ბოლნისის „ყოჩების” აღზრდილი გლაზგო „უორიორზის” მოთამაშეა!

0
mamukaბოლნისის “ყოჩების” აღზრდილი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი, “კელტების ლიგის”, იგივე პრო 12-ის შოტლანდიური კლუბის, “გლაზგო უორიორზის” მოთამაშე გახდა.
25 წლის მორაგბეს გასული სეზონი ბოლნისის “ყოჩებში” უნდა დაეწყო, მაგრამ მოულოდნელად ინგლისის პრემიერშიპის “სეილ შარქსში” ამოყო თავი. უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა სეზონმა მისი შესაძლებლობები ერთი-ორად აამაღლა და ცხადი იყო, რომ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, კარიერას რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბში გააგრძელებდა. რაგბის უმთავრეს ფორუმზე მან ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ახალ ზელანდიასთან ჯახში საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის სამ პრეტენდენტთა შორისაც მოხვდა.
გასულ კვირაში მამუკაშვილი გლაზგოში ჩავიდა, მაგრამ სამუშაო ვიზა დაგვიანდა და კონტრაქტის ხელმოწერაც ამის გამო დაგვიანდა. შედეგად, ახალ გუნდში მისი დებიუტი გადაიდო (“უორიორსმა” კარდიფში “ბლუზი” 35:30 დაამარცხა), დღეს კი, მამუკამ გლაზგოელებთან სეზონის ბოლოს გააფორმა კონტრაქტი და 14 ნოემბერს ჩემპიონთა თასის პირველ ტურში, პარიზში, დავით ხინჩაგიშვილის “რასინგთან” “უორიორზში” მისი დებიუტი შედგება.
მამუკაშვილს “ბორჯღალოსნების” მაისურით 2011 წლიდან დღემდე 35 თამაში აქვს ჩატარებული და 3 ლელო გაიტანა. მსოფლიო თასის გარდა, ის სამოასთან და იაპონიასთან ისტორიულ გამარჯვებებშიც იღებდა მონაწილეობას და აზიელებს ლელოც გაუტანა. ბოლნისის “ყოჩები”, მისი ხელმძღვანელობა, თითოეული მოთამაშე და გულშემატკივარი, მამუკაშვილს წარმატებულ სეზონს უსურვებს!
Share.

Comments are closed.