ესპუარების პირველი მოგება

0
12074591_443269429208475_1077605018038587372_nბოლნისის “ყოჩების” დუბლშემადგენლობამ, რომლის შემადგენლობაშიც უმეტესად სწორედ ბოლნისელი მორაგბეები თამაშობენ, ესპუარების მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
განვლილი სამი შეხვედრიდან ორში, გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ “ჯიქებთან” (8:9) და “ბათუმთან” (7:10) მცირედით დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულებს დასჯერდა, ახლა კი, საქმე ბოლომდე მიიყვანა.
თბილისის “აკადემიასთან” შეხვედრა “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და მეტოქე ლელოთი და ჯარიმით 8:0 დაწინაურდა, მაგრამ სტუმრები არ გატყდნენ და ბოლომდე ბრძოლამ შედეგი მოიტანა. პირველი ლელო ნიკა რეხვიაშვილმა მიითვალა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. მერე ბოლნისელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს, საკუთარი 22-იდან წამოწყებული იერიშისას ხაზი ნიკა რეხვიაშვილმა გაჭრა და კახა მახარაშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა – 14:8. მესამე ლელო ფლანგზე მიშიკო რეხვიაშვილმა მიითვალა და ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო. საფინალო სასტვენამდე “აკადემიამ” ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, რამაც “ყოჩებს” პრემიალურ ქულაზე თამაშის საშუალება არ მისცა და მატჩიც 19:13 დასრულდა.
ამ მოგებით ბოლნისურმა კლუბმა ბოლო ადგილს თავი დააღწია და 7-გუნდა ჯგუფში მე-5 ადგილამდე დაწინაურდა.

Share.

Comments are closed.