არა ტერორიზმს, მშვიდობა მსოფლიოში! ამ შეძახილებითა და დროშებით №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ. საფრანგეთის დროშასთან სიმბოლურად ყვავილები დააწყვეს, სანთლები აანთეს და სოლიდარობა გამოუცხადეს ფრანგ ხალხს.
ლია ხურცილავა, პედაგოგი:
-ამ აქციის საშუალებით გვინდა ვთქვათ, რომ მშვიდობა აუცილებელია ქვეყანაზე. პროტესტს ვუცხადებთ ტერორიზმს, რომელსაც უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე ეწირება, რაც აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.მომავალმა თაობამ კი პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს და იცოდეს მშვიდობის ფასი. თუ ყველა ბავშვი ამ სულისკვეთებით აღიზრდება, დარწმუნებული ვარ ომი აღარასდროს იქნება. დღეს კი ჩვენი სკოლის ბავშვები თანადგომას უცხადებენ ფრანგ ხალხს.
კარინა დევნოზაშვილი, პედაგოგი:
-აქციის ჩატარების ინიციატივა უშუალოდ ბავშვებიდან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პედაგოგიურ მუშაობას უკვალოდ არ ჩაუვლია. დღევანდელ დღეს ვუერთდებით მსოფლიოს იმ მოძრაობას, რომელიც უარს უცხადებს ტერორიზმს. გამოვხატეთ პროტესტი აგრესიის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად ექვსი ტერაქტი მოხდა, შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს. ტერაქტს 153 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებუთა რაოდენობამ კი ორასს გადააჭარბა.