვის მინდა მადლობა გადავუხადო აქ მოღვაწე პედაგოგებსა და მოსწავლეებს, დღევანდელი დღე ნამდვილად შედგა’’. აღნიშნა მამა პეტრე კვარაცხელიამ.

 ია სვანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

-მინდა მადლობა გადავუხადო სასულიერო სკოლას დღევანდელი ხვავიანი, ფერადოვანი, ლამაზი ღონისძიებისთვის. მათ გვამოგზაურეს საქართველოს კუთხეებში და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ჩვენი ქვეყნის უძველესი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. მადლობა მათ კიდევ ერთხელ.

12218099_951621708260572_914085147_o 12218913_951621668260576_769477039_o 12218966_951621711593905_201412218_o 12227390_951621658260577_786657767_o 12235692_951621688260574_2098998855_o 12236676_951621641593912_1687344858_o


Share.

Comments are closed.