სეზონის პირველი მოგება რუსთავთან

0
12074734_439552376246847_5647331950398515864_nბოლნისის “ყოჩების” შვიდმატჩიანი წაგებათა სერია დასრულდა. გუნდს ოთხი აპრილის შემდეგ გამარჯვება არ ეზეიმა, მას შემდეგ გასული ჩემპიონატის პლეი ოფის ორ, ზაფხულის ოთხთა ტურნირის სამ და მიმდინარე სეზონის ორ მატჩში დამარცხდა, ახლა კი, ეს მოჯადოებული წრე გაარღვია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ექვსი თვის წინ, დანავსული სერიის დაწყებამდე, “ყოჩებმა” რუსთავის “ხარები” დაამარცხა და ახლა ეს სერია სწორედ “ხარებთან” მატჩში შეწყვიტა.
ეს თამაში, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, ბოლნისურმა კლუბმა კარგად ჩაატარა, მეტოქეს თამაში გაუშალა და ლამაზი ლელობიც გაიტანა. ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. ლელოდან 25 მეტრში “ყოჩებმა” დერეფანი მოიგო და ფაზები აკინძა, მოკლე დარტყმებს თამაშის გაშლა მოსდევდა, ამან რუსთაველთა დაცვა მოარღვია, რატი ურუშაძემ ხაზი გაჭრა და ბურთი დავით ხიდეშელს გადააწოდა, რომელიც ორმა მცველმა ერთდროულად შებოჭა, თუმცა ლელოს მაინც მიწვდა. თემურ სოხაძემ გარდასახვა ძელს გაარტყა.
“ხარებს” სწრაფად შეეძლო 3 ქულის გაქვითა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გააცუდა. მე-18 წუთზე ცენტრის სიახლოვეს, “ყოჩების” ნახევარზე დანიშნული შერკინებიდან ბურთი ნიკა ჩხიკვაძემ გაიტანა და ის გიორგი კაჭარავას გაატანა, რომელმაც მანამდე შერკინებას შემოურბინა, მას კარგად მიყვნენ ლევან გოგოლაშვილი და ნიკე ცირეკიძე და ორი პასის შემდეგ ამ უკანასკნელმა დამუშავებული კომბინაცია 5 ქულად აქცია. გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო. მერე “ხარებმა” სცადა შერკინებიდან შეტევა, კაჭარავამ ბურთი ჩაჭრა და ფეხით ითამაშა, ორი “ყოჩი” ბურთს კარგად მიყვა და მეტოქეს ერთადერთი გზა დაუტოვეს – გვერდით ხაზს იქით გადასვლა. დერეფნის მოეგბის შემდეგ, რამდენიმე მოკლე დარტყმით შეტევამ ძელებისკენ გადაინაცვლა, მერე კაჭარავამ მიმართულება უცაბეთად შეცვალა, ბურთი კვლავ მარცხენა ფლანგზე გამოშალა, სოხაძემ ჩხიკვაძეს გრძელი გადაცემა გაუკეთა და ისიც ლელოში დაუცველ ალამთან შევიდა – 15:0 და კარგმა დასაწყისმა პრემიალური ქულის აღების მოლოდინიც გააჩინა.
ტაიმის დასკვნითმა 10-მა წუთმა ბოლნისელთა ნახევარზე გაიარა. “ხარებმა” 29-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ზედ შესვენების წინ რეფერიმ მიხეილ გაჩეჩილაძეს შუბურ ბოჭვაში დასდო ბრალი და სინბინში გაუშვა, ხოლო მასპინძლებმა 3 ქულა აიღეს და ტაიმი 6:15 დასრულდა.
მეორე ტაიმი პირველზე მძიმე გამოდგა. თამაში 5 წუთის განახლებული იყო, “ხარები” რომ დაჯარიმდა და სოხაძემ 38 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა ჩასვა – 6:18. ორიოდე წუთში რეფერიმ სინბინში კაჭარავა გაუშვა და “ყოჩები” 2 წუთით 13 კაცის ამარა დარჩა. ეს რუსთაველებმა გამოიყენეს, 5-მეტრა დერეფნიდან მოლი დააყენეს, მერე მას ორი მორაგბე მოწყდა და ლელოში შევიდნენ. გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა. “ხარებს” ჯარიმით ჩამორჩენის კიდევ უფრო შემცირების შანსი 54-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იხეირეს.
მატჩის მიწურულს ინიციატივა კვლავ “ყოჩების” მხარეს გადავიდა, სოხაძემ ბურთი მოკლეზე გადაიკიდა, მას გზა გადაუღობეს და დაზარალებულმა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. რადგან ინიციატივა ბოლნისელების მხარეს იყო და “ხარებსაც” შემთხვევითი ლელოთი მატჩის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა, დარჩენილი დრო “ყოჩებმა” მეტოქის 22-ში, ლელოზე თამაშში გაატარა. საწადელის მიღწევა 5-მეტრა დერეფნიდან სამჯერ ვერ მოხერხდა, ერთხელ ლელოს ხაზი გადაიკვეთა, მაგრამ მოლს რუსთაველები ჩაუწვნენ და ბურთის დამიწება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ბოლო წუთზე, 22-ის ხაზთან დერეფნის სუფთად მოგების შემდეგ, შეტევა ხაზზე გაიშალა, მასპინძლებმა პირველი ორი მიძალება შეაჩერეს, მერე ზედ ხაზთან რაქიდან გამოსული ბურთი შეცვლაზე შესულმა რატი გარუჩავამ მიიღო და გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა, ხოლო სოხაძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 28:11.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. IV ტური
3 ოქტომბერი
რუსთავი. ახალი. 
ხარები (რუსთავი) – ყოჩები (ბოლნისი) 11:28 (6:15)
ყოჩები (სასტარტო შემადგენლობა): 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. სანდრო ნიჟარაძე, 13. დავით ხიდეშელი, 12. გიორგი ხარშილაძე, 11. ნიკა ცირეკიძე, 10. თემო სოხაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. თემურ ჯინჭარაძე, 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ხოსიტაშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. რატი ურუშაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.
4 ლელო: ხიდეშელი, ცირეკიძე, ჩხიკვაძე, გარუჩავა
1 გარდასახვა: სოხაძე
2 ჯარიმა: სოხაძე
2 სინბინი: გაჩეჩილაძე, კაჭარავა
თბილისი. “ავჭალა”. 
არმია (თბილისი) – ჯიქი (გორი) 21:27
თბილისი. დიდი დიღომი. 
ლელო-სარასენსი (თბილისი) – არმაზი (თბილისი) 20:15
4 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 
აკადემია (თბილისი) – ბათუმი (ბათუმი) 9:15
თბილისი. “შევარდენი”. 
ლოკომოტივი (თბილისი) – აია (ქუთაისი) 16:18
გუნდები             თ  მ  ფ  წ    +/-    ქ     ბ
ჯიქი                    4  4  0  0  77:52  17   1
ბათუმი               4  4  0  0   71:45  16   0
აია                       4  3  0  1   73:52  13  1
ლელო-სარას.      4  3  0  1   71:58  12  0
აკადემია             4  2  0  2   46:44  10  2
ყოჩები                3  1  0  2   50:49   6   2
ლოკომოტივი     3   1  0  2   43:46  6   2
არმია                  4   0  0  4   65:92  3   3
არმაზი                2   0  0  2    33:46  1  1
ხარები                4   0   0  4    37:82  1  1
V ტური. 10-11 ოქტომბერი
ჯიქი – აკადემია; ბათუმი – ყოჩები; ხარები – ლოკომოტივი; აია – ლელო-სარასენსი; არმაზი – არმია
Share.

Comments are closed.