პროფესიონალი
„ძნელი ყოფილა სიბერე, თუმცა არაფერს ვნანობ, ბედნიერი კაცი დავბერდი, საყვარელ საქმეს ვაკეთებ მთელი ცხოვრება, მყავს სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი, მდიდარი კაცი ვარ. მხოლოდ ერთს ვნატრობ, ხალხი იყოს ბედნიერი“, -ამბობს 75 წლის პენსიონერი, ქუდების მკერავი შერმადინ სააკიანი და ღიმილით მეპატიჟება თავის მყუდრო და პატარა სახელოსნოში, სადაც 25 წლის მანძილზე არაფერი შეუცვლია, ძველი ხის დაზგა, „ზინგერის“ ფირმის საკერავი მანქანა, უამრავი ყალიბი ქუდებისთვის, უთო, რომელიც წლოვანებით პატრონზე დიდია და ქუდების ფერადი კოლექცია.
ჭაღარა მექუდის სათითე წამოგებული, დაკოჟრილი ხელები ბევრ რამეს ამბობს, ჩემი მისვლა ძალიან გაუხარდა, მაგრამ საყვარელი საქმე მაინც არ მიატოვა და ასე ვაგრძელებთ საუბარს.
-რამდენი წელია რაც ქუდებს კერავთ, ბატონო შერმადინ?
-ორმოცდათვრამეტი შვილო.
-რამდენი ქუდი გაქვთ შეკერილი, თუ დაგითვლიათ?
-უამრავი, რა დათვლიდა.
-რა ღირს ერთი ქუდი?
-5-დან 7 ლარამდე.
-რამდენს ყიდით დღეში?
-(ეცინება) დღეში? კვირაში ერთს თუ გავყიდი, ესე იგი კარგი კვირა მქონდა.
-რატომ არ იყიდება, როგორ ფიქრობთ?
-აღარ მოსწონთ მოდელი, მოხუცები აღარ არიან, ყველა იხოცება, ეს რა დრო მოვიდა კაცო.
-ახალგაზრდული შეკერეთ, თანამედროვე.
-არა, მსურველი არაა, არცერთი ახალგაზრდა არ შემოსულა აქ ჯერ, თქვენ თუ არ ჩაგთვლით.
-იქნებ არ იციან აქ რომ მუშაობთ?
-როგორ არა, საკუთარ შვილიშვილებს არ მოსწონთ ჩემი ხელობა და სხვას რა მოვთხოვო?
-რატომ, არ უნდათ გააგრძელონ ეს საქმე?
-არა, იცინიან, ეგ ქალის საქმეაო.
–თქვენ თვლით რომ ქალის საქმეა?
-რას ამბობთ, მე მამაჩემის საქმეს ვაგრძელებ, ისიც მკერავი იყო, ამ საქმით არჩენდა ოჯახს. ადრე შვიდი მექუდე ვიყავით ბოლნისში, ახლა მხოლოდ მე შემოვრჩი.
-წავიდნენ ბოლნისიდან?
-საზღვრების გახსნამ ბევრი გააქცია აქედან, კი, წავიდნენ, ყველა მკერავი კაცი იყო. ჩემი აზრით კაცი უფრო კარგად კერავს. დღეს დიზაინერებს რომ ეძახიან, ეგენიც მკერავი „პარტნოები“ არიან.
-ვის იცნობთ კაც დიზაინერს?
-ავთანდილი ჰქვია, გვარი არ მახსოვს, გოგოები გიჟდებიან მაგ მკერავზე ეგრე არაა?
-კი, ნამდვილად კარგი დიზაინერია, ცქვიტინიძეა გვარად.
-ჰო გამახსენდა.
-მოსწავლეები თუ გყოლიათ ოდესმე?
-კი, ორი მოსწავლე მყავდა. მამებმა მომაბარეს, იარეს, ისწავლეს, მაგრამ მაინც „შოფრებად“ დაიწყეს მუშაობა. კერვა ნერვიული ხელობაა, მთელი დღე ზიხარ და ნემსთან გაქვს საქმე, თუ არ გიყვარს ეს ხელობა, ვერ შეკერავ.
– რას ფიქრობთ დღევანდელ ახალგაზრდობაზე?
-ზარმაცები არიან, მუშაობა არ უყვართ, არც მთავრობა მომწონს, პენსია ცოტაა, წამალიც გაძვირდა.
-პრეზიდენტი რომ იყოთ, რას გააკეთებდი?
-ბევრ რამეს. ხალხს შევუმსუბუქებდი ყოფას, პენსიას გავზრდიდი, სინათლის, გაზის, წყლის გადასახადებს გავაუქმებდი, შევქმნიდი „ზავოდებს“, სადაც ქუჩაში მდგარი ახალგაზრდები დასაქმდებოდნენ. გალოთდნენ ახალგაზრდები. უსაქმურობას დალევა მოსდევს, მერე საქმის გარჩევა და ცემა-ტყეპა.
-თქვენი ოცნება რა არის?
-ხალხი ბედნიერი იყოს.
-რაზე ბრაზდებით?
-უსაქმოდ თუ ვზივარ და ვერაფერს ვყიდი, მაშინ ვბრაზდები.
-მთელი ინტერვიუს განმავლობაში კერავთ, შეკვეთა გაქვთ?
– არა, რაღაც ხო უნდა ვაკეთო, სახლში ვერ ვჩერდები, რადგან უსაქმურობით ავად გავხდები, აქ მირჩევნია ვკერო, თუნდაც არ გაიყიდოს.
-და ბოლოს, რას ეტყოდით მომავალ თაობას?
-მინდა დავლოცო ყველა ახალგაზრდა, ვუთხრა, რომ დაიბრუნონ ის ძველი ხელობა, რაც უკვე კარგადაა დავიწყებული. იშრომონ პატიოსანი შრომა აუცილებლად გამოიღებს სიკეთის ნაყოფს. მადლობა შვილო, გამახარე შენი სტუმრობით, მოხუცი კი ვარ, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია, რომ ვიღაცას დავჭირდი და ჩემზე უნდა დაწერონ. სიბერეში გაზეთშიც ვიქნები. დალოცვილები იყავით ყველა.
დარეჯან ოქრუაშვილი