ბოლნისში პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

0

12227920_773236126139338_277307429_o,,დღევანდელი ღონისძიება იყო წმინდა მსახურების გაგრძელება,”- ასე შეფასდა საღამო, რომელიც წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლამ პოეტ მანანა ჩიტიშვილის იუბილეს მიუძღვნა.
,,პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ასი ათასი მოწამის ხსენების დღე. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბოლნისის ეპარქიას ესტუმრა არაჩვეულებრივი პოეტი მანანა ჩიტიშვილი. მისი შემოქმედებიდან გამომდინარე ეს საღამო წმინდა მსახურების გაგრძელება იყო. მართლაც საოცარი გრძნობით იყო გადმოცემული მის პოეზიაში ღვთისა და ერის სიყვარული. ვულოცავ ქალბატონ მანანას დაბადების დღეს, მან ეს დღე ჩვენ მოგვიძღვნა საჩუქრად, ღმერთმა ქნას, რომ კიდევ მრავალი ლექსი შობილიყოს მისი წმინდა გულიდან,’’-  განაცხადა bolnisi.ge-სთან მეუფე ეფრემმა.
პოეტის თქმით, მისი თითოეული ლექსი ლოცვად აღვლენილი პოეზიაა, სწორედ უფლისა და სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით სავსე ლექსები სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა ერთ სივრცეში გააერთიანეს და ულამაზესი ღონისძიება წარმოადგინეს.
მანანა ჩიტიშვილმა ლექსების წერა 1972 წლიდან დაიწყო, ამჟამად 8 წიგნის ავტორი და ექვსი ლიტერატურული პრემიის მფლობელია. მისი არა ერთი ლექსი სასკოლო სახელმძღვანელოებშია შესული.
,, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რამდენი წიგნის და პრემიის მფლობელი ვიქნები, მთავარია ის სიყვარული, რომელიც დღეს აქ ვიგრძენი. ჩემს ლექსებს სწავლობენ სკოლის მოსწავლეები, მოსწონთ და სიამოვნებით კითხულობენ მათ, პოეტისთვის კი ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩემი დაბადების დღე და ასი ათასი მოწამის ხსენების დღე ამ ულამაზეს ძირძველ მიწაზე თქვენთან ერთად აღვნიშნე. არა ჩვეულებრივი წუთები მაჩუქეს ამ ბავშვებმა, დამსწრე საზოგადოებამ და ორგანიზატორებმა, რისვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს,”- აღნიშნა იუბილარმა პოეტმა.
სკოლის მოსწავლეების შემდეგ ავტორმა საკუთარი ლექსები წაიკითხა და მათი შექმნის ისტორიაზეც ისაუბრა. ღონისძიების დასასრულს პოეტს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მასთან ერთად სურათები გადაიღეს.
სასულიერო სკოლა ქართველ პოეტებთან შეხვედრას სამომავლოდაც აპირებს, სკოლა 16 დეკემბერს ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებით საღამოს მოაწყობს.


Share.

Comments are closed.