ბოლნისში მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა

0

10644679_1610273919218136_1995048491683894164_oმუსიკალური ფესტივალი სახელწოდებით „ერთი ცის ქვეშ“ ბოლნისის კულტურის სახლში დასკვნითი კონცერტით დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები. დასკვნით კონცერტზე სხვადასხვა სახის 22 საკონცერტო ნომერი შესრულდა. მონაწილეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

„მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ უკვე რვა წელია ხორციელდება, მის ფარგლებში რიგით მეთორმეტე კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ  სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან. ეს არის სამთავრობო ფესტივალი, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით ხორციელდება, შემდეგ წლებში მასში ჩავრთავთ არა მარტო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ მოსახლეობას, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მანანა ალფაიძემ. მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ – კულტურათა დიალოგი“ საქართველოს გაეროს ასოციაციის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში ტარდება. ფესტივალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  სპორტისა და ახალგაზრდების საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

„ჩვენ ყოველ წელს სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას  ფესტივალის ორგანიზებაში. სასიამოვნოა როდესაც სხვადასხვა ეროვნების თუ ეთნიკური წარმომადგენლობის ბავშვები ერთად მღერიან და ცეკვავენ. ჩვენი აზრით ეს ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საქართველოში“, -განაცხადა საქართველოს გაეროს ასოციაციის მედია კოორდინატორმა მაკა ჩიჩუამ.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ბავშვების ინტეგრაციას ქვეყნის საერთო კულტურულ სივრცესთან, კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას და მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებას.


Share.

Leave A Reply