“ყოჩები” “ავჭალაზე” ბრუნდება

0
10484557_269312336604186_3068314782619537203_oბოლნისის “ყოჩები”, რომელიც “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე ბაზირებს, მიმდინარე სეზონში ამ არენაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
აქამდე ჩვენმა კლუბმა თბილისში, ოღონდ “შევარდენზე”, ერთი თამაში ჩაატარა და პირველი ტურის მატჩში “ჯიქთან” 12:17 დამარცხდა, მერე “არმაზთან” ჯახი გამოტოვა, განვლილი სამი თამაში კი ქუთაისში, რუსთავსა და გონიოში ჩაატარა. აქედან ერთში ბოლნისელები დამარცხდნენ (ქუთაისში “აიასთან” 10:21), რუსთავში “ხარებთან” (28:11) და გონიოში “ბათუმთან (9:3) კი გამარჯვებები მოიპოვა და ახლა წარმატებული სერია უნდა გააგრძელოს.
“ყოჩების” მეტოქე “დიდ 10”-ში დაბრუნებული თბილისის “აკადემიაა”, რომელმაც პირველი ოთხი თამაში კარგად ჩაატარა, ორი თამაში მოიგო (“ხარებთან” 16:8 და “არმიასთან” 15:12), ორში მცირედით დამარცხდა და პრემიალური ქულები აიღო (“ლელო-სარასენსთან” 6:9 და “ბათუმთან” 9:15), ერთი კვირის წინ კი, გორის “ჯიქთან” 3:40 შერცხვა. აღსანიშნავია, რომ აკადემიელებმა, რომლებიც მომავალ თამაშს მასპინძლის სტატუსით ატარებენ, ხუთივე შეხვედრა “ავჭალაზე” ჩაატარეს და მოცემული მომენტისთვის მინდვრის საფართანაც ალღო უკეთ ექნებათ აღებული.
სატურნირო ცხრილს თუ შევხედავთ, გუნდები 10-10 ქულით ერთმანეთის მეზობლად არიან, მაგრამ მეტოქეს ერთით მეტი თამაში აქვს ჩატარებული და პოტენციურად, “ყოჩები” მასზე წინაა. გარდა ამისა, ბოლო ორი თამაშის მოგება ცხადყოფს, რომ გუნდი ნელ-ნელა სასურველ ფორმაში შედის და ბოლნისელი გულშემატკივარიც წარმატებული სერიის გაგრძელების მოლოდინშია.
თბილისური თამაში 15:30 საათზე დაიწყება, რაც თბილისელ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლის საშუალებას აძლევს. საქმე ისაა, რომ მსოფლიო თასის მეოთხედფინალური ჯახი საფინალო სასტვენიდან დაახლოებით საათნახევარში დაიწყება და თბილისელ გულშემატკივარს ტელევიზორებთან მოკალათებისთვის საკმარისზე მეტი დრო ექნებათ.
“ყოჩები” ამ თამაშში ფავორიტია, მაგრამ არის გარკვეული სირთულეები. მართალია ბოლნისელებს მსოფლიო თასზე ნაკრებში მივლენილი მორაგბეები დაუბრუნდნენ, მაგრამ მათ დასვენებათ ჭირდებათ და განაცხადში არც გიორგი ბეგაძეა და არც ჯაბა ნრეგვაძე. რადგან 9 ნომერი გიორგი კაჭარავა ტრავმირებულია, ამ პოზიციაზე თამაში ირაკლი გეენავას მოუწევს, რომელიც ამპლუით გარემარბია. წინა მატჩთან შედარებით, გუნდში კიდევ რამდენიმე ცვლილებაა. ფულბეკად ლევან გოგოლაშვილი დადგება, რომელმაც ბათუმში ტრავმის გამო ვერ ითამაშა და ალექსი ხუციშვილი გარემარბად გადაინაცვლებს, მეორე გარემარბი ახლაც ნიკა ცირეკიძეა, ხოლო შუამარბების წყვილს – რატი გარუჩავას და გიორგი ხარშილაძეს თორნიკე ცერცვაძე და დავით ხიდეშელი ჩაანაცვლებს. ეს როტაციის პრინციპით მოხდა და განვლილ ტურში ახლანდელი ძირითადის მოთამაშეები “სკამზე” იჯდნენ, ხოლო ამჟამინდელი სათადარიგოები სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდნენ.
შერკინების პირველ ხაზში უცვლელად დარჩა ირაკლი სვანიძე, ბურჯები თემურ ჯინჭარაძე და გიორგი ჯაშიტაშვილი კი, ბაჩანა გოგიშვილმა და ლევან შენგელიამ ჩაანაცვლეს. მეორე ხაზში რატი ურუშაძეს ჯაბა კიკვიძის ნაცვლად ამჯერად დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზი ხელუხლებელი დარჩა.
მაშ ასე, 17 ოქტომბერს, 15:30 საათიდან “ყოჩები” “აკადემიას” ერკინება და გულშემატკივართან ერთად ზედიზედ მესამე გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება!
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VI ტური
17 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი
აკადემია (თბილისი) – ყოჩები (ბოლნისი) 
ყოჩები: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ნიკა ცირეკიძე, 13. დავით ხიდეშელი, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. ირაკლი გეგენავა; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. ირაკლი სვანიძე, 3. ლევან შენგელია, 4. რატი ურუშაძე, 5. დემურ ეფრემიძე, 6. მიხეილ გაჩეჩლაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ცუცქირიძე, 17. გიორგი ხოსიტაშვილი, 18. გიორგი ჯაშიტაშვილი, 19. ჯაბა კიკვიძე, 20. ბექა გუგეშაშვილი, 21. გიორგი ხარშილაძე, 22. რატი გარუჩავა, 23. სანდრო ნიჟარაძე.
თბილისი. დიდი დიღომი. 15:30 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) – ხარები (რუსთავი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:30 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) – ბათუმი (ბათუმი)
18 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი
არმია (თბილისი) – აია (ქუთაისი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:30 საათი
ჯიქი (გორი) – არმაზი (თბილისი)
გუნდები                თ  მ  ფ  წ    +/_     ქ  ბ
ჯიქი                       5  5  0  0 117:55 22 2
ბათუმი                  5  4  0  1  74:54  17  1
აია                         5  3  1  1  84:63  15  1
ლელო-სარასენსი  5  3  1  1  82:69  14  0
ლოკომოტივი        4  2  0  2  74:63  10  2
ყოჩები                  4  2  0  2  59:52  10  2
აკადემია               5  2  0  3  49:84  10  2
არმია                    5  0  1  4  89:116  5  3
არმაზი                 3  0  1  2  57:70    3  1
ხარები                 5  0  0  5  54:113  1  1
kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი.

Share.

Comments are closed.