“ყოჩებმა” “აკადემიას” ბრძოლაში მოუგო

0
12140082_443271552541596_3129697642178406191_oბოლნისის “ყოჩებმა” “დიდი 10”-ის გათამაშებაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. უძლიერესთა შორის ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულ “აკადემიას” ქვემოქართლელებმა დაძაბულ ბრძოლაში 16:6 აჯობეს და 4 ქულა ჩაიწერეს, მაგრამ თამაშის ხარისხმა გულშემატკივრებში უკეთესის სურვილი დატოვა.
“ავჭალის” სარაგბო სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ამინდის შესაფერისი, მოსაწყენი თამაში იხილა, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი ის 4 ქულაა, რომელიც “ყოჩებმა” ჩაიწერა. იყო შეცდომები, რაღაც ისე ვერ აეწყო, როგორც დაგეგმილი იყო და სანახაობაც ამის გამო ვერ შედგა. არცთუ მაღალ ტემპში, მოთამაშეები გადაწყვეტილებების მიღებისას სცოდავდნენ და რამდენჯერმე არ გაკეთდა ის პასი, რომელსაც ლელო უნდა მოყოლოდა და მერე ალბათ თამაშიც გაიხსნებოდა.
მთელი 80 წუთის განმავლობაში სულ რამდენჯერმე შეიქმნა სალელოვე სიტუაცია და ყველა მათგანი “ყოჩების” ანგარიშზე მოდის, თუმცა, გამოყენება მხოლოდ ერთის მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს დარტყმები არ წაუვიდა “აკადემიელ” სოსო მათიაშვილს, თორემ სანერვიულო უფრო ბევრი იქნებოდა და მოგებაც გაჭირდებოდა.
მატჩის დებიუტში მისთვის უჩვეულო, 9 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ირაკლი გეგენავამ ითამაშა ფეხით კარგად და შედეგად, მეტოქის 22-ის ხაზთან ბოლნისელების დერეფანი მოეწყო, რამდენიმე დარტყმის შემდეგ თემო სოხაძემ 25 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. გადაწყვეტილებები ვახსენეთ და მე-9 წუთზე წონასწორობა იმის გამო აღსდგა, რომ ბოლნისელებმა საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ წამოიწყეს შეტევა, ჩახურვისთვის დაჯარიმდნენ და მათიაშვილმა იოლი 3 ქულა მიითვალა. ქვემოქართლელებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს, “ყოჩების” შერკინებამ მეტოქისა დაჯაბნა და სოხაძემ 40 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. ამას ისევ საკუთარი ნახევრიდან შეტევის მცდელობა და ჯარიმა მოყვა, მაგრამ დამრტყმელს მიზანმა უმტყუნა. შესვენებამდე მან კიდევ ორჯერ მიიღო შანსი, ეღტი გამოიყენა და ტაიმი 6:6 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში “აკადემიამ” ერთი ჯარუიმაც გააფუჭა, მერე ინიციატივას ბოლნისელები დაეუფლნენ და კარგადაც შეუტიეს, მაგრამ ლელომდე სულ ცოტა დააკლდათ. სოხაძეს ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ შემდეგ ჯერზე ზუსტი იყო და ანგარიში 9:6 გახადა. ამასობაში 63-ე წუთი მოვიდა და მატჩის ერთადერთი ლელო გავიდა. 5-მეტრა დერეფნიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი თორნიკე ცერცვაძემ მიიღო, რომელმაც ზედ კარის წინ ხაზი იოლად გაჭრა და გარდასახვა არც სოხაძეს გაჭირვებია. ლელოს გატანის შანსი მერეც იყო, მაგრამ მოთამაშეებმა პასებს ინდივიდუალურად თამაში არჩიეს, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ თამაში 16:6 დასრულდა.
ერთ კვირაში “ყოჩები” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ “ლოკომოტივს” ეთამაშება, რომელმაც “ბათუმს” 25:19 მოუგო.

 

kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი.


Share.

Comments are closed.