მალაღურაძის ლელო და ისტორიული შედეგი მსოფლიოზე

0
sayjvnte0pfyqbiime6aსაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე დასახული ამოცანა შეასრულა, ტონგას შემდეგ, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ნამიბიასთან მოიგო და თუ ტონგამ ახალი ზელანდია სასწაულებრივად არ დაამარცხა, მესამე ადგილით 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს ახლავე მოიპოვებს.
ნამიბიელებთან ქართველები უპირობო ფავორიტები იყვნენ და ეს სტატისტიკამაც დაადასტურა. ტერიტორიული უპირატესობა პროცენტული მაჩვენებლებით 69/31-ზე, ხოლო ბურთის ფლობისა 65/35-ზე იყო, ესეც ნამიბიელებმა დასკვნითი 15 წუთის ხარჯზე გამოასწორეს. “ბორჯღალოსნებმა” ბურთით ჯამში 554 მეტრი გაიარეს, მეტოქემ ორჯერ ნაკლები – 278. ინდივიდუალურად, მერაბ კვირიკაშვილმა 94 მეტრი მოიგო, ალექსანდრე თოდუამ 84, მერაბ შარიქაძემ 66, ხოლო თამაზ მჭედლიძემ 64. ნამიბიელთა ხაზი ქართველებმა სუფთად 11-ჯერ გაჭრეს (4 კვირიკაშვილი, 3 შარიქაძე, მალაღურაძე და მჭედლიძე 2-2), მეტოქემ მხოლოდ 2-ჯერ. 2-2 ოფლოუდია მამუკა გორგოძის, ლაშა ლომიძისა და თამაზ მჭედლიძის ანგარიშზე. “ბორჯღალოსნებმა” უპირატესობის ხაზი 52-ჯერ გადალახეს – 2,5-ჯერ მეტჯერ ვიდრე ნამიბიამ (20). ყველაზე მეტჯერ – 8-ჯერ ეს შარიქაძემ მოახერხა, 6-ჯერ გორგოძემ, 5-5-ჯერ კი გიორგი თხილაიშვილმა და დავით ზირაქაშვილმა. ქართველთაგან ყველაზე მეტი, 12 ბოჭვა ეკუთვნის. ორჯერ გაახერხა თერნოვერი დავით კაჭარავამ. დაუმატეთ ამას შერკინებასა და მოლში უდიდესი უპირატესობა: “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ყველა შერკინებაში მაგრად დაჯაბნეს და მოლით ორჯერ ატარეს 30-30 მეტრი. ამასთან, დაცვის მოლშიც ბრწყინვალედ გაისარჯნენ – მეტოქემ, რომელმაც ამ ხერხით ერთი ლელო ახალ ზელანდიას და ორი ტონგას გაუტანა, ქართველებთან ნახევარი მეტრიც ვერ გაიარა.
ყველაფერი ამის ფონზე, საბოლოო შედეგი – 17:16, ცოტა არ იყოს უხერხულად ჩანს, მაგრამ ამის მიზეზი ირლანდიელი რეფერის, ჯორჯ ქლენზის შეცდომებია, რომელმაც პირიქით დასანიშნი ჯარიმები ნამიბიელთა სასარგებლოდ დასტვინა და ქართველებს ორი ლელო გაუუქმა. თუმცა, არის მეორე მიზეზიც – უდიდესი პასუხისმგებლობამ “ბორჯღალოსანთა” რიგებში ნერვიულობა გამოიწვია, ტექნიკური და ტაქტიკური წუნი მრავლად შეგვემთხვა, მეტოქემ გვაჯობა ფეხით თამაშში და ამ ყველაფრის ერთიანობამ ქართველი გულშემატკივარი მაგრად ანერვიულა.
ბოლნისის “ყოჩების” აღზრდილი მორაგბეებიდან სრულად ითამაშეს დავით კაჭარავამ და ლაშა მალაღურაძემ, ჯაბა ბრეგვაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა შეცვალა, ტრავმირებული თანაგუნდელი 35-ე წუთზე ჩაანაცვლა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო გიორგი ბეგაძე შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა.
თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებს ოფიციალურად დაემშვიდა დავით ზირაქაშვილი, რომელმაც “ბორჯღალოსანთა” კვართი უკანასკნელად მოირგო, სასტვენის შემდეგ კი, თამაშში ბურთი ნამიბიამ შეიყვანა და არაფრისგან 3-ქულიანი ფორა მიიღო – კოტე მიქაუტაძემ მისი შემაგრება ვერ მოახერხა, ის წინ მდგომ გიორგი თხილაიშვილს შეეხო და თიენის კოცემ იოლი 3 ქულა აიღო. ქართველებს დაძაბულობა ეტყობოდათ და მცირედი შეცდომების ხარჯზე ნამიბია ქართველთა ნახევარზე დარჩა, მაგრამ არეკნი მიზანს მაგრად ასცდა. ამასობაში ქართველები აბურთავდნენ, უკანა ხაზი აამოქმედეს და აფრიკელთა კაპიტანმა, წამყვანმა მორაგბე ჟაკ ბერგერმა მერაბ შარიქაძე კი შებოჭა, მაგრამ დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა.
მე-10 წუთზე რეფერიმ პირველი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ნამიბიელებმა თავის 22-ში შერკინებიდან ბურთი კი გაიტანეს, მაგრამ მალაღურაძე ტინუს დიუ პლესს მიუხტა და ბურთი ხელიდან ამოუგდო, იერიში გიორგი ნემსაძემ და მამუკა გორგოძემ გააგრძელეს და ლელოში სანდრო თოდუა შეიჭრა, მაგრამ ტელე-რეფმა ყველანი დაგვაბრმავა და მალაღურაძეს ბურთი წინ გადაუვარდაო. ქართველთა სათამაშო უპირატესობის ფონზე, მე-17 წუთზე ნამიბიამ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და 6:0.
პასუხად ქართველებმა ხელდახელ შეუტიეს, იერიში კაჭარავამ წამოიწყო და კარგად იარა, მერე ნემსაძემ ხაზი გაჭრა და ბურთი სწრაფად გაიშალა, კვირიკაშვილმა შარიქაძე დაგეზა და ის ლელოდან 5 მეტრში შებოჭეს, პასის გაკეთება კი მეტოქემ არ აცალა და წესით ჯარიმა უნდა დანიშნულიყო, მაგრამ რეფერიმ წინპასი დაუსტვინა. 24-ე წუთზე ნჭედლიძის დაწყებული იერიში მალაღურაძემ, კოლელიშვილმა და კვირიკაშვილმა გააგრძელეს და თოდუას გრძელი პასით ლელოსკენ კაჭარავა გაიქცა, მაგრამ მიზნამდე 3 მეტრი რჩებოდა როდესაც ის აუტში გადაიყვანეს.
სამიოდე წუთში “ბორჯღალოსნების” მორიგი კარგი იერიში ნემიბიელებმა ბურთში ხელის განზრახ ჩარტყმით ერთხელაც შეაჩერეს, მაგრამ რეფერიმ ისევ სდუმდა და მოედანზე გაწევ-გამოწევა გაჩაღდა, რის შემდეგაც ირლანდიელმა უპირატესობა მეტოქეს მიანიჭა. მერე საქმეში ტელე-რეფი ჩაერთო და ჯაბა ბრეგვაძის გასინბინება მოითხოვა – ბურთის წამოღებისას მეტოქეს იდაყვი სახეში უთავაზა. მიუხედავად ამისა, 14-მა ქართველმა იქით შეუტია, ჯარიმა კარში არ დაარტყა და მოლით ლელოში შევიდა – ირლანდიელმა ტელე-რეფი არც მოითხოვა ისე დაასკვნა, ბურთი ვერ დაამიწეთო და მხოლოდ 5-მეტრა შერკინება დანიშნა. კიდევ ერთი შეტევისას მალაღურაძემ ფეხით მოკლეზე გადაიკიდა, ბურთი თავადვე აიღო, მაგრამ ფეხზე ვეღარ დარჩა და რეფერის წესების დარღვევა ამჯერადაც გამორჩა.
სულ ბოლოს ქართველები მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დაფუძნდნენ, მეტოქე რომ დაჯარიმდა დავით ზირაქაშვილმა ბურთი გაათამაშა და რამნდენიმე დარტყმის შემდეგ გორგოძე ლელოს გაიტანდა, მაგრამ ის ერთბაშად ორმა მეტოქემ ყელში შებოჭა და ბურჯი რაულ ლარსონი სინბინით დაისაჯა. ნამიბია შერკინებაში ქართველებს ვერ უძლებდა, ზედიზედ სამი ჯარიმის შემდეგ, წესით საჯარიმო ლელო ინიშნება, მაგრამ ქლენზის ეს წესი დაავიწყდა და სათადარიგო ბურჯი იოჰანეს კუცია გაასინბინა. შედეგად, შერკინებაში მიწოლა აიკრძალა, “ბორჯღალოსნებმა” ეს უპირატესობა დაკარგეს და გორგოძემ ვიტო კოლელიშვილს ლელო კი გაატანინა, მაგრამ წინპასი შეემთხვა და ტაიმი მე-10 (!) დამატებულ წუთზე 0:6 დასრულდა.
50-ე წუთზე ლელო მაინც გავიდა. დერეფნიდან წითელ ზოლში რამდენიმე დარტყმის შემდეგ, გორგოძე ვეღარავინ შეაჩერა. მან მსოფლიო თასებზე მესამე, ხოლო ნაკრების კვართით 26-ე ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახვით საქართველო პირველად დააწინაურა. თანაც, ამჯერად რეფერის მალაღურაძეზე მაღალი ბოჭვაც არ დაავიწყდა და რენალდო ბოთმა გაასინბინა. მალე მეორე ლელოც გავიდა. კარში დასარტყმელი ჯარიმა ისევ აუტში გაიგზავნა, დერეფნის მოგების შემდეგ თხილაიშვილმა კარგად შეუტია და წაქცეულმა მალაღურაძეს ბურთი ამოუგდო, რომელიც სისწრაფეში ზუსტად იქ გაჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო. მალაღურაძემ ხაზი გაჭრა და ლელოში შეხტა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახა. გარისკვად აღარ ღირდა და 65-ე წუთზე კვირიკავილმა უკვე ჯარიმა კარში დაარტყა – 17:6.
დასკვნითი წუთები ნამიბიის იყო, რომელმაც ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, მერე ქართველები არეულ თამაშში აიყოლია, ფეხით გადაკიდებების შედეგად კოცე ლელოს მიწვდა და რთული პოზიციიდან გარდასახვაც შეასრულა. 17:16 და სათამაშო კიდევ 5 წუთი რჩებოდა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” უჯარიმოდ გაძლეს, მერე მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, მოლით სამაგალითოდ, ამ მატჩში მეორედ 30 მეტრი იარეს და რადგან ჯარიმის უპირატესობა ჰქონდათ, მალაღურაძემ არეკნი სცადა. მან ვერ გაიტანა, რეფერის უპირატესობა დაავიწყდა და კიდევ კარგი, რომ ნამიბიელებმა შეტევის წამოწყება ვეღარ შეძლეს და საფინალო სასტვენმაც ქართველთა მძიმე გამარჯვება დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი: “ჩვენ დღეს ქართული რაგბის ისტორიის შექმნა მოვახერხეთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს 1 ქულით დაამარცხებ ოპონენტს თუ 20-ით. ამჟამად ჯგუფში იმ ადგილზე ვართ, რასაც ველოდით და თუ პოზიცია ხვალ საღამომდე შევინარჩუნეთ, ავტომატურ კვალიფიკაციასაც მოვიპოვებთ, რაც თავის მხრივ უამრავ მორიგ შესაძლებლობას გვპირდება. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ბინძური თამაში იყო, თუმცა მოგება მოვახერხეთ და ამით ვამაყობ”.
შალვა მამუკაშვილი: “საქართველო მსოფლიოში შერკინებითაა ცნობილი, ნამიბიის წინააღმდეგაც სწორედ ამ იარაღს ვიყენებდით, თუმცა ჯარიმები ავიღეთ. ასეთი მატჩები მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული და არა კარგი რაგბის თამაშზე”.
დავით კაჭარავა: “ჩვენს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მორიგი მსოფლიო თასისთვის უკვე გავლილი გვაქვს საკვალიფიკაციო ეტაპი. ახლა უკვე 2019 წლის მსოფლიოსთვის მომზადებაზე უნდა გადავეწყოთ”.
2015 წლის მსოფლიო თასი
გ ჯგუფი
7 ოქტომბერი
ექსეთერი. “სენდი პარკი”. 
საქართველო – ნამიბია 17:16 (0:6)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 75), 14. თამაზ მჭედლიძე (22. გიორგი აფციაური 43), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 65); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 35), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 57), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი 57), 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი (20. ლაშა ლომიძე 41), 8. მამუკა გორგოძე.
არ შესულა: 18. ანტონ ფეიქრიშვილი.
2 ლელო: გორგოძე, მალაღურაძე
2 გარდასახვა: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: ბრეგვაძე
ნამიბია: 15. კრეისანდერ ბოთა, 14. დევიდ ფილანდერი, 13. დანი ფან ვეიკი, 12. დარილ დე ლა ჰარპი, 11. რასელ ფან ვეიკი, 10. თიენის კოცე, 9. იუჯინ იანკისი; 1. ჯონი რედლინჰეისი, 2. ტორსტენ ფან იარსფელდი, 3. რაულ ლარსონი, 4. პიჯეი ფან ლილი, 5. ჩიუე უანივი, 6. ჟაკ ბერგერი (კაპ.), 7. ტინუს დიუ პლესი, 8. რენალდო ბოთმა.
სათადარიგოები: 16. ლუი ფდ ვესტჰეიზენი, 17. იაკო ენხელსი, 18. იოჰანეს კუცია, 19. ვიან კონრადი, 20. როან კიცჰოფი; 21. იოჰან ტრომპი, 22. დამიან სთივენსი, 23. ჰაინრიხ სმიტი.
1 ლელო: კოცე
1 გარდასახვა: კოცე
3 ჯარიმა: კოცე
3 სინბინი: ლარსონი, კუცია, ბოთმა
გუნდი                  თ  მ  ფ  წ      +/-      ქ   ბ
ახალი ზელანდია  3  3  0  0  127:40  14  2
არგენტინა             3  2  0  1  115:51  10  2
საქართველო         4  2  0  2   53:123   8  0
ტონგა                    3  1  0  2   61:83     6  2
ნამიბია                  3  0  0  3   51:110   1  1
9 ოქტომბერი 
ახალი ზელანდია – ტონგა
11 ოქტომბერი 
არგენტინა – ნამიბია
kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი.

Share.

Comments are closed.