როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარებას

0

12167967_867531360028274_1020440319_n

ბოლო დროს ქალაქში უპატრონო, მაწანწალა ძაღლების რაოდენობამ იმატა. მოსახლეობის თქმით ქუჩაში მოსიარულე ძაღლები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი სხვადასხვა დაავადებების მატარებელნი  არიან. მათივე თქმით, უპატრონო ცხოველებს ქალაქის ნებისმიერ ადგილზე წააწყდებით: ეს შეიძლება იყოს სადარბაზო, სკოლის ეზო, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და სწრაფი კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორია.

ქეთი ხვადაგიანი:

– ეს პრობლემა ძალიან მაწუხებს. მყავს წლინახევრის ბავშვი და ვცხოვრობ ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე, მაწანწალა ძაღლები  სადარბაზოში შემოდიან და კარებთან საფენზე სძინავთ, სცვივათ ბეწვი და  აბინძურებენ გარემოს.

ლია სულწაძე:

-კარგი იქნება ეს პრობლემა თუ მოგვარდება, უპატრონო ცხოველები სხვადასხვა დაავადების მატარებელნი არიან. ეზოში ბავშვების გაშვება შეუძლებელია. ძაღლებს ბუნკერიდან ნაგავი ამოაქვთ და იქაურობას აბინძურებენ. თან ძალიან საშიშები არიან.

ცირა მღვდელაძე:

-რამოდენიმე წლის წინ ჩემს პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა,  ამის მიზეზი უპატრონო, მაწანწალა ძაღლი იყო, რომელსაც ეზოში გამუდმებით სცვიოდა  ბეწვი და ტყავიც გადაქერცლილი ჰქონდა. ბავშვის მკურნალობა საკმაოდ ძვირი დამიჯდა.

ნათელა ჯაფარიძე:

-ძალიან მომრავლდნენ ქალაქში უპატრონო ძაღლები. განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი ძაღლი იწვევს, რომელსაც ალბათ კანის დაავადება აქვს, ეს საშიშია ჯანმრთელობისთვის. ვიცი, რომ ამ პრობლემის მოგვარება გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რა ვქნათ მოსახლეობამ.

რუზანა სარქისიანი:

– უპატრონო ძაღლები ძალიან მომრავლდნენ, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი პატარების ჯანმრთელობას. გთხოვთ მიიღოთ ზომები და იხსნათ ჩვენი შვილები სხვადასხვა ინფექციური დაავადებისაგან.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტმა  მიმდინარე წელს ცხოველთა დამცველი ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით არაერთხელ გამოაცხადა ტენდერი, სადაც არც ერთმა კომერციულმა სუბიექტმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.

„ეს პრობლემა მარტო ჩვენს მუნიციპალიტეტში არ დგას, წინა წლებში,  როდესაც ტენდერი ცხადდებოდა, ტენდერში გამარჯვებული პირი ახორციელებდა დაჭერილი ცხოველების განადგურებას. ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით გააქტიურდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ცხოველთა დამცველები, ისინი მკაცრად მოითხოვენ, რომ დაჭერილი ცხოველები თავშესაფარში მოხვდნენ, სწორედ ამიტომ არც ერთმა ინდმეწარმემ არ მიიღო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ არ გააჩნიათ თავშესაფარი. რაც შეეხება  თავშესაფარის მოწყობას, მუნიციპალიტეტს საკმაოდ ძვირი დაუჯდება – დაახლოებით 400 000 ლარი. მაშინ, როდესაც სოციალური საცხოვრისისათვის 300 000 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტმა ნახევარი მილიონი ლარი რომ ცხოველთა თავშესაფარის მოსაწყობად გამოყოს, რამხელა დარტყმას მიაყენებს ეს ბიუჯეტს, სწორი იქნება? მაწანწალა, უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მოწყობა, როდესაც ამდენ ადამიანს უჭირს და  ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება“.- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მოწყობა და შემდგომში იქ განთავსებული ცხოველების მოვლა-პატრონობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშრებული, მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გამოსავალს აუცილებლად იპოვიან.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დაავალა შესაბამის სამსახურებს საკითხის დამუშავება. გოგი მეშველიანის განცხადებით უნდა მოხდეს მაწანწალა ცხოველების კვლევა, სტერლიზაცია და მარკირება, ხოლო დაავადებული ძაღლები გადაყვანილი იქნან ბეიკერის ორმოში.

„სერიოზული პრობლემაა, აუცილებლად მოსაგვარებელია, მოსახლეობა შეწუხებულია, მათი კომფორტი და უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, ამიტომ პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, სხვა გზა არ გვაქვს, მოგვიწევს მნიშვნელოვანი დანახარჯის გაწევა ამ მიმართულებით,“- განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

როგორც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისში აცხადებენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ისინი მხოლოდ პატრონიან ძაღლებს უტარებენ ცოფის საწინააღმდეგო აცრას.

ა.ა.ი.პ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის მონაცემებით მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ძაღლის ნაკბენით ანტირაბიოლოგს   ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 253-მა ადამიანმა მიმართა, აქედან 37 ადამიანი მაწანწალა ძაღლის მიერ იყო დაკბენილი.

მარინა გავაშელი


Share.

Comments are closed.