კულტურის სახლში პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ პრეზენტაცია მოეწყო

0

12182047_870477856400291_180506054_n22 ოქტომბერს ბოლნისის კულტურის სახლში ქართულ-აზერბაიჯანული კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი პროგრამის „მრავალფეროვანი საქართველოს“ პრეზენტაცია მოეწყო, სკოლის მოსწავლეების ჩართულობის კუთხით ჩატარდა ვიქტორინა.

,,ეს არის ძალიან საინტერესო პროექტის ელექტრონული ვერსია, რომელიც დაეხმარება თითოეულ პედაგოგს სასწავლო პროცესში და ხელს შეუწყობს  არაქართველი ბავშვების ჩართულობასა და მათი შესაძლებლობების გამოვლენას. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ამ პრეზენტაციის მოწყობა ბოლნისში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოგი მეშველიანს. ვფიქრობ, რომ ეს საერთო თანადგომა წაადგება ქართველი და არაქართველი ბავშვების თანაცხოვრებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – განაცხადა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ია სვანიძემ.

აღნიშნული პროექტის  ფარგლებში მწერლებმა ანა კორძაია-სამადაშვილმა და ზურაბ ქარუმიძემ ბოლნისში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. ისაუბრეს ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობაზე. ინტეგრაციის რეჟიმში მწერლებმა დიალოგი გამართეს ადგილობრივ მკითხველებთან.   შეხვედრის დასასრულს მოეწყო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება.

„ეთნიკური უმცირესობების  მხარდაჭერა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა პროექტი,  „მრავალფეროვანი საქართველო“, რათა ახალგაზრდებისთვის გაგვეცნო ის ტენდენციები და პროცესები, რაც მიმდინარეობს თანამედროვე ხელოვნებაში. დღევანდელი შეხვედრა სამი ნაწილისგან შედგებოდა:  შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან. ფილმის ჩვენება და ელექტრონული საიტის პრეზენტაცია, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენაზე გაეცნონ ქართულ კულტურას, კინოს, თეატრს, ისტორიას, იმედი მაქვს,  ეს პროგრამა მოსწავლეებს დაეხმარება ცნობიერების ამაღლებაში. ვფიქრობ,  იქნება დიდი დაინტერესება და  ჩვენი სურვილია მომავალშიც განვახორციელოთ ასეთი ტიპის პროექტები. ვიქტორინაში გამარჯვებულებს საჩუქრად გადავეცით  წიგნები“, – განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირინა საგანელიძემ.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გ.ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამოდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა  სოფელ დიცში.


Share.

Comments are closed.