წითელმა ჯვარმა ახალი პროექტი დაიწყო

0

12179983_872937442820999_1048416160_n„ჩვენ გვახსოვხართ“, ასე ჰქვია პროექტს, რომლის პირველი ბენეფიციარი ყველა ბოლნისელისთვის  საყვარელი, თბილი, აქტიური, მუდამ მომღიმარი  მერი ყურაშვილი იყო. წითელმა ჯვარმა ქალბატონ მერის პროექტის ფარგლებში სიურპრიზი მოუწყო და დაბადების დღე მიულოცა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ  ისეთი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, აქტიურად ჩანდნენ საზოგადოებაში,  უყვარდათ და უყვართ ბოლნისელებს, თუმცა დღეს ისინი რატომღაც ჩრდილში არიან.  გადავწვიტეთ მოვიძიოთ ასეთი ადამიანები  და მოვუწყოთ სიურპრიზი. ასე ვაგრძნობინებთ, რომ ისინი  კვლავ გვახსოვს. პროექტი დავიწყეთ ოქტომბრიდან და რადგანაც ამ თვეში იუბილარია  ქალბატონი მერი ყურაშვილი, ამიტომ მოვიწვიეთ ის და მისი მეგობრები და მივულოცეთ დაბადების დღე“, -განაცხადა წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალის ხელმძღვანელმა დინარა პირველმა.

იუბილარს წითელი ჯვრის თანამშრომლები და მეგობრები ტორტითა და სიმღერით შეეგებნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.  საღამოს ღონისძიების სახე მიეცა. იუბილარმა მეგობრებს საკუთარი შემოქმედებიდან ახალი ლექსები წაუკითხა. საღამო ფეიერვერკით დასრულდა.

„უღრმესი მადლობა წითელ ჯვარს ასეთი  სიურპრიზისთვის, მივესალმები ამ წამოწყებას. უბედნიერესი ადამიანი ვარ დღეს, ვგრძნობ, რომ მართლა ვახსოვარ და ვუყვარვარ ბოლნისელებს,  მეგობრებს. დიდი მადლობა თქვენ, რომ ხართ ჩვენს გვერდით“,-განაცხადა bolnisi.ge-თან მერი ყურაშვილმა.

მერი ყურაშვილი 1946 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ ბოლნისში დაიბადა. დაამთავრა ბოლნისის რუსული საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. პროფესიით ფსიქოლოგმა და რუსული ენის პედაგოგმა მუშაობა №1 საბავშვო ბაღში დაიწყო. 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაბა კაზრეთის ბაგა-ბაღს, ექვსი წლის განმავლობაში რაიკავშირში მოადგილედ, შემდეგ კი მუზეუმში მეცნიერმუშაკად მუშაობდა. ასევე წლების განმავლობაში იყო ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი. მუშაობდა საგანმანათლებლო რესურსცენტრში მეთოდისტად. ამჟამად მუშაობს სოფელ დისველის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.


Share.

Comments are closed.