“ყოჩებმა” “ლოკომოტივი” მეორე ტაიმში გატეხა

0
12009708_445032869032131_1097026415274372813_nბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-7 ტურში თბილისის “ლოკომოტივი” დაამარცხა, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილამდე დაწინაურდა. გასათვალისწინებელია, რომ ქვემოქართლელებს წინ მყოფ გუნდებზე ერთით ნაკრები თამაში აქვს ჩატარებული და მისი მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილამდე აღზევდება!
ბოლნისელებს სატურნირო ცხრილის მეზობელთან, გუნდთან, რომელთანაც ბოლო ორ გათამაშებაში პლეი ოფის ეტაპზე დამარცხდნენ და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშნენ, ყველაფერი იდეალურად არ გამოუვიდათ, მაგრამ მეტოქეს აშკარად სჯაბნიდნენ და 24:17 დამსახურებულად გაიმარჯვეს. უბრალოდ, იღბალს რომ ზურგი არ ექცია და თემო სოხაძეს დანავსული დღე არ ჰქონოდა, ამ თამაშს “ყოჩები” პრემიალური ქულით მოიგებდა და ლიდერებს კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებდა.
სოხაძეს, რომელიც გასულ ჩემპიონატში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ყველამ იცის, რომ ჯარიმის გატანა პრაქტიკულად ყველა წერტილიდან შეუძლია, ამ თამაშში ოთხი 100%-იანი დარტყმა გაუცუდდა. გარდა ამისა, მას ტაქტიკური დარტყმებიც არ გამოუვიდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში თავისი მაღალი კლასი გამოავლინა, ფეხითვე იდეალური სალელოვე გადაცემა შეასრულა და ალექსი ხუციშვილს ლამაზი ლელო დაადებინა, რითაც დაშვებული შეცდომები გამოისყიდა.
თამაში ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს. ისინი სწრაფ, ხელდახელ თამაშს ცდილობდნენ და როცა ეს გამოსდიოდათ, საფრთხესაც ქმნიდნენ. შერკინებაში გადამწყვეტი უპირატესობა ვერავინ მოიპოვა, მაგრამ ოდნავ უკეთ მაინც “ყოჩები” გამოიყურებოდნენ. მატჩის დებიუტში ბოლნისელებმა თამაში გაშალეს, ხუციშვილმა კარგად შეუტია, 22-ის ხაზთან წარმოქმნილი რაქიდან ბურთი სოხაძეს მიუვიდა და საშუალო მანძილიდან არეკნით ანგარიში გახსნა. მე-12 წუთზე “ყოჩების” შერკინებამ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ დაახლოებით 20 მეტრიდან დარტყმა გაცუდდა. შერკინებამ მალევე ერთხელაც იმძლავრა, მაგრამ გასატანი პოზიციიდან თემოს მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა, ხოლო მე-19 წუთზე მან 22-ის ხაზიდან დაარტყა და ამჯერად ბურთი ძელმა აისხლიტა.
ამრიგად, ჩვენმა გუნდმა 12-ის ნაცვლად მხოლოდ 3-ქულიანი უპირატესობა მიიღო, რომელიც “ლოკომოტივმა” პირველივე შესაძლებლობისას, 26-ე წუთზე გაქვითა – ბექა წიკლაურმა 35 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ამას კვლავ ბოლნისელთა გააქტიურება მოყვა და სოხაძის ჯარიმა ამჯერად ზუსტი იყო, მაგრამ წიკლაურმა მალევე ჯარიმით ანგარიში კვლავ გაათანაბრა. ზედ შესვენების წინ რეფერიმ ბაჩანა გოგიშვილი გაასინბინა და “ყოჩები” მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ახლა წიკლაურს უმტყუნა მიზანმა და გაფუჭებულ ჯარიმას არაზუსტი არეკნი მოყვა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სოხაძემ და წიკლაურმა ჯარიმები გაცვალეს, მოედანზე გოგიშვილი რომ დაბრუნდა, “ყოჩებმა” 10-მდე ფაზა აკინძა, მაგრამ ბურთი ლელოდან 7-8 მეტრში დაიკარგა. მერე სოხაძეს კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ სამ წუთში წიკლაურმაც არაზუსტი დარტყმა შეასრულა. ამასობაში 62-ე წუთი მოვიდა, “ყოჩებს” ფლანგებზე ორჯერ ჰქონდა მეტობა, მაგრამ პასები არ გაკეთდა, თუმცა, ბოლნისელებმა დარტყმებით წითელ ზოლში შესვლა მოახერხეს, მერე საქმეში შეცვლაზე შესული გიორგი ხოსიტაშვილი ჩაერთო და ლელო გაიტანა, ხოლო სოხაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.
ამას წიკლაურმა კარის წინ 38 მეტრიდან ზუსტი ჯარიმით უპასუხა, სოხაძის დარტყმა ისევ არაზუსტი იყო, მაგრამ 73-ე წუთზე “ყოჩებმა” სათამაშო უპირატესობა მეორე ლელოდ გარდასახეს. მეტოქის 22-ში კარგად ითამაშა ჯაბა კიკვიძემ, ამით ბოლნისელებმა ჯარიმის უპირატესობა მიიღეს, მერე სოხაძემ ბურთი მარცხენა ფლანგზე, ლელოს ხაზთან ჩაკიდა, ხუციშვილი მცველს გადააფრინდა და წაქცეულმა ბურთი დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 21:12. აქ უკვე პრემიალურ ქულაზე თამაშის შანსი გაჩნდა, მაგრამ ბოლოს “ლოკომოტივმაც” გაიბრძოლა, ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და 78-ე წუთზე ზურაბ ძნელაძემ მიზანს უწია. გარდასახვა არაზუსტი იყო, თამაში რომ განახლდა, “ყოჩებმა” მეტოქის ნახევარზე კარგი დაცვა ითამაშა, ჯარიმა დაიმსახურა და სოხაძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 24:17.
ახლა “ყოჩები” 2 კვირა დაისვენებს და შემდეგი თამაშისთვის მოემზადება, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონ “ლელო-სარასენსთან” დიდ დიღომში გამართავს.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VII ტური
24 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) – ლოკომოტივი (თბილისი) 24:17 (6:6)
ყოჩები: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა (ნიკა ცირეკიძე 77), 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა (თორნიკე ცერცვაძე 68), 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემო სოხაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. ბაჩანა გოგიშვილი (გიორგი ხოსიტაშვილი 56), 2. ირაკლი სვანიძე (გიორგი ცუცქირიძე 77), 3. ლევან შენგელია (გიორგი ჯაშიტაშვილი 56), 4. მიხეილ არჩუაშვილი (რატი ურუშაძე 59), 5. დემურ ეფრემიძე (ჯაბა კიკვიძე 68), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე (ბექა გუგეშაშვილი 51).
2 ლელო: ხოსიტაშვილი, ხუციშვილი
1 გარდასახვა: სოხაძე
3 ჯარიმა: სოხაძე
1 არეკნი: სოხაძე
1 სინბინი: გოგიშვილი
თბილისი. “შევარდენი” 
არმაზი (თბილისი) – აკადემია (თბილისი) 6:20
გონიო
ბათუმი (ბათუმი) – ლელო-სარასენსი (თბილისი) 18:17
გუნდები              თ  მ  ფ  წ      +/-     ქ   ბ
ჯიქი                     6  6  0  0  133:65  26  2
ბათუმი                 7  5  0  2  111:96  22  2
ლელო-სარასენსი 7  4  1  2  117:99  19  1
ყოჩები                  6  4  0  2    99:75  18  2
აია                         6  3  1  2  108:92  16  2
ლოკომოტივი       6  3  0  3  116:106 15  3
აკადემია               7  3  0  4   75:106  14  2
არმია                    6  1  1  4  118:140  9  3
არმაზი                  5  0  1  4   73:106  4  2
ხარები                  6  0  0  6    66:131  2  2
25 ოქტომბერი
რუსთავი. 15:30 საათი
ხარები (რუსთავი) – არმია (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 15:30 საათი
აია (ქუთაისი) – ჯიქი (გორი)
kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი.
Share.

Comments are closed.