როგორ ზრუნავენ შინმოვლის სამსახურის თანამშრომლები ბოლნისელ მოხუცებზე

0

12168072_867166490064761_1251849886_nმეოთხე თვეა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შინმოვლის დიაკონური სამსახური ამოქმედდა და ათ უმწეო მოხუცზე ზრუნვა არაჩვეულებრივმა ქალბატონებმა ლონდა ახვლედიანმა და ფიქრია მინაშვილმა იტვირთეს.

საქართველოს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური განყოფილება, შინმოვლის ამბულატორიული მომსახურების პროგრამაზე შეთანხმდნენ და 2015 წლის მაისის თვეში მემორანდუმიც გააფორმეს. მემორანდუმის გაფორმებიდან მალევე მოხდა ისეთი მოხუცების მოძიება, რომლებიც საჭიროებდნენ აღნიშნულ სერვისს, აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტესობამ უარი განაცხადა მომსახურებაზე, ხოლო, ვინც მომსახურებით სარგებლობს, გულის ფანცქალით ელოდება იმ დღეს, როცა კარის ზღურბლზე ფიქრია და ლონდა გამოჩნდებიან.

„შვილო ესენი ჩემი უფრთო ანგელოზები არიან, ჩემი ნუგეშები. მადლობა ორივეს ასეთი სითბოსა და სიყვარულისთვის. კვირაში ორჯერ მოდიან, მაბანავებენ, მირეცხავენ, მილაგებენ სახლს, მიმზადებენ სადილს, მოაქვთ წამლები, მიხდიან გადასახადებს. როცა არ მოდიან, იმ დღეს მოვიწყენ ხოლმე. მინდა სულ ჩემთან იყვნენ, მაგრამ სხვებიც ხომ არიან მისახედები. წნევიანი ქალი ვარ ბებო, დიაბეტიანი, მარტოხელა. გათხოვილი ვიყავი, მაგრამ შვილი გარდამეცვალა და დავრჩი ასე ეულად. ყოველთვიურად 100 ლარის წამალი მინდა, დანარჩენ პენსიას კი ვანაწილებ და იმ პროდუქტებს ვყიდულობ, რაც თვიდან-თვემდე გამატანინებს თავს. სოციალურიც მქონდა, მაგრამ მომიხსნეს.  გავასაჩივრე და ველოდები პასუხს. გავიგე ბოლნისში ბევრ მოხუცს უთქვამს უარი ამ მომსახურებაზე, ნუ იტყვით უარს, შეუშვით თქვენს მარტოსულ ცხოვრებაში ეს საყვარელი ადამიანები, დამიჯერეთ, სიკეთის მეტი მათ არაფერი უნდათ. მადლობა მუნიციპალიტეტს, გერმანულ ეკლესიას ამ არაჩვეულებრივი მომსახურებისთვის. ეს უფლისგან გამოგზავნილი საჩუქარია“. -ამბობს 88 წლის ეთერ გახარია.

ლონდა ახვლედიანი, სოციალური მუშაკი:

-პროგრამულად ათი მოხუცი გვყავს მოსავლელი. თითოეულთან კვირაში ორჯერ გვიწევს მისვლა, თუმცა არიან ისეთებიც ვისთანაც 3-4-ჯერ მივდივართ.  ვაბანავებთ, ვუსუფთავებთ ბინას, ვუკეთებთ სადილს, ვაწვდით მედიკამენტებს, რომლებიც ჩვენს მომსახურებაში შედის, პირველად მედიკამენტებს ვგულისხმობ. ერთი სიტყვით, თუ რამე დახმარება ესაჭიროებათ, ყველაფერში ვეხმარებით.

ფიქრია მინაშვილი, სოციალური მუშაკი:

-ყოველდღიური აღრიცხვა გვაქვს და ყოველდღიურ ინფორმაციას ვაწვდით ზემდგომებს, თუ ვისთან ვიყავით, რა გავაკეთეთ და დამატებით რამე ხომ არ სჭირდება რომელიმეს.  ყველა მოხუცი კმაყოფილი და ბედნიერია მომსახურებით, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.

დარეჯან ოქრუაშვილი

Share.

Comments are closed.