ამჯერადაც მხოლოდ პრემია

0
12227012_450658411802910_5791114818255908459_nბოლნისის “ყოჩებმა” თბილისის “არმიას” სამი ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ორი გაუშვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა და ბოლო წუთზე ისღა მოახერხა, რომ სანუგეშოდ ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა.
ერთი კვირის წინ “ლელო-სარასენსთან” 15-ქულიანი უპირატესობის დასკვნით 10 წუთში განიავების შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ გუნდი მობილიზებას შეძლებდა და ქვედა ოთხეულის გუნდთან ფავორიტობას დაამატკიცებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამ თამაშშიც ტერიტორია ბოლნისელთა მხარეს იყო, შეიქმნა მომენტებიც, მაგრამ უამრავმა შეცდომამ მათი გამოყენების საშუალება არ მოგვცა და კიდევ ორი შეცდომა, ორ მიღებულ ლელოში აისახა. კვლავ არ ივარგა სტატიკამ და ფაქტობრივად, ყველა შერკინება მეტოქის სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმით დასრულდა, არადა, წესით “ყოჩების” შერკინება ასეთი სუსტი სულაც არაა.
მოკლედ, გუნდს აკლია რაღაცა, რამაც წარმატებამდე უნდა მიიყვანოს. უწინარესად, ესაა შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია გამოფხიზლება. გუნდს თითქოს აკლია მობილიზება, თამაშების მოგებას ძალის მინიმალური დანახარჯებით ცდილობს, ასე კი, მხოლოდ პრემიალური ქულის აღება ხერხდება. საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ რეგულარული გათამაშების ნახევარია გასული, გუნდი საპლეიოფო ექვსეულში ასეთი თამაშის ფონზეც დამკვიდრდა, გადამწყვეტ ბრძოლებამდე დიდი დროა და მობილიზების და შეცდომების გამოსწორების შემთხვევაში, “ყოჩებს” ნამდვილად შეუძლია მთავარი პრიზისთვის ბრძოლა.
“შევერდენზე” გამართულ მატჩზე დიდი გავლენა იქონია ძლიერმა ქარმა. სწორედ ამის შედეგია მატჩის დებიუტში თემო სოხაძეს ჯარიმა რომ გაუცუდდა, მერე კი, გუნდს 2 წუთის ინტერვალით ორი უბედურება დაატყდა თავს – ჯერ იყო და უწყინარ სიტუაციაში რეფერიმ ბაჩანა გოგიშვილი გაასინბინა, მერე კი, ნიკა ჩხიკვაძემ ფეხი იტკინა და მწვრთნელებს იძულებითი ცვლილების და გადაადგილებების განხორციელება მოუხდათ. ამას მე-12 წუთზე შერკინებაში დაჯარიმება მოყვა და ბექა ურჯუკაშვილმა ანგარიში გახსნა. კაცნაკლულმა “ყოჩებმა” კარგი შეტევა წამოიწყეს, მოედანზე დროებით შესულმა გიორგი ხოსიტაშვილმამეტოქეს მოლში ამოაცალა ბურთი, მარცხნიდან ალექსი ხუციშვილმა შეუტია, ცენტრში იმ დღეს განსაკუთრებით კარგად მოთამაშე მიხეილ გაჩეჩილაძემ გაჭრა ხაზი, მარჯვნიდან კი, რატო ურუშაძემ ლელოზე სანდრო ნიჟარაძე დაგეზა, მაგრამმსაჯებმა წინპასი დააფიქსირეს და ჯარიმის უპირატესობა დააბრუნეს, რომელიც სოხაძემ 3 ქულად აქცია – 3:3.
სათამაშო უპირატესობას “ყოჩები” დაეუფლა და თითქოს ლელოც მომწიფდა, მაგრამ ყურადღების გაფანტვამ უკუშედეგი მოგვცა. “არმიამ” ცენტრალურ ხაზთან დანიშნული ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, ლევან გოგოლაშვილზე ერთბაშად სამი შემტევი გავიდა და გიორგი აფციაურმა ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და შეხვედრა რომ განახლდა არეული თამაში გაჩაღდა. ამით კარგად ისარგებლა გიორგი ხარშილაძემ, ვინაც ბურთს ორჯერ წაკრა ფეხი და საფეხბურთო სტილში დაწყებული იერიში ლელოთი დაასრულა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით ბოლნისელები დააწინაურა – 10:8.
აქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. სანამ სოხაძე გარდასახვას დაარტყამდე, როგორც ჩანს, როხვაძემ მსაჯს შეაგინა და სინბინში მოუწია წასვლა, თამაში კი, ცენტრში დანიშნული ჯარიმით განახლდა. სოხაძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა და მიზანმა ოდნავ უმტყუნა. ყველაფერი იქით მიდიოდა, ტაიმს ბოლნისელები 2 ქულით მოიგებდნენ, მაგრამ უწყინარ სიტუაციაში, საკუთარი ლელოდან 7-8 მეტრში მეტოქეს შერკინება აჩიქეს, იქიდან ლელო მიიღეს და გარდასახვის შემდეგ შესვენებაზე 5-ქულიანი ჩამორჩენით (10:15) გავიდნენ.
მეორე ტაიმში ქარი უკვე “არმიას” სასარგებლოდ ქროდა და ამან “ყოჩების” საქმე გაართულა, რადგან ფეხით თამაში იძულების წესით შეიზღუდა. თავის მხრივ, ურჯუკაშვილმა ჯარიმა 52 მეტრიდანაც ზუსტად დაარტყა და 47-ე წუთზე არმიელთა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. უპირატესობა მაინც ბოლნისელების მხარეს იყო და 55-ე წუთზე ლელოს გატანა სავალდებულო იყო, მაგრამ ჯერ ბურთის ხაზზე გაშლა დაგვიანდა და როცა ეს შესრულდა, ბოლო პასი არ გაკეთდა და მეტობა გამოუყენებელი დარჩა. აქ საქმეში ნერვებიც ჩაერთო, ლაპარაკისთვის აუტი ჯარიმად იქცა, მერე ის 10 მეტრით გადაიწია და ურჯუკაშვილს გატანა აღარ გაუჭირდა.
მეტოქემ კიდევ ორჯერ შეძლო ცენტრალური ხაზის გადაკვეთა, ორივეჯერ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, აქედან ერთი დარტყმა ზუსტი იყო და 70-ე წუთისთვის ჩამორჩენა 14 ქულამდე გაიზარდა. ფრეზე თამაში შეიძლებოდა და “ყოჩები” მეტოქის 22-ში დასახლდა, მაგრამ ბოლო 5 მეტრის გავლა ვერ ხერხდებოდა. ეს 77-ე წუთზე ხუციშვილმა შეძლო, მაგრამ ლელოს არაზუსტი გარდასახვა მოყვა და ცხადი შეიქმნა, მიზნად 1 პრემიალური ქულაღა რჩებოდა. მით უმეტეს, რომ მატჩის განახლებისთანავე ურჯუკაშვილმა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა. ბოლნისელები არ დანებდნენ, ჯარიმის გათამაშების შემდეგ ლელოში ფლანგიდან ლევან გოგოლაშვილი შევიდა და “ყოჩები” 20:27 დამარცხდა, რითაც ის ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა.
ამრიგად, პირველ წრეს ბოლნისელები მე-6 ადგილზე ასრულებენ და ერთი თამაში აქვთ თადარიგში, მაგრამ მის გამართვამდე, მომავალი კვირიდან მეორე წრე დაიწყება.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. IX ტური
14 ნოემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) – არმია (თბილისი) 20:27 (10:15)
ყოჩები: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. სანდრო ნიჟარაძე (23. ირაკლი გეგენავა 45), 13. გიორგი ხარშილაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე (22. რატი გარუჩავა 62), 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემო სოხაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. ბაჩანა გოგიშვილი (18. გიორგი ხოსიტაშვილი 60), 2. გიორგი ჯაშიტაშვილი (17. გიორგი ცუცქირიძე 68), 3. ლევან შენგელია (16. ირაკლი სვანიძე 45), 4. მიხეილ არჩუაშვილი (19. დავით გრძელიშვილი 58), 5. რატი ურუშაძე (20. ჯაბა კიკვიძე 58), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე (21. ბექა გუგეშაშვილი 7).
3 ლელო: ხარშილაძე, ხუციშვილი, გოგოლაშვილი
1 გარდასახვა: სოხაძე
1 ჯარიმა: სოხაძე
1 სინბინი: გოგიშვილი
გუნდები              თ მ  ფ  წ      +/-      ქ   ბ
ჯიქი                     8  6  0  2  146:82  28  4
ბათუმი                 8  6  0  2  147:118  27  3
აია                        8  5  1  2  143:118  24  2
ლელო-სარასენსი 8  5  1  2  145:123  23  1
ლოკომოტივი       8  5  0  3  147:131  23  3
ყოჩები                  8  4  0  4  143:130  20  4
აკადემია               8  3  0  5    84:116  15  3
არმია                    9  2  1  6   171:211  14  4
ხარები                  8  2  0  6     87:147  10  2
არმაზი                 7  0  1  6    107:151    6  4
15 ნოემბერი
ბათუმი. გონიო. 13:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) – ჯიქი (გორი)
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) – ლელო-სარასენსი (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი
აია (ქუთაისი) – აკადემია (თბილისი)
რუსთავი. ახალი. 15:00 საათი
ხარები (რუსთავი) – არმაზი (თბილისი)

Share.

Comments are closed.