მოხდება თუ არა 2016 წელს ტანძიის გაზიფიცირება და როდისთვის დასრულდება მუნიციპალიტეტის ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფა

0

news_48314რამდენიმე დღის წინ, სოფელ ტანძიაში გამგებლის წარმომადგენელმა იანა ბერიანმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფლის მაცხოვრებელთა ის პრობლემები წარუდგინა, რომელთა მოგვარებასაც მომავალ წელს ითხოვენ. ჩამონათვალს შორის სოფლის გაზიფიცირების საკითხიც იდგა. სოფელში, სადაც დღეის მონაცემებით 165 კომლი ცხოვრობს ბუნებრივი აირი არ არის.

საქართველოს მოსახლეობას ბუნებრივი აირით  SOCAR Georgia Gas-ი უზრუნველყოფს. კომპანია ქვეყნის გაზიფიკაციის პროგრამაში 2008 წლიდანაა ჩართული. შესაბამისად კითხვით, როდის მოხდება სოფელ ტანძიის გაზიფიცირება SOCAR Georgia Gas მივმართეთ.

„SOCAR Georgia Gas-ი საქართველოს გაზიფიცირებას ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის საფუძველზე ახორციელებს. გეგმას ენერგეტიკის სამინისტრო სამუშაო წლის პირველ კვარტალში ამტკიცებს. მიმდინარე წლის გაზიფიცირების გეგმაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ტანძია არ ზის. როდის მოხდება კონკრეტულად ამ სოფლის გაზიფიცირება ამ ეტაპზე არ ვიცით, რადგან 2016 წლის გეგმა სამინისტროსგან ჯერ არ მიგვიღია,”- განგვიცხადეს კომპანიაში.

გაზეთი „ბოლნისის” ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ  2016 წლის გეგმა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება მზად. შესაბამისად, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი იგეგმება თუ არა სოფელ ტანძიის ან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფლის გაზიფიცირება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის გეგმაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის არცერთი სოფელი არ არის.  მუნიციპალიტეტში იმედოვნებენ, რომ 2016 წლის ჩამონათვალში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები აუცილებლად მოხვდება.

„სოფელ ცურტავის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მივმართეთ „სოკარის“ წარმომადგენლებს და როგორც დაგვპირდნენ 2016 წელს აღნიშნულ სოფელში გადაიჭრება ბუნებრივი აირის პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლისთვის მუნიციპალიტეტი სრულად უნდა იყოს გაზიფიცირებული, ვფიქრობ „სოკარი“ ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც დაიწყებს საჭირო სამუშაოებს“, -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.

SOCAR Georgia Gas-ი გაზიფიკაციის პროგრამაში 2008 წლიდანაა ჩართული. პროგრამის პირველ ეტაპზე, რომელიც 2008 წლიდან 2013 წლებს მოიცავს, მთელი საქართველოს მასშტაბით 230 ქალაქი და სოფელი გაზიფიცირდა, აშენდა 3500 კმ გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში გაზგამანაწილებელ ქსელში 175 ათასი აბონენტი ჩაერთო.

გაზიფიკაციის პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კომპანია SOCAR Georgia Gas-ს შორის 2013 წელს გაფორმდა. მეორე ეტაპი 2013-2017 წლებს მოიცავს. 2014 წელს კი მთელი საქართველოს მასშტაბით 1100 კმ გაზსადენი აშენდა და 34 ათასი აბონენტი გაზიფიცირდა, რომელთა შორის იყო ბოლნისის რამდენიმე სოფელიც.

SOCAR Georgia Gas-ი მასშტაბურ გაზიფიკაციის პროექტს 2017 წელს დაასრულებს. შესაბამისად, ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით.

Share.

Comments are closed.